ჟოლო ბავშვის მენიუში - რა ასაკიდან შევთავაზოთ?

30-03-2022

→ პროდუქტის ტიპი: ხილი
→ რეკომენდირებული ასაკი: 6 თვეზე მეტი
→ არ წარმოადგენს გავრცელებულ ალერგენს

რა ასაკში შეუძლია ბავშვს მიირთვას ჟოლო?

ჟოლოს მირთმევა ბავშვს შეუძლია მყარ საკვებზე გადასვლისთანავე, დაახლოებით 6 თვის ასაკიდან. ბავშვებს იზიდავთ წითელი საკვები. წითელი ერთ-ერთი პირველი ფერია, რომლის დანახვაც ბავშვს შეუძლია. ასე რომ, წითელი ჟოლო ბავშვისთვის ხილის შესაყვარებლად საუკეთესო არჩევანია.

სასარგებლოა თუ არა ჟოლო ბავშვებისთვის?

დიახ!  ჟოლო დიდი რაოდენობით უჯრედისს და C ვიტამინს შეიცავს, რომელიც ორგანიზმს რკინის შეწოვაში ეხმარება, რაც თავის მხრივ ტვინის განვითარებისა და სისხლის შემადგენლობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია. ჟოლო ასევე გამორჩეულია ანტიოქსიდანტების სიუხვით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნაყოფს მაქსიმალური სიმწიფის დროს კრეფენ. სამწუხაროდ, როგორც წესი, ჟოლოს კომერციულ ფერმებში ჯერ კიდევ დაუმწიფებელს კრეფენ, რათა შორეულ სუპერმარკეტებში მიწოდებამდე არ გაფუჭდეს, მაშინ როცა მწიფე კენკრა ანტიოქსიდანტების 50%-ით მეტ რაოდენობას შეიცავს. თუ ამის საშუალება გაქვთ, გირჩევთ შეიძინოთ ორგანული ჟოლო, რომელიც ანტიოქსიდანტებით გაცილებით უფრო მდიდარია. არაორგანული ჟოლო ძალიან დიდი რაოდენობით პესტიციდებს შეიცავს. თუ იძულებული ხართ არაორგანული ხილი იყიდოთ, ჟოლოს მაგივრად გირჩევთ არჩევანი ნაკლები პესტიციდების შემცველ ხილზე შეაჩეროთ, როგორიცაა კივი, ნესვი, პაპაია და ანანასი. ასევე შეგიძლიათ გაყინული ორგანული ჟოლო შეიძინოთ, რომელიც ნედლზე უფრო იაფია, თუმცა გემო ისეთივე ტკბილი აქვს.

არის თუ არა ჟოლოს მირთმევა საშიში გადაცდენის მხრივ?

ჟოლოს გადაცდენა შესაძლებელია, თუმცა ის ამ მხრივ განსაკუთრებულად საშიში პროდუქტი არ არის. თუ ჟოლო მწიფე და რბილია, გადაცდენის საფრთხე არ არსებობს, რადგან ბავშვი მას თითებით და ენით მარტივად სრესს. მაგრამ თუ ჟოლო პატარა და მაგარია, უმჯობესია გააბრტყელოთ ის თითებს შორის მოქცევით, სანამ პატარას შესთავაზებდეთ.

წარმოადგენს თუ არა ჟოლო გავრცელებულ კვებით ალერგენს?

არა. ჟოლოს მიმართ ალერგიის განვითარება შესაძლებელია დაფიქსირდეს, თუმცა ასეთი შემთხვევები საკმაოდ იშვიათია. ადამიანები ორალური ალერგიის სინდრომით (ხილის მტვრის სინდრომი) შეიძლება სენსიტიურნი იყვნენ ჟოლოს მიმართაც.
შენიშვნა: მჟავას შემცველი პროდუქტების მირთმევის შემდეგ ბავშვებს პირის ირგვლივ და ნიკაპზე ხშირად უჩნდებათ მცირე გამონაყარი. ასეთი პროდუქტებია: ციტრუსი, ანანასი, ჟოლო და პომიდორი. გამონაყარი მხოლოდ კანის რეაქციაა პროდუქტში შემავალი მჟავას მიმართ და ალერგიულ რეაქციად არ ითვლება. ასევე, ჟოლოს მირთმევამ შეიძლება საფენისგან გამოწვეული გამონაყარი გააუარესოს, ამიტომ თუ პატარას ეს პრობლემა აწუხებს, დროებით თავი შეიკავეთ ჟოლოს მიცემისგან.

რა სახით მივაწოდოთ ჟოლო ბავშვებს?

6-9 თვის ასაკში: დაჭყლიტეთ ჟოლო და მიართვით ბავშვს ან გაურიეთ დაჭყლეტილ ჟოლოში იოგურტი, ბოსტნეულის პიურე, ყველი ან თბილი შვრიის ფაფა, რათა უფრო ადვილად შეძლოს მან ჟოლოს მასის ხელით აღება და მირთმევა. ასევე, შეგიძლიათ ჟოლო გააბრტყელოთ თითებით ან ჩანგლით.
9-12 თვის ასაკში: ნაზად გასრისეთ ჟოლო თითებს შორის და შესთავაზეთ ბავშვს, თავად აიღოს ის ჯამიდან. ამ გზით ნატიფ მოტორულ უნარებსაც გაივარჯიშებს. თუ ჟოლო ძალიან მწიფე და რბილია, და დარწმუნებული ხართ, რომ ბავშვს ღეჭვის და ყლაპვის უნარები კარგად აქვს განვითარებული, მას შეგიძლიათ მთლიანი ჟოლოც შესთავაზოთ.
12-24 თვის ასაკში: თუ ჟოლო მწიფეა, შესთავაზეთ ის ბავშვს მთლიანი ნაყოფის სახით. ამ ასაკში ბავშვები ხშირად ჟოლოს თითებზე წამოიცვამენ და ისე მიირთმევენ ხოლმე, სახალისოდ.

რეცეპტი: ჟოლოს პარფაიტი
ინგრედიენტები:
•    ბერძნული იოგურტი
•    ჟოლო
•    სელის თესლის ზეთი (სურვილისამებრ)
•    ბანანი
მომზადების წესი:
•    გარეცხეთ და გააშრეთ ჟოლო. მოათავსეთ თასში.
•    დაჭყლიტეთ ჟოლო ჩანგლით და დაუმატეთ ბერძნული იოგურტი, ცოტაოდენი სელის ზეთი და აურიეთ, სანამ ყველა ინგრედიენტი თანაბრად არ გადანაწილდება.

წყარო: solidstarts.com