მარწყვი
პროდუქტის ტიპი: ხილი
რეკომენდირებული ასაკი: 6 თვე +
ხელს უწყობს ნაწლავების მოქმედებას
არ წარმოადგენს გავრცელებულ კვებით ალერგენს
მარწყვის მირთმევა ბავშვს შეუძლია მაშინვე, როგორც კი მზად იქნება მყარ საკვებზე გადასასვლელად, რაც, ჩვეულებრივ, 6 თვის ასაკში ხდება. გაითვალისწინეთ, რომ მარწყვის ზომები მერყეობს და ყველა მათგანი არ არის შესაფერისი ჩვილებისთვის.
მარწყვი იზრდება ზომიერი კლიმატის ზონებში, მთელს მსოფლიოში. ადამიანები საუკუნეების მანძილზე იღებდნენ ველურ მარწყვს და სწავლობდნენ ამ ნაყოფის მოყვანას. არსებობს მარავალი ჯიშის მარწყვი - ზოგიერთი ფრჩხილისოდენა, სხვები მუჭის ზომის, ზოგი წითელი ან ვარდისფერი, ზოგი მეწამული ან თეთრი, ზოგი ტკბილი, ზოგიც კი მჟავე გემოსი.
მარწყვი, ბანანისგან განსხვავებით, მოკრეფის შემდეგ არ აგრძელებს დამწიფებას.
დიახ. მარწყვი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და ეხმარება ბავშვის ორგანიზმს მცენარეული საკვებიდან რკინის ათვისებაში. მარწყვი ასევე შეიცავს ბოჭკოს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავების ფუნქციონირებას, ფოლიუმის მჟავას, რომელიც ასტიმულირებს მეტაბოლიზმს და ანტიოქსიდანტს. მარწყვის თესლი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც აუცილებელია ბავშვის მხედველობის, ნერვული სისტემის და ტვინის განვითარებისთვის. მარწყვის საუკეთესო მხარე არის ის, რომ ნაყოფი შეიცავს 50-ზე მეტ პოლიფენოლს, მცენარეულ ნაერთებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც ანტიოქსიდანტები და აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
მარწყვს, როგორც წესი, უხვად ასხურებენ პესტიციდებს. იმისთვის რომ შეამციროთ მარწყვის ზედაპირზე პესტიციდების რაოდენობა კარგად გარეცხეთ ის მირთმევამდე და თუ თქვენი ბიუჯეტი ამის საშუალებას იძლევა, იყიდეთ ორგანული, ახალი ან გაყინული მარწყვი.
★რჩევა: გონივრული იქნება თუ ბავშვს მარწყვის ჯემს მე-2 დაბადების დღემდე არ შესთავაზევთ, რადგან ის დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. ამის ნაცვლად, დაჭყლიტეთ მარწყვი და შეურიეთ ის შვრიის ფაფას ან იოგურტს, გასქელეთ ჩიას მარცვლებით ან მიართვით ბავშვს დამოუკიდებლად.
მარწყვის მირთმევისას არსებობს გადაცდენის და დახრჩობის პოტენციური საშიშროება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ნაყოფი მყარი, მრგვალი და პატარაა. რისკის შესამცირებლად ბავშვს შესთავაზეთ მხოლოდ დიდი ზომის, რბილი კონსისტენციის მწიფე კენკრა. ბავშვს შეუძლია დიდი ზომის ნაყოფი (ბევრად უფრო დიდი ვიდრე ბავშვის პირი) მთლიანი სახით მიირთვას, თუ თქვენ ყურადღებით აკვირდებით კვების პროცესს. პატარა, მრგვალი და მყარი მარწყვი უნდა დაიჭრას ოთხად.
არა. მარწყვი არ ითვლება ჩვეულ ალერგენად, თუმცა მარწყვში გვხვდება ალერგიის გამომწვევი ცილები. ცილები, რომლებიც იწვევენ ალერგიულ რეაქციებს, ნაკლებად გვხვდება თეთრ მარწყვში. ალერგიაზე უფრო ხშირად, მარწყვის მირთმევისას ბავშვებს უვითარდებათ საკვების მაჟავის მიმართ კანის რეაქცია - წვრილი გამონაყარი პირის ირგვლივ. ასევე შეიძლება გამწვავდეს საფენისგან გამოწვეული გამონაყარი. გამონაყრის შესამცირებლად წაისვით ბარიერული კრემი ან მალამო საფენის მიდამოზე. ორალური ალერგიის სინდრომის მქონე პირები (ასევე ცნობილია როგორც მტვრის საკვების ალერგიის სინდრომი), განსაკუთრებით კი ადამიანები, რომლებიც ალერგიულნი არიან არყის მტვრის მიმართ, შეიძლება იყვნენ მგრძნობიარე მარწყვის მიმართაც. ორალური ალერგიის სინდრომი, როგორც წესი, იწვევს მსუბუქ, დროებით ქავილს, ჩხვლეტას ან წვას პირის ღრუში, რომელიც ჩვეულებრივ თავისთავად ქრება. ხილის მოხარშული სახით მიღებამ შეიძლება შეამციროს რეაქციის გამოწვევის შანსი. მარწყვი არის Rosaceae ოჯახის წევრი და პირებს, რომლებსაც აქვთ ალერგია ამ ოჯახის სხვა მცენარეების მიმართ (როგორიცაა ნუში, ვაშლი და ქლიავი) შეიძლება ჰქონდეთ ალერგია მარწყვის მიმართაც.
6-დან 9 თვემდე: თუ მარწყვი ძალიან დიდი ზომის, ძალიან რბილი და მწიფეა, შეგიძლიათ ბავშვს შესთავაზოთ მთლიანი სახით (ღერო მოაშორეთ). იმის შესამოწმებლად არის თუ არა კენკრა საკმარისად რბილი მოიქციეთ ის თითებს შორის და დარწმუნდით, რომ ოდნავი ზეწოლის შედეგად იზნიქება. თუ ნაყოფი პატარა ზომისაა, მირთმევის წინ გახეხეთ ან დაჭერით. შეგიძლიათ ხილი იოგურტს ან შვრიის ფაფას შეურიოთ.
9-დან 12 თვემდე: თუ ბავშვს პინცეტის რეფლექსი განვითარებული აქვს (მცირე ზომის საგნების ცერა და საჩვენებელი თითებით აღება) შესთავაზეთ ოთხად დაჭრილი ნაყოფი. თუ მარწყვი ძალიან დიდია, შეგიძლიათ რვა ნაწილადაც დაჭრათ.
12-დან 24 თვემდე: შესთავაზეთ ბავშვს მარწყვის პატარა ნაჭრები. ამ ეტაპზე შეგიძლიათ სცადოთ ჩანგლის გამოყენების სწავლება. როდესაც იგრძნობთ, რომ ბავშვი მზად არის, გაზარდეთ ნაჭრების ზომა და შესთავაზეთ ბავშვს დიდი, მთლიანი ან ნახევარი მარწყვი. რაც უფრო მწიფე და რბილია კენკრა, მით ნაკლებია გადაცდენის რისკი.
რეცეპტი: შვრიის ფაფა მარწყვით
ინგრედიენტები:
• ½ ჭიქა (40 გრამი) შვრია
• 1 ჭიქა (250 მილილიტრი) წყალი ან რძე
• ½ ჭიქა (75 გრამი) ახალი ან გაყინული მარწყვი
• 1 მწიკვი დაფქული კარდამონი, დარიჩინი, მუსკატის კაკალი ან სხვა სანელებლები (სურვილისამებრ)
• 1 მწიკვი დაფქული ნუში ან თხილი (სურვილისამებრ)
მომზადების წესი:
• შეურიეთ შვრია და წყალი პატარა ქვაბში. მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დაუწიეთ ალს.
• ხშირად ურიეთ, სანამ შვრიის ფაფა შესქელდება, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.
• გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და გააცივეთ.
• გარეცხეთ და გააშრეთ მარწყვი, დარწმუნდით, რომ მწიფე და რბილია. თუ დარწმუნებული არ ხართ, კენკრა თითებს შორის მოიქციეთ და მოუჭირეთ. ის ადვილად უნდა იზნიქებოდეს. მარწყვის ნაწილი გახეხეთ და შეურიეთ შვრიის ფაფას. მარწყვის მეორე ნახევარი დაჭერით ასაკისთვის შესაფერის ზომებად.
• შეურიეთ სანელებელი შვრიის ფაფაში და ზემოდან მოაყარეთ დაფქული ნუში.
• თასში ჩაასხით შვრიის ფაფა. ულუფის ზომა განსაზღვრეთ ბავშვის მადის მიხედვით.
• ნება მიეცით ბავშვს იკვებოს საკუთარი ხელით. თუ გსურთ წაახალისოთ კოვზის გამოყენება, გაავსეთ კოვზი და დადეთ თასის გვერდით, რათა ბავშვმა აიღოს, ან მიაწოდეთ კოვზი ბავშვს.
შენახვა: მარწყვის შვრიის ფაფა ინახება ჰერმეტულ კონტეინერში, მაცივარში 1 კვირის განმავლობაში. დაჭრილი მარწყვი ინახება ჰერმეტულ კონტეინერში, მაცივარში 3 დღის განმავლობაში.
გემოების შეხამება:
მარწყვს აქვს მჟავე-ტკბილი არომატი (ზოგიერთი უფრო ტკბილია ვიდრე სხვები!), რომელიც კარგად უხდება ბალახოვან ბოსტნეულს, როგორიცაა არტიშოკი, სატაცური ან რევანდი, ფოთლოვან მწვანილს, როგორიცაა ოხრახუში და ისპანახი, პარკოსნებს, როგორიცაა ლობიო, ბარდა, თხილეულს და მარცვლეულს, როგორიცაა ნუში, ამარანტის თესლი და ქინოა. სცადეთ მარწყვის არომატის გაძლიერება ლიმონით, ლაიმით, ფორთოხლით და სხვა ციტრუსებით, სანელებლებით, როგორიცაა კარდამონი, დარიჩინი, ვარდის წყალი ან ვანილი. მარწყვი კარგად ეხამება მსგავსი სიტკბოს მქონე ხილს, როგორიცაა მოცვი, კივი ან ანანასი, ასევე ცხიმიან საკვებს, როგორიცაა ქოქოსი, თხის ყველი, მასკარპონე, რიკოტა და იოგურტი.
წყარო: solidstarts.com