როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვი მხოლოდ თქვენს მკლავებში იძინებს? 

31-01-2022

ბავშვი მუცლად ყოფნის პერიოდში საშვილოსნოში 9 თვეს ატარებს. საშვილოსნო მისთვის კომფორტული და დაცული, პირველი მშობლიური გარემოა. მეორე მშობლიური გარემო კი დედის მკლავები ხდება. დედის მკლავებში ყოფნა ბავშვისთვის დაბადების შემდეგ ყველაზე კომფორტული და დაცული პოზიციაა, რადგან ის პირდაპირ გრძნობს დედის ნაცნობ სითბოს. ამიტომ პატარებს უჭირთ შეეჩვიონ საწოლზე ან რაიმე სხვა ზედაპირზე დაძინებას.

ბავშვი თავდაპირველად დედის მკლავებში ძილს ეჩვევა და ხელში აყვანილი თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. ამიტომ, საჭიროა თავიდანვე დროდადრო დააწვინოთ საწოლზე, რათა თავი საწოლშიც კომფორტულად იგრძნოს.

სცადეთ ძილის ტრენინგის ახალი მეთოდი
მას შემდეგ, რაც ბავშვს ჩაეძინება, დააწვინეთ საწოლზე. სავარაუდოდ, პატარა მაშინვე ტირილს დაიწყებს, მაგრამ არა უშავს, ეს ნორმალურია. ამ შემთხვევაში ისევ უნდა აიყვანოთ ხელში, დაამშვიდოთ და შემდეგ ისევ საწოლზე დააწვინოთ. მართალია, ეს პროცესი ძალიან დიდ მოთმინებას და დროს მოითხოვს, მაგრამ დროთა განმავლობაში ბავშვი შეეჩვევა ახალ გარემოს. თუ ბავშვის საწოლთან ახლოს დარჩებით, ის სიმშვიდეს უფრო ადვილად შეინარჩუნებს, რადგან ეცოდინება, რომ თქვენ ის არ მიგიტოვებიათ.

შესაბამისად მოაწყვეთ ბავშვის დასაძინებელი სივრცე
ბავშვის ოთახი მორთეთ ნათელი ფერებით, შეიტანეთ სათამაშოები, საწოლზე გადააფარეთ რბილი და სასიამოვნო თეთრეული, გაათბეთ ბავშვის საწოლი, რათა მან ისე იგრძნოს თავი როგორც დედის მკლავებში. რაც უფრო გაიზრდება ბავშვი, მით უფრო დააინტერესებს ოთახის ნათელი ფერები და ლამაზი სათამაშოები. წინასწარ უნდა იყოთ მზად იმისთვის, რომ ძილის ტრენინგი ხანგრძლივი პროცესია და თქვენს დიდ მოთმინებას მოითხოვს. ის ერთ ღამეში არ დასრულდება. ბავშვს შეიძლება ამ პროცესის განმავლობაში ძილი დააკლდეს, მოემატოს გაღიზიანებადობა, მაგრამ დროთა განმავლობაში თავს უფრო კომფორტულად იგრძნობს თავის ახალ საწოლში.
დედებისთვის ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელია შვილის ხელში აყვანა და ჩახუტება, მაგრამ დიდხანს ბავშვის დაკავება ძალიან რთული და დამღლელია, დედას კი დასვენება თავადაც სჭირდება. ამის გამო მნიშვნელოვანია, რომ პატარა თავიდანვე შეეჩვიოს საწოლში ძილს. შედეგად, როცა ბავშვი წამოიზრდება, მას უკვე აღარ გაუჭირდება თავის ოთახში მარტო დარჩენა და დაძინება.
ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბავშვის საწოლში ჩაწვენა არ ნიშნავს იმას, რომ მას ყურადღება აღარ უნდა მივაქციოთ და არც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან ურთიერთობის დროს ვაკლებთ. ბავშვის სოციალური, გონებრივი და ემოციური განვითარებისთვის აუცილებელია მშობლების სიყვარულის მიღება. ამიტომ, ძილის ტრენინგის დროს აუცილებელია დავიცვათ ბალანსი, რათა ბავშვის ჯანსაღ განვითარებას საფრთხე არ შეექმნას.