რატომ იღიმიან ბავშვები ძილის დროს?

28-12-2021

ბავშვის ღიმილზე უფრო მშვენიერი ცოტა რამ არის. მშობლები დიდი აღფრთოვანებით ხვდებიან თავიანთი პატარის ღიმილს და უკვირთ, როცა პირველად ხედავენ, როგორ იღიმის მათი შვილი ძილში. ამ დროს ალბათ აღფრთოვანებას და უდიდეს სიყვარულს იგრძნობთ თქვენი პატარის მიმართ. მაგრამ შემდეგ შეიძლება დაფიქრდეთ და დაგაინტერესოთ, რატომ იღიმიან პატარები ძილის დროს და რისი მანიშნებელია ეს?

თქვენ ალბათ იცით, ღიმილის რეაქციის შესახებ - როდესაც პატარები ზრდასრულების სახის მიმიკების განმეორების გამო იღიმიან, მაგრამ ამის გარდა ბავშვებს ე.წ. ენდოგენური ღიმილის უნარიც აქვთ, რომელიც გარეგანი სტიმულების შედეგი არ არის. ჩვილი ბავშვები ძილში იღიმიან და ზოგჯერ იცინიან კიდეც, რაც ძილის დროს, თვალის სწრაფი მოძრაობის ფაზაში ტვინის ფუნქციონირების შედეგია. ეს ძილის ის ფაზაა, რომლის დროსაც სიზმრებს ვხედავთ. ბავშვის ღიმილი სიზმარზე რეაქციაა. მართალია, ბავშვის სიზმრის შინაარსის გაგება ჩვენთვის შეუძლებელია, რადგან მათ ჯერ არ აქვთ ჩვენთვის სიზმრის მოყოლის შესაძლებლობა, მაგრამ, დიდი ვარაუდით, ღიმილი სიზმარში მომხდარი რაიმე ამბის პასუხად იბადება. პატარები ასევე იღიმიან ჩაძინების ან გაღვიძების მომენტშიც, რაც შეიძლება ამ დროს განცდილ სასიამოვნო და პოზიტიურ შეგრძნებებზე პასუხი იყოს.

როგორ იწვევს ძილი ბავშვის ღიმილს?
იმისთვის, რომ გავიგოთ, რატომ იღიმიან ბავშვები ძილის დროს, უნდა ვიცოდეთ ძილის ფაზების შესახებ. გამოიყოფა ძილის ორი ფუნდამენტური ფაზა - ნელი ძილის ფაზა, თვალების სწრაფი მოძრაობის გარეშე (NREM)  და სწრაფი ძილის ფაზა, ანუ თვალის სწრაფი მოძრაობის ფაზა (REM).
ბავშვები ძილს იწყებენ ნელი ფაზით, რომელიც თავის მხრივ 4 სტადიისგან შედგება:

•    NREM 1: ბავშვი მოთენთილია, თვალები ეხუჭება, შეიძლება თვალები რამდენიმეჯერ გაახილოს და დახუჭოს.
•    NREM 2: ბავშვს აქვს ფხიზელი ძილი და შეიძლება რაიმე ხმაზე ან სხვა სტიმულზე გაეღვიძოს.
•    NREM 3: ბავშვი ღრმა ძილში ეშვება და გაუნძრევლად წევს.
•    NREM 4: ძილის ყველაზე ღრმა ფაზა - ბავშვი ისევ გაუნძრევლად წევს და იღვიძებს მხოლოდ ძლიან ხმამაღალ ხმაურზე.
ბავშვი ძილს იწყებს პირველი სტადიით, გაივლის მე-2, მე-3 და მე-4 სტადიას და შემდეგ უბრუნდება მე-3 სტადიას, შემდეგ - მეორეს და გადადის სწრაფი ძილის ფაზაში. ძილის ამ ციკლის გამომხატველი დიაგრამა იხილეთ ქვემოთ:
NREM 1 → NREM 2 → NREM 3 → NREM 4 → NREM 3 → NREM 2 → REM → NREM 2

ასე რომ, ძილის სტადიები ერთმანეთს ენაცვლება და ქმნიან ციკლს. ნელი ძილის ფაზებში ჩართულია სწრაფი ძილის ფაზა.

REM, სიზმრები და ღიმილი
REM - თვალის სწრაფი მოძრაობის ფაზა ზედაპირული ძილის ფაზაა, რომლის დროსაც სიზმრები ფორმირდება და თვალები ქუთუთოების ქვეშ სწრაფად მოძრაობენ, რაც ტვინის მიერ სიზმრის გადამუშავებასთან არის დაკავშირებული. ძილის REM ფაზის დროს თავის ტვინის აქტივობა გაზრდილია და ის თითქმის ღვიძილის პერიოდის აქტივობას უტოლდება. ამან ზოგჯერ შეიძლება ადამიანის გაღვიძებაც კი გამოიწვიოს. ამის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ თვალის სწრაფი მოძრაობის ფაზაში ტვინი რეალობის სიმულირებას ცდილობს. ჩვილი ბავშვები დღე-ღამის განმავლობაში 16 საათს ატარებენ ძილში და ამ დროის თითქმის ნახევარი REM ფაზას უჭირავს. უფრო მოზრდილი ბავშვების და ზრდასრულების შემთხვევაში REM ფაზის ხანგრძლივობა ბევრად უფრო ნაკლებია. ამიტომ გასაკვირია არ არის ბავშვის ღიმილი - ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს პატარა ანგელოზს კარგად სძინავს და ტკბილ სიზმრებს ხედავს.


წყარო: momjunction.com