პროდუქტის ტიპი: ხილი
რეკომენდებული ასაკი: 6 თვეზე მეტი
არ წარმოადგენს გავრცელებულ ალერგენს
ფეიხოა (ასევე ცნობილი როგორც ანანას-გუავა) შეგვიძლია ბავშვს მყარი საკვების მიღების დაწყებისთანავე შევთავაზოთ, დაახლოებით, 6 თვის ასაკში.
დიახ. ფეიხოა შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რაც ნაწლავთა მოქმედებას ასტიმულირებს; ვიტამინ B6-ს, რომელიც ხელს უწყობს მეტაბოლიზმს და ფოლიუმის მჟავას, რომელიც საჭიროა კოგნიტური განვითარებისთვის. ფეიხოა ასევ მდიდარია C ვიტამინით, რომელიც იმუნურ სისტემის სიძლიერეს და რკინის შეწოვას უწყობს ხელს.
ფეიხოა გრილი ტემპერატურის პირობებში ხარობს, მაგალითად, სამხრეთ ამერიკის მთიანეთში, რომელიც მის სამშობლოდ ითვლება. ფეიხოა მსოფლიოს სხვა კუთხეებში მე-19-მე-20 საუკუნეებში გავრცელდა. ეს წვნიანი ხილი გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში, სალათების შემადგენლობაში, სოუსების დასამზადებლად ან წვნიანების შესაკმაზად.
ფეიხოას აქვს რბილი, მარცვლოვანი შიგთავსი და უსწორმასწორო, კოჟრიანი, მწვანე კანი. ის მიეკუთვნება მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეების გვარს. ერთდროულად ტკბილი და მომწარო გემოს მქონე ხილი ძალიან დამახასიათებელ სურნელს აფრქვევს.
★რჩევა: ფეიხოას ყვავილიც იჭმება. ყვავილის ფურცლებს ტკბილი გემო და დარიჩინის და ანანასის არომატი აქვს, რომელიც ნაყოფშიც ნარჩუნდება. როდესაც ბავშვი ღეჭვასა და ყლაპვაში კარგად გავარჯიშდება, შეგიძლიათ მას ხილთან ერთად ფეიხოას ყვავილიც შესთავაზოთ და პატარა ბოტანიკის გაკვეთილიც ჩაუტაროთ.
★რჩევა: დაამწიფეთ ფეიხოა ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ მწიფე ხილი შეინახეთ მაცივარში მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში ან საყინულეში - რამდენიმე თვით. ფეიხოა დამწიფების შემდეგ ფერს არ იცვლის, რაც ართულებს იმის გაგებას, თუ როდისაა ის დამწიფებული. იმის გასაგებად, თუ რამდენად მწიფეა ფეიხოა, მოუჭირეთ ხელი: ხილი საჭმელად ვარგისია, როცა ის მაგარია, თუმცა, ოდნავ დრეკადი, როგორც მწიფე ბანანი, მანგო, არ მსხალი.
ულუფა: 1 ჭიქა (200 გრ)
მომზადების დრო: 30 წუთი
ასაკი: 6 თვეზე მეტი
ინგრედიენტები
• 2 მწიფე ფეიხოა (100 გრ)
• ¼ ჭიქა (23 გრ) სწრაფად მოსამზადებელი შვრიის ფანტელი
• ½ ჭიქა (120 მლ) წყალი
• 1 მწიკვი დაფქული დარიჩინი
მომზადების წესი
1. გარეცხეთ და გააშრეთ ფეიხოა.
2. გაჭერით ფეიხოები შუაზე. ამოაცალეთ რბილი შიგთავსი და დაჭყლიტეთ.
3. აადუღეთ წყალი, შემდეგ გამორთეთ ქურა და ადუღებულ წყალში ჩაყარეთ შვრიის ფანტელები, ფეიხოას რბილობი და დარიჩინი.
4. დაახურეთ თავსახური და აცადეთ მომზადდეს, დაახლოებით 5 წუთით. მოხადეთ თავსახური და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
5. გადაიტანეთ მომზადებული ფაფა ჯამზე. მიეცით ბავშვს საშუალება თავად განსაზღვროს რამდენს მიირთმევს.
6. დართეთ ბავშვს ნება მიირთვას დამოუკიდებლად, თითებით. თუ გსურთ, რომ მან დანა-ჩანგლის გამოყენება ისწავლოს, გაავსეთ კოვზი ფაფით და დადეთ ჯამის გვერდით, რომ ბავშვმა აიღოს ან თავად მიაწოდეთ მას კოვზი ხელში.
წყარო:solidstarts.com
ასევე დაგაინტერესებთ: