კივი ბავშვის მენიუში

01-04-2022

→პროდუქტის ტიპი: ხილი
→რეკომენდებული ასაკი: 6 თვეზე მეტი
→არ წარმოადგენს გავრცელებულ კვებით ალერგენს

რა ასაკიდან შეუძლიათ პატარებს კივის მირთმევა?

კივი შეგიძლიათ ბავშვის კვების რაციონში ჩასვათ მყარ საკვებზე გადასვლისთანავე, ეს დაახლოებით 6 თვის ასაკიდან ხდება. შენიშვნა: კივი და მჟავას შემცველი სხვა პროდუქტები აძლიერებენ საფენისგან გამოწვეულ გამონაყარს, ამიტომ თავიდან ბავშვს ეს ხილი მცირე ულუფებით შესთავაზეთ.

სასარგებლოა თუ არა კივი ბავშვებისთვის?

დიახ. კივი არაჩვეულებრივი არჩევანია ბავშვის კვების რაციონისთვის, რადგან ხილის სხვა სახეობებთან შედარებით ნაკლებ ნახშირწყლებს და უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. კივი C ვიტამინის არაჩვეულებრივი წყაროა. ეს უკანასკნელი აუმჯობესებს რკინის შეწოვას, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას და ორგანოთა ფუნქციონირებას. კივი ასევე შეიცავს სპილენძს, უჯრედისს, E და K ვიტამინებს. ასევე, ბონუსად, კივი ჯერჯერობით უცნობი მექანიზმით ბავშვებში ასთმის სიმპტომების შემსუბუქებას ახერხებს, როგორებიცაა, ხველა, სუნთქვის უკმარისობა და ქოშინი.

კივი, კივი ბავშვისთვის, კივი ბავშვის მენიუში,

კივის წარმომავლობა

კივით მსოფლიო უმეტესად ახალი ზელანდიიდან მარაგდება. ქვეყანა წელიწადში 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ხილს აწარმოებს. ამასთანავე, კივი ახალზელანდიელი ადამიანის მეტსახელიცაა, მაგრამ ეს უკავშირდება არა ხილს, არამედ ქვეყნის ნაციონალურ სიმბოლოს, ამავე სახელწოდების გრძელი ნისკარტის მქონე ფრინველის სახეობას. სინამდვილეში კი კივის სამშობლო ჩინეთია. კივის პოპულარიზება მე-20 საუკუნეში მოხდა ამერიკელი მარკეტოლოგის, ფრიდა კაპლანის მიერ. შემდეგ კი ხილი ამერიკაში და მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

რამდენად სახიფათოა კივი გადაცდენის მხრივ?

კივის შემთხვევაში გადაცდენის რისკი ყოველთვის არსებობს. ხილს თან მაგარი კონსისტენცია და თან სრიალა ზედაპირი აქვს, რაც ზრდის გადაცდენის საფრთხეს. რისკის შესამცირებლად დარწმუნდით, რომ კივი მწიფეა (ზეწოლისას უნდა იყოს დრეკადი და რბილი) და შესთავაზეთ ის ბავშვს ასაკის შესაბამისი ფორმით. 

რამდენად ხშირია კივზე ალერგია?

კივზე ალერგია საკმაოდ იშვიათია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ორალური ალერგიის სინდრომის (საკვების მტვრის სინდრომი) მქონე ინდივიდები კივის მიმართ შეიძლება სენსიტიურნი იყვნენ. იგივე ეხება ლატექს-ხილის სინდრომის მქონე პირებსაც. ისევე როგორ ნებისმიერი პროდუქტის ბავშვისთვის პირველად შეთავაზებისას, კივის შემთხვევაშიც დაიწყეთ მცირე ულუფებით. თუ ბავშვს ალერგიული რეაქცია არ გამოუვლინდება, გაზარდეთ ულუფების რაოდენობა.

კივი, კივი ბავშვისთვის, კივი ბავშვის მენიუში,

როგორ მოვამზადოთ კივი ბავშვებისთვის?

6-9 თვის ასაკი: გათალეთ და გაჭერით ხილი ნახევრად ან ოთხ ნაწილად. მიეცით ბავშვს უფლება, თავად აიღოს და მიირთვას ის. ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ კივის პიურე და შეურიოთ მას იოგურტი ან ყველი.
9-12 თვის ასაკი: ამ ეტაპზე ბავშვი მცირე ზომის საგნების ცერა და საჩვენებელი თითებით აღების უნარს ივითარებს. დაჭერით ხილი უფრო წვრილად, რათა ბავშვს ამ უნარში გავარჯიშების საშუალება მიეცეს.
12-24 თვის ასაკი: მიართვით ბავშვს კივის ნაჭრები ჩანგალთან ერთად, რათა დაიწყოს ჩანგლის მოხმარების სწავლა. კივი უხდება და საინტერესო ტექსტურას სძენს შემდეგ პროდუქტებს: შვრიის ფაფა, ბრინჯი, იოგურტი.

კივი, კივი ბავშვისთვის, კივი ბავშვის მენიუში,

რეცეპტი: კივის სალათა

ინგრედიენტები:
•    კივი
•    ჟოლო
•    მოცვი
მომზადების წესი:
•    გათალეთ კივი და მოაცილეთ მას უხეში ბოლო. დაჭერით ხილი მცირე ზომის ნაჭრებად.
•    მოათავსეთ კივის ნაჭრები ჯამში, დაამატეთ გარეცხილი ჟოლო და დაჭყლეტილი ან წვრილად დაჭრილი მოცვი. ფრთხილად აურიეთ ინგრედიენტები.

გემოების შეხამება:
კივი შეგიძლიათ გამოიყენოთ ისევე, როგორც იყენებთ მარწყვს ან ბანანს: მოამზადეთ სმუზები, სალათები, გამოიყენეთ კერძებში ტროპიკული ხილის ნაცვლად, ან მიირთვით დამოუკიდებლად. კივი ძალიან უხდება მოცვს და ჟოლოს, ბანანს, პაპაიას, ქეშიუს, ქოქოსს და იოგურტს. ასევე შეგიძლიათ, კივი მარინადების შემადგენლობაშიც გამოიყენოთ.

წყარო: solidstarts.com

ასევე დაგაინტერესებთ: