შვრია ბავშვის მენიუში

07-05-2023

შვრია შეგიძლიათ შესთავაზოთ პატარას მაშინვე, როგორც კი ის მზად იქნება მყარი საკვების დასაწყებად, რაც, ჩვეულებრივ, 6 თვის ასაკიდან ხდება. 

არის თუ არა შვრია სასარგებლო ჩვილებისთვის?

დიახ. შვრია გაჯერებულია ჯანსაღი ნახშირწყლებით და შეიცავს ბოჭკოს სპეციფიკურ ფორმას - ბეტა-გლუკანს, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა ნაწლავებისა და იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის. შვრია თუთიის, რკინის, მაგნიუმის და სელენის წყაროა და ასევე განსაკუთრებით მდიდარია ფიტონუტრიენტებით.

რამდენად დიდია შვრიის გადაცდენის რისკი ბავშვებში?

მოხარშული შვრია არ წარმოადგენს დახრჩობის განსაკუთრებულ რისკს, თუმცა თეორიულად, ნებისმიერ საკვების გადაცდენა არის შესაძლებელი. შვრიით დამზადებული ორცხობილების და გრანოლას შემთხვევაში ეს საშიშროება იზრდება. რისკის შესამცირებლად შესთავაზეთ პატარას ასაკისთვის შესაბამისი ზომის ნაჭრებად დაჭრილი ორცხობილა და წვრილად დაფქული გრანოლა.

შვრია, ბავშვთა კვება,

რამდენად ხშირია ალერგია შვრიის მიმართ?

შვრია არ წარმოადგენს ალერგიის ხშირ გამომწვევ მიზეზს, თუმცა მასზე შეიძლება დაფიქსირდეს უარყოფითი რეაქცია. გაითვალისწინეთ, რომ ბევრი საკვები, რომელიც მზადდება შვრიის გამოყენებით, მაგალითად, პური და სხვა ცომეული, ხშირად შეიცავს სხვა ალერგენებს, როგორიცაა რძის პროდუქტები, კვერცხი, თხილი და ხორბალი. შვრია და მისი პროდუქტები წარმოადგენს საკვების ცილებით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომის ერთ-ერთ გამომწვევს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც FPIES. FPIES არის დაგვიანებული ალერგიული რეაქცია საკვების ცილაზე, რომელიც იწვევს განმეორებითი ღებინების და დიარეის უეცარ დაწყებას საკვების მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. მკურნალობის გარეშე რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. საბედნიეროდ, შემთხვევების უმეტესობა მთლიანად ქრება ადრეულ ბავშვობაში. თუ ბავშვს აქვს ცელიაკია, აუცილებლად წაიკითხეთ პროდუქტის ეტიკეტი და აირჩიეთ სერტიფიცირებული უგლუტენო შვრია. მიუხედავად იმისა, რომ შვრია ბუნებრივად გლუტენს არ შეიცავს, ის ხშირად არის ჯვარედინად დაბინძურებული გლუტენის შემცველი სხვა მარცვლეულით (როგორიცაა ხორბალი, ქერი და ჭვავი).

შეიძლება თუ არა ჩვილი ბავშვისთვის შვრიის რძის მიღება?

არა. 12 თვემდე ბავშვმა ერთადერთი სითხე, რომელიც უნდა მიიღოს, დედის რძე ან ხელოვნური საკვებია. პირველი დაბადების დღის შემდეგ შეგიძლიათ შვრიის უშაქრო რძის შეთავაზება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ შვრიის რძე არ არის მცენარეული რძის ყველაზე სასარგებლო ვარიანტი - მაგალითად, სოიოს ან ბარდის რძე შეიცავს მეტ სასარგებლო საკვებ ნივთიერებას. მიუხედავად იმისა, რომ შვრიის რძე ხშირად გამდიდრებულია კალციუმით და D ვიტამინით, ის ძალიან მცირე რაოდენობის ცილას შეიცავს.

შვრია, ბავშვთა კვება,

დასაშვებია თუ არა ჩვილი ბავშვისთვის გრანოლას შეთავაზება?

დიახ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გრანოლა არ შეიცავს თაფლს და წვრილად არის დაფქული. როგორც წესი, გრანოლას მკვრივი ტექსტურა აქვს და მისი დაღეჭვა რთულია. ის შეიცავს თხილს და ჩირს, რომლებიც ბავშვისთვის გადაცდენის და დახრჩობის საშიშროებას წარმოადგენს. გარდა ამისა, გრანოლა შეიძლება შეიცავდეს შაქარს და თაფლს, რომელიც 12 თვემდე ასაკის ჩვილებისთვის სახიფათოა ბოტულიზმის განვითარების რისკის გამო.

როგორ მოვამზადოთ შვრია ჩვილებისთვის?

6-დან 9 თვემდე: მოამზადეთ შვრიის ფაფა წყლით, დედის რძით, ხელოვნური საკვებით ან პასტერიზებული ძროხის რძით. გახსოვდეთ, რომ თაფლი არ შეიძლება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ბოტულიზმის რისკის გამო.
9-დან 12 თვემდე: განაგრძეთ შვრიის შეთავაზება ორი გზით: როგორც შვრიის მკვრივი ბურთულები, რომელიც ბავშვს შეუძლია ხელით აიღოს, ან როგორც თბილი ფაფა.

12-დან 24 თვემდე: ამ ასაკში, პატარას შეიძლება მობეზრდეს და უარი თქვას მარცვლეულის ფაფებზე. არ ინერვიულოთ, თუ ბავშვი შვრიის ფაფას ისეთ საკვებს ამჯობინებს, როგორიცაა ბლინები ან ხორცის ბურთულები.

რეცეპტი: პატარას პირველი შვრიის ფაფა
შვრია, ბავშვთა კვება,

ინგრედიენტები:
ნახევარი ჭიქა (120 მლ) სწრაფი მომზადების შვრია
1 ჭიქა (240 მლ) წყალი

მომზადების წესი:
მოათავსეთ შვრია და წყალი ქვაბში.
დაახურეთ თავსახური და მიიყვანეთ ადუღებამდე, დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში.
გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ თავდახურული 5 წუთის განმავლობაში.
მოხადეთ თავსახური და გააგრილეთ.

შენახვა: შვრიის ფაფა შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში, მაცივარში, 3 დღის განმავლობაში, ან საყინულეში 2 თვის განმავლობაში.
 

წყარო: solidstarts

ასევე დაგაინტერესებთ: