ქამა სოკო ბავშვის მენიუში

08-10-2021

როდის შეუძლიათ ბავშვებს მიირთვან სოკო?

სოკო (ქამა სოკო)
რეკომენდებული ასაკი: 6 თვეზე მეტი
არ წარმოადგენს გავრცელებულ ალერგენს 

ქამა სოკოს მირთმევა ბავშვებს მაშინვე შეუძლიათ, როგორც კი მყარ საკვებზე გადასვლისთვის იქნებიან მზად, რაც, ძირითადად, 6 თვის ასაკისთვის ხდება. თქვენ შეიძლება გსმენიათ, რომ სოკოს შემთხვევაში უმჯობესია კიდევ უფრო დიდხანს მოიცადოთ, მაგრამ ამ მოსაზრებას არანაირი მტკიცებულება არ ასაბუთებს. გასათვალისწინებელია ის, რომ ქამა სოკო აუცილებლად კარგად უნდა მოამზადოთ და არ მიირთვათ უმად, რადგან ის შეიცავს აგარიტს, ნატურალურ ტოქსინს, რომლის რაოდენობა სოკოს მოთუშვის, გაყინვის ან მაცივარში შენახვის შემდეგ მცირდება.

სოკო არც ხილია და არც ბოსტნეული, ის უბრალოდ სოკოა. სამეცნიერო კლასიფიკაციით ის გამოყოფილია მცენარეებისა და ცხოველებისგან. მას საკუთარი, უნიკალური ბიოლოგიური თვისებები გააჩნია. 2,000-ზე მეტი საკვებად ვარგისი სოკო არსებობს დედამიწაზე. თითოეულს დამახასიათებელი სუნი და გემო აქვს. თუმცა, ქამა სოკო ყველაზე ფართოდ გავრცელებული და მოხმარებული საკვები სოკოს ჯიშია. .
★რჩევა: არასოდეს გამოკვებოთ ბავშვი თქვენ მიერ ნაპოვნი სოკოთი, თუ, რა თქმა უნდა, მიკოლოგიის ექსპერტი არ ბრძანდებით, რადგან ძალიან ბევრი შხამიანი სოკო არსებობს, რომლებიც ემსგავსება საკვებად ვარგის სახეობებს.

ქამა სოკო,

არის თუ არა სოკო სასარგებლო ბავშვებისთვის?

დიახ, რა თქმა უნდა. სოკო შეიცავს პროტეინის და უჯრედისის ისეთ ფორმებს, რომლებსაც ბევრ პროდუქტში ვერ ვხვდებით. ის შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, მათ შორის ფოლიუმის მჟავას, რომელიც ასტიმულირებს უჯრედთა ზრდას, მინერალებს, როგორიცაა სპილენძი, სელენი და თუთია - ყველა მათგანი აუცილებელია ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.
სოკოებს აგრეთვე სუპერძალა აქვთ: ისინი შეიცავენ ნივთიერებებს, რომლებიც დამახასიათებელია როგორც მცენარეებისთვის, ასევე ცხოველებისთვის, და ისეთ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც უნიკალურია მხოლოდ სოკოსთვის. ამის გარდა, სოკო შეიცავს ფიტონივთიერებებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც ანტიოქსიდანტები, ანთების და კიბოს საწინააღმდეგო საშუალებები. 
როგორც აღვნიშნეთ, უმჯობესია ქამა სოკო კარგად მოამზადოთ, სანამ ბავშვს მიართმევთ. უმი ქამა სოკო შეიცავს ნაერთს, სახელად აგარიტინს, რომელიც შეიძლება კანცეროგენული იყოს. საბედნიეროდ, მომზადების და მაცივარში ან საყინულეში შენახვის შემდეგად სოკო ამ ნაერთის დიდ რაოდენობას კარგავს. 
ქამა სოკო ველურ ბუნებაში ხარობს (მისი სამშობლო ევროპაა, თუმცა, ის დღესდღეობით ყველგანაა გავრცელებული). ქამა სოკო, რომელსაც თქვენ დახლზე ხედავთ, სავარაუდოდ, მოყვანილია სოკოს პლანტაციებში. მთელ მსოფლიოში ათასობით სოკოს სახეობაა და მათ შორის ბევრი საკვებად უვარგისი და სახიფათოა. ყოველთვის შეიძინეთ სოკო სანდო წყაროსგან, რათა შემთხვევით შხამიან ჯიშს არ გადაეყაროთ.
კომერციულად წარმოებული სოკო შეიძლება შეიცავდეს ნაკლები რაოდენობის D ვიტამინს, ვიდრე ველურ პირობებში გაზრდილი სოკო. თუმცა, მისი 15 წუთით მზის გულზე მოთავსება მნიშვნელოვნად ზრდის ამ ვიტამინის შემცველობას. 

რეცეპტი: ქამა სოკოს ომლეტი

მომზადების წესი
1.    ათქვიფეთ კვერცხები.
2.    გარეცხეთ სოკო და გამოიყენეთ ნოტიო ტილო მისი ზედაპირის გასასუფთავებლად. ამის შემდეგ დაკეპეთ ის.
3.    წვრილად დაჭერით ნიორი.
4.    გარეცხეთ მწვანე ხახვი, მოაჭერით ძირები და დაჭერით ის წვრილად.
5.    საშუალო ცეცხლზე გაახურეთ ზეთიანი ტაფა. როცა ზეთი გაცხელდება, მოათავსეთ მასზე სოკო, ნიორი და მწვანე ხახვი. მოურიეთ და შუშეთ მანამ, სანამ მწვანე ხახვის ფერი გაღიავდება და სოკო და ნიორი დარბილდება, დაახლოებით 3 წუთით. გადაიტანეთ მოშუშული ინგრედიენტები ცალკე ჯამში.
6.    დააბრუნეთ ტაფა ქურაზე, დაასხით ზეთი და დააყენეთ ალი საშუალო დონეზე. როცა ზეთი გაცხელდება დაასხით ათქვეფილი კვერცხი. შეარხიეთ ტაფა, რომ კვერცხი თანაბრად გადანაწილდეს მის ზედაპირზე და შეწვით მორევის გარეშე, კიდეების გამაგრებამდე, დაახლოებით 2 წუთით.
7.    ომლეტის ნახევარზე მოათავსეთ მოშუშული ინგრედიენტები. შემდეგ კვერცხის მეორე ნახევარი გადაადეთ მას თავზე. დატოვეთ ქურაზე 2 წუთით. ამის შემდეგ შეამოწმეთ ომლეტის მომზადების დონე (ჩაარჭეთ დანა ყველაზე სქელ ნაწილში, თუ კვერცხის მასა მყარია, ესე იგი ომლეტი მზადაა). როდესაც დაასრულებთ, გადმოიღეთ ომლეტი თეფშზე და გააგრილეთ.
8.    როდესაც ომლეტი გაგრილდება, დაჭერით ის ზოლებად 6-9 თვის ბავშვებისთვის ან ერთი ლუკმის შესაბამის ნაჭრებად იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ საგნის ცერა და საჩვენებელი თითით დაჭერის უნარი.
9.    სერვირება: განალაგეთ ომლეტის ნაჭრები თეფშზე. ულუფა განსხვავებული შეიძლება იყოს. უმჯობესია ბავშვმა თავად გადაწყვიტოს რამდენს მიირთმევს ის. წაახალისეთ ბავშვი მიირთვას დამოუკიდებლად, დართეთ მას ნება თავად აიღოს საკვები. შეგიძლიათ ომლეტის ნაჭრები თქვენ მიაწოდოთ.
შენახვის წესი:  ნარჩენი შეინახეთ მაცივარში, დახურულ კონტეინერში, 4 დღემდე.

 

წყარო: solidstarts