დეჰიდრატაცია (გაუწყლოება, გამოშრობა) ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია, რის გამოც ბავშვები ხვდებიან გადაუდებელი დახმარების ცენტრში ან სტაციონარში - ამ თემაზე გვესაუბრება პედიატრი ლიკა თედიაშვილი.
დეჰიდრატაციის გარკვეული შემთხვევების დროს აუცილებელია ინტრავენური გადასხმა, თუმცა უხშირესად დეჰიდრატაციასთან გამკლავება შესაძლებელია სახლის პირობებში, დასალევი სითხეების მიწოდებით. დეჰიდრატაცია საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობაა, მისი გამომწვევი მიზეზი ბავშვთა ასაკში ძირითად არის ღებინება და დიარეა.
დეჰიდრატაცია განსაკუთრებით საშიშია ჩვილებში (1 წლამდე ასაკი), რომლებთანაც შედარებით გაძნელებულია ორალური რეჰიდრატაციის შესაძლებლობა.
გახსოვდეთ, როდესაც ბავშვს აქვს დიარეა ან ღებინება, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს, რომელიც მოგცემთ კონკრეტულ რჩევა-დარიგებას და დაგაკვალიანებთ გადაუდებელში მისვლის საჭიროებასთან დაკავშირებით.
რა ძირითადი პრინციპები უნდა გავითვალისწინოთ სახლის პირობებში სითხის მიწოდების დრო?
უმჯობესია გამოვიყენოთ ორალური სარეჰიდრატაციო ხსნარები (ORS). თუ ბავშვი იმყოფება ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე, დედამ უნდა აჭამოს ძუძუ უფრო ხშირად და უფრო ხანგრძლივი ეპიზოდებით. თუ არ იმყოფება ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე შესაძლებელია სარეჰიდრატაციოდ გამოვიყენოთ ORS, ასევე სუფთა წყალი, წვნიანი, იოგურტი, განზავებული წვენი...).
მსუბუქი გაუწყლოების დროს მიღებული სითხე უნდა იყოს: 2 წლამდე ასაკში 500 მლ, 2-10 წლის ასაკში - 1000 მლ, ხოლო 10 წლის ზემოთ - დაახლოებით 2000 მლ.
სითხის მიწოდება უნდა მოხდეს «ცოტა და ხშირად» პრინციპით (1 სუფრის კოვზი ანუ 5 მლ ყოველ 2 წუთში ). მსუბუქზე ცოტა მეტად გამოხატული, ანუ ზომიერი გაუწყლოების დროს შედარებით მეტი რაოდენობით სითხის მიწოდებაა საჭირო. 50-100 მლ/კგ წონაზე, მიწოდებას ვიწყებთ ნელა, 5 მლ ყოველ 5 წუთში, შემდეგ ყოველ 2-3 და 1-2 წუთში ერთხელ, მიწოდება უნდო მოხდეს კოვზით ან შპრიცით, ყლუპებად- 2-4 საათის განმავლობაში.
მუდმივად გქონდეთ კონტაქტი ბავშვის პედიატრთან, რათა მან მოახდინოს შეფასება, რამდენად ადექვატურად იღებს ბავშვი სითხეს და მოგცეთ საჭირო შემდგომი რეკომენდაციები.
გისურვებთ ჯანმრთელობას!