ხურმა ბავშვის მენიუში

20-10-2021

პროდუქტის ტიპი: ხილი 
რეკომენდებული ასაკი: 6 თვეზე მეტი
არ წარმოადგენს გავრცელებულ კვებით ალერგენს.

როდის შეუძლიათ პატარებს მიირთვან ხურმა?

ხურმა შეგიძლიათ შესთავაზოთ ბავშვს მყარ საკვებზე გადასვლისთანავე, დაახლოებით 6 თვის ასაკში. გახსოვდეთ, რომ ნედლი სახით ხურმის ბავშვისთვის მიცემა სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან მისი შიგთავსი არის სრიალა, შეიცავს კურკებს და შეიძლება იყოს საკმაოდ მაგარი (ეს თვისებები ზრდის გადაცდენის რისკს). გახსოვდეთ, რომ ბოლომდე დაუმწიფებელი ხურმა არის მშრალი და პირის ღრუში იწვევს დაბუჟების შეგრძნებას, რაც უჩვეულოა ამ ხილის პირველად გასინჯვისას.

სასარგებლოა თუ არა ხურმა ბავშვებისთვის?

დიახ. ხურმა შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რომლიც ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესებს, E ვიტამინს, რომელიც სასრგებლოა კანისა და თვალებისთვის,C ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს რკინის ათვისებას და B6 ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს ნერვული და ენდოკრინული სისტემის განვითარებას და უჯრედთა ზრდის პროცესს. ხურმა ასევე მცენარეულ ნაერთს კაროტენოიდებს შეიცავს, რომელიც ხილს თავის ფერს აძლევს და მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი. კაროტენოიდები გარდაიქმნება A ვიტამინად, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას.
ხურმის ჩირიც სასარგებლოა, თუმცა, უმჯობესია ცოტა მოიცადოთ, სანამ მას ბავშვის კვების რაციონში შეიტანთ (უმჯობესია ხურმის ჩირი ბავშვს 1 წლის ასაკამდე არ შესთავაზოთ), რადგან ხურმის ჩირი სახიფათოა ჩვილი ბავშვებისთვის გადაცდენის მაღალი რისკის გამო. 
★ რჩევა: თუ ხურმას ზედაპირზე შავი ან ყავისფერი ლაქები აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფუჭებულია. ასეთი ლაქები დამახასიათებელია ხურმისთვის.

საიდან მოდის ხურმა?
ხურმა არის დიდი ზომის კენკროვანი ხილი, რომელიც თბილი კლიმატის ქვეყნებში, სუბტროპიკულ რეგიონებში ხარობს. არსებობს მისი სხვადასხვა ვარიანტი. ზოგი მათგანი მრგვალი ფორმისაა, ზოგი - ელიფსოიდური. განსხვავებაა ფერშიც, რომელიც წითლიდან ყვითლამდე მერყეობს. ხურმის სამშობლოდ აზია ითვლება.
ხურმას ადრე კრეფენ და შემდეგ ამწიფებენ ოთახის ტემპერატურაზე. მწიფე ხურმა ძალიან ტკბილი და რბილია, მაშინ როცა ბოლომდე დაუმწიფებელი ხურმა შეიძლება იმდენად მშრალი იყოს, რომ პირის ღრუ მთლიანად გამოაშროს. იმის გასარკვევად, მწიფეა თუ არა ხილი, მოუჭირეთ მას ხელი - ხურმის ტექსტურა დამწიფებასთან ერთად რბილდება. დაუმწიფებელი ხურმა ძალიან მაგარია, ჰგავს ვაშლს, ხოლო მწიფე ხურმის შიგთავსს აქვს ჟელესმაგვარი კონსისტენცია.

ხურმა, კარალიოკი, ხურმა ბავშვისთვის,

რეცეპტი: ხურმა დაფქულ ნიგოზთან და დარიჩინთან ერთად

ლუფა: 1 ჭიქა (150გრ)
მომზადების დრო: 5 წუთი
ასაკი: 6 თვეზე მეტი
ინგრედიენტები
•    1 მწიფე ხურმა 
•    ½ ჩაის კოვზი (1 გრ) დაფქული ნიგოზი ან სხვა სახის თხილეული
•    1 მწიკვი დარიჩინი
ეს რეცეპტი შეიცავს გავრცელებულ კვებით ალერგენს, ნიგოზს. მხოლოდ მას შემდეგ შესთავაზეთ კერძი ბავშვს, რაც დარწმუნდებით, რომ მას თხილის მიმართ ალერგია არ აქვს.
მომზადების წესი
1.    გარეცხეთ და გააშრეთ ხილი. გაჭერით ის შუაზე და მოაშორეთ კურკები.
2.    ჩაასხით ქვაბში 1 ჭიქა წყალი (240მლ) და მიიყვანეთ ადუღებამდე.
3.    მოათავსეთ ქვაბში ხურმა, დაახურეთ თავსახური და მოამზადეთ მანამ, სანამ დარბილდება, დაახლოებით 2-5 წუთით. გადაღვარეთ წყალი.
4.    გააგრილეთ ხურმა ოთახის ტემპერატურამდე. თუ კანი ადვილად სცილდება, მოაცილეთ, ხოლო თუ არა, შეგიძლიათ დატოვოთ.
5.    მოაყარეთ ხურმის ნაჭრებს ნიგოზი და დარიჩინი. მრავალფეროვნების შესატანად შეგიძლიათ დაუმატოთ თქვენთვის სასურველი საკმაზი - შავი წიწაკა, ვანილი ან ჯინჯერი, პიტნა ან ოხრახუში. 
6.    მიართვით ბავშვს ხურმის დესერტი და დართეთ ნება მიირთვას თითებით ან თავად მიაწოდეთ მას ხურმის ნაჭრები.
შენახვის წესი: შეინახეთ მაცივარში, დახურულ კონტეინერში, 3 დღემდე.
რა უხდება ხურმას?
ხურმას კარგად ეხამება ავოკადო, თხის ყველი, იოგურტი, ნუში, ნიგოზი ან ჭარხალი. 

წყარო: Solidstarts

ასევე დაგაინტერესებთ: