სელის თესლი ბავშვისთვის - რა ასაკიდან ჩავრთოთ მენიუში?

27-04-2023

სელის თესლი ცნობილია, როგორც სუპერ საკვები, ნედლი სელის თესლი და სელის ზეთი ისეთ მცენარეულ ნაერთებს შეიცავს, რომლებიც დიდი რაოდენობით მოხმარებისას შეიძლება ტოქსიკური იყოს. ამის გათვალისწინებით, სელი ან სელის ზეთი მცირე რაოდენობით შეიძლება შევიტანოთ ბავშვის კვებით რაციონში 6 თვის ასაკიდან, რადგან მათი სარგებელი აღემატება ტოქსინების ზემოქმედების რისკს.

რამდენად სასარგებლოა სელის თესლი ჩვილებისთვის?

სელის თესლსა და ზეთში უხვადაა ჩვილებისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებები - სელის თესლი ალფა ლინოლეინის მჟავის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, მასში უხვადაა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა, ცილები, B ჯგუფის ვიტამინები, სპილენძი, რკინა, სელენი და თუთია. სელის თესლი ასევე შეიცავს ლიგნანებს (ანტიოქსიდანტს, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას) და ბოჭკოს, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავების მოქმედების რეგულარულობას. მსუბუქად მოხალეთ ან გამოაცხვეთ თესლი დაფქვამდე მასში არსებული ტოქსიკური ნაერთების დასაშლელად.

რჩევა: სელის პროდუქტები (ფქვილი და ზეთი) ადვილად ფუჭდება სიცხეში. შეინახეთ ისინი მაცივარში და არ გამოიყენოთ სელის ზეთი საკვების მომზადების პროცესში, თუ ის გულისხმობს ზეთის გაცხელებას, რადგან სითბოს ზემოქმედება მას მწარე და მჟავე გემოს აძლევს.

სელი, სელის თესლი, სელი ბავშვის მენიუში,

რამდენად დიდია სელის თესლის გადაცდენის რისკი ბავშვებში?

სელის თესლი არ არის გადაცდენის და დახრჩობის მაღალი საშიშროების მქონე პროდუქტი. ამის მიუხედავად, დარწმუნდით, რომ ქმნით უსაფრთხო კვების გარემოს და ყოველთვის იყავით ბავშვის გვერდით კვების დროს.

არის თუ არა სელის თესლი კვებითი ალერგიის გამომწვევი პროდუქტი?

არა. სელის თესლზე ალერგია იშვიათია. თუმცა, როგორც ნებისმიერი ახალი საკვების შეთავაზებისას, თავიდან დაიწყეთ ძალიან მცირე ულუფებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ბავშვს აქვს ალერგია სხვა სახის თესლზე. თუ არასასურველი რეაქცია არ არის, თანდათან გაზარდეთ ულუფის ზომა.

როგორ შევთავაზოთ სელის თესლი ჩვილ ბავშვს?

6-დან 12 თვემდე: დაფქული სელის თესლი მოაყარეთ რბილი კონსისტენციის მქონე საკვებს, როგორიცაა ბოსტნეულის პიურე, მარცვლეულის ფაფა ან იოგურტი. ასევე შეგიძლიათ მცირე რაოდენობით სელის ზეთი მოასხათ საკვებს.

12-დან 18 თვემდე: შეურიეთ მცირე რაოდენობით სელის ზეთი ან დაფქული სელის თესლი რბილ საკვებში ან დაამატეთ ის სმუზს. 

18-დან 24 თვემდე: დაამატეთ მცირე რაოდენობით დაფქული სელის თესლი ან სელის ზეთი სხვადასხვა საკვებში. ამ ასაკში პატარებს ძალიან მოეწონებათ სელისგან დამზადებული პროტეინის ბურთულები (იხილეთ რეცეპტი). დაფქული სელი ადვილად შეიძლება დაემატოს ნებისმიერ რეცეპტს.

სელი, სელის თესლი, სელი ბავშვის მენიუში,

პროტეინის ბურთულები ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა რბილი ფინიკი;
  • 2 სუფრის კოვზი დაფქული სელის თესლი;
  • 1/2 ჭიქა არაქისის კარაქი ან სხვა თხილის ან თესლის კარაქი;
  • 1/4 ჭიქა შვრია ან უშაქრო ქოქოსის ფანტელები;
  • 1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი;
  • ფორთოხლის ცედრა (სურვილისამებრ);
  • ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი (სურვილისამებრ);

მომზადების წესი: ფინიკს მოაშორეთ კურკები და დააბლენდერეთ. დაფქული სელის თესლი მსუბუქად მოხალეთ, სანამ არ გახდება ოქროსფერი, დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში.დააბლენდერეთ ის ყველა სხვა ინგრედიენტთან ერთად. მიიღებთ წებოვან მასას, რომელიც უნდა შეკრათ ბურთულებად ხელის გულებით - პატარებს ძალიან უყვართ ამ ნაწილში დახმარება! თუ მასა ძალიან წებოვანია, ხელისგულებზე წაისვით ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი. ბურთები მაცივარში ინახება ერთ კვირამდე.

წყარო:solidstarts. 

ასევე დაგაინტერესებთ: