კეფირი ბავშვის მენიუში - რა ასაკიდან შევთავაზოთ?

07-10-2021

პროდუქტის ტიპი: რძის ნაწარმი
რეკომენდებული ასაკი: 6 თვეზე მეტი
რძის პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები 

როდის შეუძლიათ ბავშვებს მიირთვან კეფირი?

კეფირი (დამზადებული ძროხის, თხის ან ცხვრის რძისგან) ბავშვის კვებით რაციონში შეგიძლიათ მყარ საკვებზე გადასვლის პირველივე დღეებიდანვე შეიტანოთ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ის არ შეიცავდეს თაფლს ან სხვა დამატკბობლებს და უნდა იყოს მოცემული როგორც მყარი საკვები და არა სასმელი. კეფირი 12 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის მისაღები რძის პროდუქტია. თუმცა, არ არის რეკომენდებული ამ ასაკში ბავშვისთვის პირდაპირ ძროხის რძის მიცემა, რადგან ჩვილი ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემა ვერ უმკლავდება ძროხის რძეში შემავალი ცილების დიდი რაოდენობით მიღებას. ასევე ის ნაკლები კვებითი ღირებულების მატარებელია ჩვილი ბავშვისთვის, ვიდრე დედის რძე ან ხელოვნური საკვები. 

სასარგებლოა თუ არა კეფირი ჩვილი ბავშვებისთვის? 

დიახ, მაგრამ მხოლოდ როგორც სოუსის ან კერძის ინგრედიენტის სახით. 12 თვის ასაკამდე სასმელად კეფირს ნუ მისცემთ.
კეფირი მდიდარია მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებით. მათ შორის - ძვლების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი კალციუმით, A ვიტამინით, რომელიც კანის, თვალებისა და იმუნური სისტემისთვის არის სასარგებლო, ყველა B ჯგუფის ვიტამინით, თუთიითა და კალიუმით. ამასთან ერთად, ცხოველის რძისგან დამზადებული კეფირი შეიცავს D ვიტამინსაც. ზოგადად, კეფირის სასარგებლო თვისებები შემდეგია: ის შეიცავს უხვი რაოდენობით ცილებსა და ნახშირწყლებს, რომლებიც ასტიმულირებენ უჯრედების ზრდის პროცესს, ასევე დიდი რაოდენობით ჯანსაღ ცხიმებს, რომლებიც ორგანიზმის ძირითადი ენერგიის წყაროა და  თავის ტვინისა და იმუნური სისტემის განვითარებისთვის შეუცვლელია.
როგორც ჩვეულებრივი იოგურტის შემთხვევაში, კეფირის არჩევის დროსაც უპირატესობა მიანიჭეთ ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე კეფირს და არა მისი დაბალი ცხიმიანობის მქონე და უცხიმო ვარიანტებს. აღსანიშნავია, რომ პრობიოტიკების კულტურა, რომელიც რძეს კეფირად აქცევს, სასარგებლოა ბავშვების მიკრობიომის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც სიცოცხლის პირველ წლებში ყალიბდება. ჯანსაღი მიკრობიომი მნიშვნელოვანია, რადგან ის გავლენას ახდენს გულის, თავის ტვინის, მეტაბოლიზმის, იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე. პრობიოტიკებით მდიდარი საკვების რეგულარული მიღება, როგორიცაა კეფირი და იოგურტი, ხელს უწყობს ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების კოლონიების წარმოქმნას. კეფირი კიდევ უფრო ძლიერი პრობიოტიკია ვიდრე იოგურტი, რადგან მასში ბაქტერიების ბევრად უფრო დიდი მრავალფეროვნებაა. 
სახლში მომზადებული კეფირი შეიძლება მცირე ოდენობით სპირტს შეიცავდეს, რომელიც ფერმენტაციის პროცესში წარმოიქმნება. ფაბრიკაში წარმოებულ კეფირს სპირტი მოშორებული აქვს. ასევე ფერმენტაციის პროცესში წარმოიქმნება ნახშირბადის დიოქსიდი, რომელიც კეფირს მცირე გაზიანობას აძლევს. 
★რჩევა: კეფირის შეძენის დროს ყოველთვის დააკვირდით ეტიკეტს. არ შეიძინოთ ის პროდუქტი, რომელსაც დამატებული აქვს შაქრები, სიროფები ან თაფლი (თაფლმა შეიძლება გამოიწვიოს ჩვილ ბავშვთა ბოტულიზმი ან ალერგია). 

ცოტა რამ კეფირის შესახებ

კეფირის სამშობლო კავკასიის რეგიონია. ის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რუსეთსა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში ტრადიციულ სასმელად ითვლება. კეფირი და იოგურტი ფერმენტირებული რძის პროდუქტებია. თუმცა, მათი დამზადების პროცესი განსხვავებულია. კეფირი მზადდება რძის ფერმენტაციის შედეგად, კეფირის მარცვლების გამოყენებით (ეს არ არის ნამდვილი მარცვალი, არამედ ბაქტერიის და საფუარის დეჰიდრატირებული კლასტერი) და ის, როგორც წესი, უფრო მრავალფეროვან ბაქტერიებს შეიცავს, ვიდრე იოგურტი. ეს მარცვლები ასევე შეიძლება დაემატოს წყალს ან ქოქოსის რძეს და დამზადდეს წყლის კეფირი.
კეფირს ძირითადად დამოუკიდებლად მიირთმევენ როგორც სასმელს, მაგრამ ის ასევე შეიძლება გამოვიყენოთ წვნიანების ბაზად, სოუსად ან საკონდიტრო ნაწარმის დასამზადებლად. 

 

კეფირი,

რეცეპტი: კეფირი პიტნით

ულუფა: 1/4 ჭიქა / 60 მლ
დამზადების დრო: 5 წუთი
ასაკი: 12 თვე და მეტი

ინგრედიენტები
•    1 სუფრის კოვზი (5.5გრ) დაკეპილი პიტნის ფოთლები
•    ½ ჭიქა (120 მლ) კეფირი
•    1 ჩაის კოვზი (5 მლ) ლიმონის წვენი
ეს რეცეპტი შეიცავს ერთ-ერთ გავრცელებულ კვებით ალერგენს - რძის ნაწარმს. ბავშვს ეს კერძი შესთავაზეთ მას შემდეგ, რაც გამოკვლეული გექნებათ მისი ალერგიულობა რძეზე. 

მომზადების წესი
1.    ჯამში აურიეთ ყველა ინგრედიენტი.
2.    მიართვით ბავშვს: შესთავაზეთ ძალიან მცირე ულუფა (მაქსიმუმ 50 გრ).  ბავშვის წინაშე გააკეთეთ დემონსტრირება იმისა, თუ როგორ მიგაქვთ პირთან ჭიქა და სვამთ და შემდეგ მიაწოდეთ ჭიქა ბავშვს იმისთვის, რომ თავად სცადოს.
შენახვის წესი: შეინახეთ მაცივარში, დახურულ ჭურჭელში. ინახება 5 დღემდე.

რა უხდება კეფირს?
კეფირს იოგურტზე უფრო მჟავე გემო აქვს, ამიტომ მას ხილი უხდება, როგორიცაა, მოცვი, ჟოლო, ბანანი, ბროწეული, კივი, მსხალი ან მარწყვი. კეფირი ასევე კარგად ეხამება თხილეულს: მიწის თხილს, თხილს, ფსტას, სეზამს. კეფირით მზადდება არაჩვეულებრივი სოუსები, განსაკუთრებით, როდესაც ის კომბინაციაშია პიტნასთან, ჯინჯერთან, პაპრიკასთან.