ყვავილოვანი კომბოსტო ბავშვის მენიუში

03-04-2022

პროდუქტის ტიპი: ბოსტნეული
რეკომენდებული ასაკი: 6 თვეზე მეტი
ხელს უწყობს ნაწლავების მოქმედებას
არ წარმოადგენს გავრცელებულ კვებით ალერგენს

როდის შეუძლიათ პატარებს დაიწყონ ყვავილოვანი კომბოსტოს მირთმევა?
კარგად მომზადებული, რბილი კონსისტენციის მქონე ყვავილოვანი კომბოსტო სხვა მყარ საკვებთან ერთად პატარას კვების რაციონში შეგიძლიათ თავიდანვე ჩართოთ, დაახლოებით 6 თვის ასაკიდან. ყვავილოვანი კომბოსტოს კონსისტენცია და ფორმა იზიდავთ ბავშვებს და მოსახერხებელია მათთვის დამოუკიდებლად მისართმევად.

სასარგებლოა თუ არა ყვავილოვანი კომბოსტო ბავშვებისთვის?
დიახ, ძალიან! ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია C ვიტამინით, რომელიც აუმჯობესებს რკინის შეწოვას. ყვავილოვანი კომბოსტო ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით K და B ვიტამინებს და უამრავ ანტიოქსიდანტს, რომლებიც აუცილებელია ბავშვის იმუნური სისტემის განვითარებისა და ორგანოთა ფუნქციონირებისთვის. ყვავილოვანი კომბოსტო ასევე ძალიან ეფექტურია ყაბზობის დროს.
ყვავილოვანი კომბოსტოს მრავალი სახეობა არსებობს. მათ სხვადასხვა შეფერილობა და შემადგენლობა აქვთ, მაგალითად, მწვანე ყვავილოვანი კომბოსტო თეთრთან შედარებით ოთხჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს, იისფერი ყვავილოვანი კომბოსტო ანთოციანინით არის მდიდარი (ანტიოქსიდანტი), ნარინჯისფერი ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელიც სასარგებლოა თვალების, კანისა და იმუნური სისტემისთვის.
 
რამდენად დიდია ყვავილოვანი კომბოსტოს გადაცდენის საფრთხე?
თუ ბავშვი ყვავილოვანი კომბოსტოს ნედლი სახით მიირთმევს, გადაცდენის და დახრჩობის რისკი დიდია. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ნედლი ბოსტნეულის მირთმევას ყოველთვის ახლავს ეს საფრთხე. თუ ყვავილოვანი კომბოსტო კარგადაა დარბილებული მომზადებისას (ამისთვის მოწალვა საუკეთესო მეთოდია), ის სრულიად უსაფრთხოა და შეგიძლიათ პირველ პროდუქტადაც შესთავაზოთ ბავშვს მყარ საკვებზე გადასვლის პერიოდში. ყვავილოვანი კომბოსტოს ღეროს მოცილება კიდევ უფრო შეამცირებს გადაცდენის საფრთხეს.

რამდენად ხშირია ყვავილოვან კომბოსტოზე ალერგია?
ყვავილოვანი კომბოსტოზე ალერგიის შემთხვევები ძალიან იშვიათია. ამის მიუხედავად, გახსოვდეთ, რომ თეორიულად ნებისმიერი საკვები პროდუქტი, და მათ შორის ყვავილოვანი კომბოსტოც, შეიძლება გახდეს ალერგიული რეაქციის მიზეზი, ამიტომ ყოველი ახალი პროდუქტის გასინჯვისას დააკვირდით ბავშვის რეაქციებს.

როგორ მოვამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტო ბავშვისთვის?
6-9 თვის ასაკი: მოამზადეთ ყვავილოვანი კომბოსტოს მთლიანი ყლორტები ორთქლზე. მცირე ზომის საკვების დამოუკიდებლად აღება და მირთმევა ბავშვისთვის ამ ასაკში რთულია. მიაწოდეთ მას პროდუქტი ღეროს მხრიდან, რათა უკეთ დაიკავოს ხელში და თავად მიირთვას.
9-12 თვის ასაკი: ამ პერიოდში ბავშვი მცირე ზომის საგნების ცერა და საჩვენებელი თითებით აღებას სწავლობს. შეამცირეთ ყვავილოვანი კომბოსტოს ნაჭრების ზომა, რათა ბავშვმა შეძლოს ამ უნარში ვარჯიში. თუ ის ამას ჯერ ვერ ახერხებს, ისევ გაზარდეთ ნაჭრების ზომა. დიდი ზომის ნაჭრების შეთავაზება პრობლემას არ წარმოადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი რბილი და კარგად მომზადებულია.
12-24 თვის ასაკი: მოწალეთ ბოსტნეული უფრო მცირე დროით და შეუნარჩუნეთ მას უფრო ნედლი სახე. იხელმძღვანელეთ ბავშვის ღეჭვის და ყლაპვის უნარებზე დაკვირვებით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყვავილოვანი კომბოსტო განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით, რომელიც თავის მხრივ ორგანიზმში რკინის შეწოვას უწყობს ხელს. ყვავილოვანი კომბოსტოს მირთმევა განსაკუთრებით სასარგებლოა რკინით მდიდარ საკვებთან ერთად, როგორებიცაა: პარკოსნები, ტოფუ, ბროკოლი, ოხრახუში, სოკო, გოგრის თესლი და ა.შ. ასევე შეგიძლიათ სცადოთ ყვავილოვანი კომბოსტოს პიურეს მომზადებაც.

რეცეპტი: ყვავილოვანი კომბოსტო ლიმნით

ინგრედიენტები:
•    ყვავილოვანი კომბოსტო (ერთი თავი)
•    ავოკადო, ზეითუნის ზეთი ან გამდნარი უმარილო კარაქი
•    ლიმონი
მომზადების წესი:
•    გარეცხეთ ყვავილოვანი კომბოსტო და მოაშორეთ მას უხეში ფოთლები.
•    მოაჭერით ბოსტნეულს უხეში ღერო.
•    გაათავისუფლეთ ყლორტები და მოწალეთ ისინი დარბილებამდე.
•    ჯამში ჩაასხით ზეითუნის ზეთი ან გამდნარი კარაქი და ჩააწურეთ ლიმონი (დააკვირდით, რომ ლიმნის კურკები არ გადაყვეს).
•    დაამატეთ ჯამში მოწალული ყვავილოვანი კომბოსტო და აურიეთ, რათა სითხე ბოსტნეულზე თანაბრად გადანაწილდეს.

გემოების შეხამება:
ყვავილოვან კომბოსტოს უხდება მძაფრი არომატის მქონე სანელებლები, როგორებიცაა: ნიორი, ზაფრანა, ძირა და ჯავზი.

წყარო: solidstarts.com