როდესაც ორსულად ხართ და ბავშვს ელოდებით, ალბათ წინასწარ იცით, რომ ღამის ძილი თქვენთვის მალე სანატრელი გახდება. ახალშობილებს ძალიან არასტაბილური ძილის პატერნები აქვთ. ხოლო როცა პატარა ოდნავ წამოიზრდება და გგონიათ, რომ ღამე ძილს შეეჩვია, ძილის რეგრესია შეიძლება მოხდეს.
ჩვილი ბავშვის ცხოვრების პირველი 2 თვის განმავლობაში ის ხანგამოშვებით იძინებს, შეიძლება - გადაბმულად 2-3 საათით. საერთო ჯამში დღე-ღამეში 13-14 საათი სძინავს. ახალშობილის ძილის ეპიზოდები არაპროგნოზირებადია და არანაირი ჩამოყალიბებული პატერნი არ აქვს.
ამ პერიოდში თქვენი პატარა:
• სწავლობს გარე სამყაროზე რეაგირებას;
• ეჩვევა დღისა და ღამის მონაცვლეობას;
• ეჩვევა კვების პროცესს;
• იკვლევს საკუთარი სხეულის მოძრაობას და ფუნქციებს.
ყველა ბავშვის განვითარების პროცესი ინდივიდუალურია. მაგრამ, სავარაუდოდ, 3 თვის ასაკისთვის თქვენი შვილი თანდათან ძილის მყარ პატერნს ჩამოიყალიბებს. დღისით განსაზღვრული ექნება თვლემის დრო და ღამის განმავლობაში უფრო დიდხანს ეძინება.
რა არის ძილის რეგრესია?
ძილის რეგრესია ნორმალურია როგორც ჩვილ, ასევე უფრო მოზრდილ ბავშვებში. რეგრესია წინა, ნაკლებად განვითარებულ მდგომარეობაში დაბრუნებას ნიშნავს.
ძილის რეგრესიის პერიოდში ბავშვის ახლად ჩამოყალიბებული ძილის პატერნი იშლება. შეიძლება უფრო მეტად ჭირვეულობდეს და უარს ამბობდეს დღისით ან ღამით დაძინებაზე. ძილის რეგრესია ძალიან დამღლელი და რთულია მშობლისთვის, მაგრამ სინამდვილეში ის კარგის ნიშანია. ძილის რეგრესია მაშინ ხდება, როცა თქვენი პატარა ინტენსიური განვითარების ფაზაში გადადის. ის ამ პერიოდში შეიძლება ახალ უნარებს იძენდეს, როგორებიცაა:
• ღიმილი და ინტერაქცია;
• გადაბრუნება;
• გარემოს უკეთესი შეცნობა;
• წამოჯდომა;
• სივრცითი აღქმის შეძენა;
• ცოცვა;
• ლაპარაკი;
ძილის რეგრესიის პერიოდები ბავშვის ინტენსიური განვითარების ფაზებს ემთხვევა და დაახლოებით შემდეგ ასაკში უნდა ველოდოთ:
ოთხი თვის ასაკი: თქვენი პატარა ამ დროს ახალშობილისთვის დამახასიათებელი ძილის პატერნიდან გამოდის და მისი ძილის ბიოლოგიური ასპექტები იცვლება.
ექვსი თვის ასაკი: ბავშვი სწრაფად ივითარებს ახალ უნარებს. ამ დროს კბილების ამოსვლაც შეიძლება განაპირობებდეს ძილის რეჟიმის არევას.
რვა თვის ასაკი: ამ ასაკში ემოციური განვითარებაა აქტუალური. თქვენი შვილი შეიძლება განიცდიდეს განშორების შფოთვას და ეს უშლიდეს ხელს ძილში.
თორმეტი თვის ასაკი: გაზრდილმა აქტივობამ და გარემოს შეცნობის გაუმჯობესებამ შეიძლება პატარას ძილი უფრო მოუსვენარი გახადოს.
თვრამეტი თვის ასაკი: ძილზე უარის თქმის მიზეზი შეიძლება საკუთარი დამოუკიდებლობის შეგრძნების გაზრდა და საზღვრების გამოცდის სურვილი იყოს.
ამ დროს მოთმინება უნდა მოიკრიბოთ. იცოდეთ, რომ თქვენი შვილი სპეციალურად არ ამბობს ძილზე უარს. მას უბრალოდ უჭირს ჩაძინება და ძილის შენარჩუნება. არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომლებიც პატარას ძილის რეჟიმის დარეგულირებაში დაგეხმარებათ:
შეინარჩუნეთ ჩვეული რუტინა: მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს ჩვეულ დროს აღარ ეძინება, მაინც მიჰყევით ჩვეულ რუტინას. ეს მას დაამშვიდებს და ძილისთვის განაწყობს.
დაიცადეთ, სანამ რეაგირებას მოახდენთ: თუ თქვენი პატარა შუა ღამით იღვიძებს ან საწოლში ჩაწვენისას ტირილს იწყებს, დაიცადეთ, სანამ ხელში აიყვანთ და მის დაძინებას შეეცდებით. მიეცით მას რამდენიმე წუთი, რომ თავი დაიმშვიდოს და ნახეთ, შეძლებს თუ არა დამოუკიდებლად დაძინებას. თუ ხელში მაინც აიყვანთ, არ გაიყვანოთ სხვა ოთახში და არ აანთოთ შუქი. ეს მას დააბნევს და აფიქრებინებს, რომ ახლა თამაშს დროა და არა ძილის.
წყარო: webmd.com
ასევე დაგაინტერესებთ: