ღამის, ანუ ძილის შიშები

02-09-2021

ღამის შიშები - Night Terrors, ანუ ძილის შიშები ეწოდება ეპიზოდს, რომლის დროსაც ბავშვი უეცრად და ნაწილობრივ იღვიძებს ღრმა ძილიდან, ყვირის, არის ძალიან შეშინებული და ბოლომდე გამოღვიძებას ვერ ახერხებს. ხშირად ეს ეპიზოდები კოშმარებში ერევათ. მათ შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ კოშმარი თვალების სწრაფი მოძრაობის, ანუ სიზმრის ფაზაში ყალიბდება, ხოლო ღამის შიშების ეპიზოდი - ღრმა ძილის ან ძილის ფაზებს შორის გარდამავალ პერიოდში და სიზმართან კავშირი არ აქვს.

რა ასაკში იჩენს თავს ღამის შიშები?

ღამის შიშები პარასომნიის, ანუ ძილის დარღვევის ერთ-ერთი სახეა. ის ყველაზე ხშირად 1-4 წლის ასაკის ბავშვებში გვხვდება. ბავშვს შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე ღამის შიშების ერთი ან ორი ეპიზოდი ჰქონდეს, ან ეს პრობლემა ყოველ ღამე, თვეების განმავლობაში აწუხებდეს. სამწუხაროდ, ღამის შიშების სამკურნალო და პრევენციული ღონისძიებები მწირია. ბავშები ასაკის მატებასთან ერთად თავისით გადალახავენ ამ პრობლემას.
ზოგ შემთხვევაში, ღამის შიშები მემკვიდრულია. თუ თქვენ ბავშვობაში ღამის შიშები გაწუხებდათ, თქვენს შვილს მისი გამოვლენის უფრო მეტი შანსი აქვს.

ღამის შიშები,

როგორია ღამის შიშების სიმპტომები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღამის შიშები განსხვავდება კოშმარებისაგან. ღამის შიშების ეპიზოდის დროს ბავშვის გაღვიძება რთულია, ის შეიძლება გაბრუებული იყოს ან გაყინული მზერა ჰქონდეს. გაღვიძებისას კი ვერ გაიხსენებს რაიმე საშიშ სიზმარს.
ამ ეპიზოდის დროს შეიძლება:
•    ბავშვი იყოს ძალიან შეშინებული ან დამწუხრებული.
•    არ შემოდიოდეს კონტაქტში.
•    იქნევდეს ხელებს ან ფეხებს.
•    მოგაშტერდეთ ფართედ გახელილი თვალებით.
•    ყვიროდეს ან გამოხატავდეს დისკომფორტს ვერბალურად.
•    ჰქონდეს ჭარბი ოფლიანობა ან სუნთქავდეს მძიმედ.
•    წრიალებდეს საწოლში.
•    უეცრად წამოჯდეს.
•    ჩაეძინოს ეპიზოდის გავლის შემდეგ გაღვიძების გარეშე.
•    არ ახსოვდეს ეპიზოდი.

ღამის შიშების ეპიზოდი, როგორც წესი, სულ რამდენიმე წუთი გრძელდება. ის, კოშმარისაგან განსხვავებით, მეხსიერებაში არ რჩება. ბავშვს მთელი ამ ეპიზოდის განმავლობაში სძინავს, მიუხედავად იმისა, რომ ის თქვენ შეიძლება ფხიზელი მოგეჩვენოთ.

ღამის შიშები,

რამ შეიძლება გამოიწვიოს ღამის შიშები?

ღამის შიშების ღრმა ძილის ფაზაში ყალიბდება. ღრმა ძილის ფაზა ბავშვის ჩაძინებიდან დაახლოებით 2-3 საათში იწყება. ბოლომდე გარკვეული არ არის, რა იწვევს ღამის შიშებს. თუმცა, მთავარი ვარაუდის მიხედვით, მნიშვნელოვან როლს ზესტიმულაცია და ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქცია თამაშობს. შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
•    გადაღლა ან ძილის ნაკლებობა.
•    დღის რუტინის არევა ( გზავრობის ან რაიმე ცხოვრებისეული ცვლილების გამო).
•    ღამის შიშების ოჯახური ისტორია.
•    ავადმყოფობა,
მაღალი ტემპერატურა.
•    ძილთან დაკავშირებული სუნთქვის პრობლემები, მაგალითად,
ძილის აპნოე.
•    
სტრესი.

