სტაფილო ბავშვის მენიუში + რეცეპტი

11-07-2022

როდის შეუძლია ბავშვს მიირთვას სტაფილო?

სტაფილო შეგიძლიათ ბავშვის კვების რაციონში შეიტანოთ, როცა ის მზად იქნება მყარი საკვების მისაღებად, რაც ჩვეულებრივ, 6 თვის ასაკში ხდება. 

სტაფილო, მყარი კვება, ბავშვთა კვება, სოლიდსტარტს, რეცეპტი,

სასარგებლოა თუ არა სტაფილო ბავშვებისთვის?

დიახ. სტაფილო შეიცავს ბოჭკოს, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავების მოქმედებას და ვიტამინ B6-ს - აუცილებელ საკვებ ნივთიერებას ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის. სტაფილო მდიდარია კაროტინოიდებით. ეს არის საკვები ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება და ხელს უწყობს მხედველობის განვითარებას.
სტაფილოს მრავალი სახეობა არსებობს. მუქი ნარინჯისფერი სტაფილო შეიცავს ყველაზე მეტ A ვიტამინს, ხოლო ყვითელი, ნარინჯისფერი, მეწამული და წითელი ჯიშები გვთავაზობენ მცენარეულ საკვებ ნივთიერებებს. მაგალითად, მეწამული სტაფილო შეიცავს ანთოციანინს, რომელიც ძლიერ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს, ხოლო წითელი სტაფილო შეიცავს ლიკოპენს, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს.

სტაფილო, მყარი კვება, ბავშვთა კვება, სოლიდსტარტს, რეცეპტი,

რამდენად დიდია სტაფილოს გადაცდენის საფრთხე ბავშვებში?

სტაფილოს მირთმევისას არსებობს გადაცდენის და დახრჩობის საშიშროება. რისკის შესამცირებლად მოხარშეთ სტაფილო დარბილებამდე და დაჭერით ასაკის შესაბამის ზომებად.

წარმოადგენს თუ არა სტაფილო გავრცელებულ კვებით ალერგენს?
სტაფილოზე ალერგია იშვიათია, მაგრამ დაფიქსირებულია. ადამიანები, რომლებიც ალერგიული არიან ჭადრის ხის მტვრის მიმართ, შეიძლება იყვნენ ალერგიული სტაფილოს მიმართაც.

რამდენად უსაფრთხოა სტაფილოში შემავალი ნიტრატები ბავშვისთვის?

ნიტრატები ბუნებრივად წარმოქმნილი მცენარეული ნაერთებია, რომლებმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სისხლში ჟანგბადის დონეზე, თუმცა, ბოსტნეულის ჭამის სარგებელი, როგორც წესი, აღემატება მასში შემავალი ნიტრატების ზემოქმედების რისკს. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილები უფრო მგრძნობიარენი არიან ნიტრატების ზემოქმედების მიმართ. ნიტრატების მაღალი შემცველობით გამოირჩევა ბოსტნეულის შემდეგი სახეობები: რუკოლა, ჭარხალი, სტაფილო, სალათის ფურცელი, ისპანახი და გოგრა.

სტაფილო, მყარი კვება, ბავშვთა კვება, სოლიდსტარტს, რეცეპტი,

როგორ მოვამზადოთ სტაფილო ბავშვისთვის?

6-დან 8 თვემდე: მოხარშეთ მთლიანი გაფცქვნილი სტაფილო (რაც უფრო დიდი, უკეთესია) დარბილებამდე და შემდეგ გაჭერით სიგრძეზე. ასევე შეგიძლიათ ბავშვს შესთავაზოთ გახეხილი უმი ან მოხარშული სტაფილო.
9-დან 18 თვემდე: ამ ასაკში ჩვილებს პინცეტის რეფლექსი უვითარდებათ, რაც მათ საშუალებას აძლევს აიღონ საკვების პატარა ნაჭრები. როდესაც ამ განვითარების ნიშანს შეამჩნევთ, შეეცადეთ შეამციროთ ბოსტნეულის ნაჭრების ზომა. როდესაც ბავშვი 18 თვის ასაკს მიუახლოვდება, შეგიძლიათ მას შესთავაზოთ უმი, ასანთის ღერის ფორმის ნაჭრებად დაჭრილი სტაფილო. უმი სტაფილო დახრჩობის საშიშროებას წარმოადგენს, ამიტომ დარწმუნდით, რომ ქმნით უსაფრთხო საკვებ გარემოს, შეამცირეთ ყურადღების გამფანტავი ფაქტორები ბავშვის ირგვლივ (მობილური ტელეფონები, ტაბლეტები) და ჭამის დროს დარჩით ბავშვთან ახლოს.
18-დან 24 თვემდე: განაგრძეთ მოხარშული სტაფილოს შეთავაზება, თუ გსურთ, უფრო დიდ ნაჭრებად. ამ ასაკში ბევრი ბავშვი უკვე მზად არის ჩხირებად დაჭრილი უმი სტაფილოს მისართმევად.

რეცეპტი: მოწალული სტაფილო მწვანილით შეზავებულ კარაქთან ერთად

ინგრედიენტები:
•    6 დიდი ზომის სტაფილო (450 გრამი)
•    3 სუფრის კოვზი (60 გრამი) უმარილო კარაქი
•    1 სუფრის კოვზი (1 გრამი) წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, როზმარინი, ტარხუნა ან სხვა მწვანილი

მომზადების წესი:
•    გარეცხეთ და გააშრეთ სტაფილო. მოაცილეთ ღერო და ფესვის ბოლოები.
•    დახრჩობის რისკის შესამცირებლად სტაფილო გაჭერით სიგრძეზე. 
•    ორთქლზე მოხარშეთ მიკროტალღურ ღუმელში ან გაზქურაზე, სანამ ბოლომდე არ დარბილდება, დაახლოებით 5 წუთით მიკროტალღურ ღუმელში ან 10 წუთით გაზქურაზე.
•    სანამ სტაფილო მომზადდება, გაადნეთ კარაქი პატარა ტაფაში საშუალო და დაბალ ცეცხლზე.
•    როცა კარაქი დადნება, დაუმატეთ მწვანილი და აურიეთ. დააყოვნეთ დაახლოებით 1 წუთით. 
•    ორთქლზე მოხარშული სტაფილო გადაიტანეთ მწვანილით შეზავებულ კარაქში.
•    მიართვით ბავშვს და მიეცით საშუალება იკვებოს საკუთარი ხელით. თუ დახმარება დასჭირდება მიაწოდეთ სტაფილოს ნაჭერი.
შენახვა: კერძი შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში, მაცივარში, 5 დღის განმავლობაში.

გემოების შეხამება

სტაფილოს გემოს დასაბალანსებლად სცადეთ მისი შეხამება საკვებთან, როგორიცაა ავოკადო, ქოქოსი, კვერცხი, თხის ყველი, კეფირი, მასკარპონე, ყველი რიკოტა ან იოგურტი. დაუმატეთ მიწის თხილი, პეკანი ან ნიგოზი, ან მიირთვით პარკოსნებთან ერთად. სტაფილო ასევე გემრიელია ხილთან და ბოსტნეულთან ერთად, როგორიცაა ვაშლი, ჭარხალი, კომბოსტო, ბარდა, მწვანე ლობიო, ლიმონი, ხახვი, ფორთოხალი, მსხალი, კარტოფილი.

წყარო: solidstarts.com