ღამის შიშები ასევე შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებში, რომლებმაც ახლახან დაიწყეს ახალი მედიკამენტის მიღება, სძინავთ ახალ გარემოში ან მიიღეს ძალიან დიდი რაოდენობით კოფეინი.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ღამის შიშების დროს?

უკეთესია, თუ ბავშვის გაღვიძება არ ეცდებით. გაღვიძების შემთხვევაში ის შეიძლება უფრო განერვიულდეს და გაუჭირდეს დროში და სივრცეში ორიენტაცია. ასევე, ღამის შიშების მქონე ადამიანის გაღვიძება საკმაოდ რთულია და მათ ძილის შებრუნება შეიძლება ვეღარ შეძლონ. ამ დროს ყველაზე მნიშნელოვანი ბავშვის უსაფრთხოების დაცვაა. ეპიზოდის დროს ის ვერ აცნობიერებს სად იმყოფება, ამიტომ უნდა დაიცვათ საწოლიდან გადმოვარდნის და დაზიანებების მიღებისგან. ესაუბრეთ მას მშვიდი ხმით, დაარწმუნეთ, რომ უსაფრთხოდაა, თუ კარგად იმოქმედებს, ჩაეხუტეთ მას და მოიცადეთ, სანამ ეპიზოდი გადაივლის და ისევ ჩაეძინება.
ღამის შიშები,

•    შეიმუშავეთ ბავშვისთვის ძილის წინა დამამშვიდებელი რუტინა.
•    დააძინეთ ის ერთსა და იმავე დროს და არ მისცეთ უფლება ეღვიძოს გვიანობამდე.
•    დააძინეთ ბავშვი თქვენთან ახლოს, თქვენს ოთახში.
•    თუ ბავშვს ეპიზოდი ერთსა და იმავე დროს ეწყება, შეაღვიძეთ ის 15 წუთით ადრე და შემდეგ ისევ დააძინეთ.
•    შეამცირეთ ბავშვის სტრესის დონე.
•    ეცადეთ დღისით ძალიან არ გადაიღალოს.
•    მოგზაურობისას ეცადეთ ჩვეულ დროს დააძინოთ.
•    თუ ბავშვს სხვაგან უწევს დაძინება, გააფრთხილეთ მისი მომვლელი და ასწავლეთ როგორ მოიქცეს ეპიზოდის დროს.
 
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

დაუკავშირდით პედიატრს, თუ: ღამის შიშების ეპიზოდები ძალიან ხშირია, გრძელდება 30 წუთზე მეტ ხანს, მნიშნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის დასვენებაზე და ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე. კარგია თუ აწარმოებთ ჟურნალს, სადაც აღრიცხავთ გაღვიძების დროს და  ბავშვის ქცევას, რომ ექიმს რაც შეიძლება ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოთ.ექიმი გასინჯავს ბავშვს, რათა გამორიცხოს ყველა ფიზიკური მიზეზი და სამედიცინო პრობლემა. მან შეიძლება ძილის სპეციალისტთან გადაგამისამართოთ. ზოგ შემთხვევაში ექიმები ვერანაირ პრობლემას ვერ პოულობენ. ამ დროს თქვენი ერთადერთი არჩევანია, მოიცადოთ, სანამ ბავშვი ღამის შიშების ასაკიდან გამოვა, ანუ  მიაღწევს მოზარდობის ასაკს. მაგრამ, თუ ამ დროისთვის მდგომარეობა პირიქით - გაუარესდა, აუცილებლად უნდა აუწყოთ პედიატრს.
 

წყარო: verywellfamily.com 

ასევე დაგაინტერესებთ: