მაღალი ტემპერატურა ბავშვებში - კომაროვსკის რეკომენდაციები

05-09-2021

სხეულის მომატებული ტემპერატურა ნებისმიერი ინფექციური დაავადების ტიპიური გამოხატულებაა. ამ დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს ნივთიერებას, რომელიც ებრვის ინფექციის გამომწვევ მიზეზებს. ერთ-ერთი და მთავარი ასეთი ნივთიერება ინტერფერონია, განსაკუთრებული ცილა, რომელიც იმუნურ სისტემას ვირუსთან საბრძოლველად ამზადებს და განაწყობს. სწორედ ინტერფერონების რაოდენობაზეა დამოკიდებული სხეულის ტემპერატურა. რაც მეტია ინტერფერონი მით მაღალია სიცხე. 
ინტერფერონი თავისი ზღვარის მაქსიმუმს ავადმყოფობის მეორე-მესამე დღეს აღწევს, სწორედ ამიტომ არის, რომ სამი დღის შემდეგ იწყება ხოლმე ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესება.
თუ ინტერფერონის დონე დაბალია, ე.ი. ბავშვი სუსტია და არ აქვს ვირუსთან ბრძოლის საკმარისი რესურსი ან ზედმეტად მზრუნველმა მშობლებმა მისცეს სიცხის დამწევი მედიკამენტი, რითიც ვირუსთან ბრძოლის პროცესი შეაფერხეს. ამ შემთხვევაში ავადმყოფის სამ დღეში მორჩენის შანსი თითქმის აღარ არსებობს, ავადმყოფობის პროცესი დროში გაიწელება. ამ დროს მთელი იმედი ატისხეულებზე მყარდება, რომელიც აუცილებლად დაამარცხებს ვირუსს, თუმცა როდის, აი, ეს არის მთავარი შეკითხვა. ამ შემთხვევაში გამოჯანმრთელების პროცესს დასჭირდება არა სამი, არამედ დაახლოებით შვიდი დღე.
მშობელს ბავშვის მომატებულ ტემპერატურასთან ბრძოლის ორი გზა აქვს: წამლით და მის გარეშე. 
მოდით, მოკლედ განვიხილოთ ორივე შემთხვევა და გავერკვიოთ, როდის არის უმჯობესი მკურნალობა მედიკამენტებით და როდის მის გარეშე.

დახმარება წამლის გარეშე
ამ დროს უმჯობესია შეიზღუდოს ფიზიკური აქტივობა, რადგან ეს უკანასკნელი ხელს უწყობს სხეულის გათბობას. ანუ ავადმყოფმა ბავშვმა კი არ უნდა ირბინოს და იხტუნაოს, უნდა ათვალიეროს ნახატები და იკითხოს ზღაპრები, იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში. საკვები უნდა მიიღოს მადის მიხედვით, უმეტესად ნატურალური, კონსერვანტების და ქიმიური დანამატების გარეშე. ბევრი წყალი დაკარგული სითხის აღდგენის საუკეთესო საშუალებაა. სასმელის ოპტიმალური ტემპერატურა სხეულის ტემპერატურის თანაფარდია. ყველაფერი, რაც იწვევს სითხის დაკარგვას, რაღა თქმა უნდა, ართულებს მდგომარეობას. სითხის დამატებით დაკარგვის ყველაზე გავრცელებული მიზეზი გამომშრალი ჰაერია. ყოველთვის ეცადეთ, აკონტროლოთ ჰაერის ტენიანობა და  გქონდეთ მაჩვენებელზე 40-70%. გრილი და სუფთა ჰაერი ავადმყოფი ბავშვის საუკეთესო მეგობარია. ბავშვის ოთახის ოპტიმალური ტემპერატურა 18-20 გრადუსია.
საკმაოდ პოპულარულია სიცხიანი ბავშვის ცივი წყლით დაზელა, თუმცა ამ დროს აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, ზუსტად უნდა იცოდეთ, რა ტემპერატურის უნდა იყოს წყალი, რომ ბავშვის მდგომარეობის გართულება არ გამოიწვიოს. 36 გრადუსი ამ დროს წყლის ოპტიმალური ტემპერატურაა, თუმცა დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ამ პროცესს ბავშვი უმტკივნეულოდ გადაიტანს. დაზელვამდე ბავშვის ხელ-ფეხი უნდა შეამოწმოთ და ნახოთ ცივი ხომ არ აქვს. თუ ცივი ხელ-ფეხი აქვს აუცილებლად დაუთბილეთ. იცოდეთ, სიცხის დასაწევად ყველაზე კარგი საშუალება ოფლის მოდენაა, ამის შემდეგ გამოუცვალეთ ტანსაცმელი, კარგად გაამშრალეთ და გაახვიეთ მშრალ სახვევში, ჩააწვინეთ და დამშვიდდით, სიცხე აუცილებლად დაიწევს. არასდროს დაზილოთ ბავშვი ძმრით ან სპირტით, არავითარ შემთხვევაში და არც არავის მისცეთ ამის გაკეთების საშუალება. იცოდეთ, ამ სახით სპირტი ბავშვის ორგანიზმში, პირდაპირ სისხლში შეიწოვება.

ეს გახლავთ ტემპერატურის დარეგულირების პირველი ეტაპი, რაც ამის გაკეთებას წამლების გარეშე გულისხმობს, თუ ეს ეტაპი გაიარეთ და შედეგი არ გაქვთ, შეგიძლიათ გადახვიდეტ მეორე ეტაპზე, ანუ ტემპერატურის დარეგულირებაზე ახლა უკვე მედიკამენტოზური ჩარევით, რომელიც აცილებლად ეფექტური იქნება. 

მაშ ასე: პირველ რიგში ოთახი უნდა იყოს გრილი და ტენიანი. ბავშვს უნდა ეცვას თბილად და სვას დიდი რაოდენოთ სითხე. წამლებს, რომლებსაც სიცხის დასაწევად ვაძლევთ, სიცხის დამწევი წამლები ეწოდება. სიცხის დამწევი წამლები სამკურნალოდ არ გამოიყენება. ის არ კურნავს, ის უმსუბუქებს ავადმყოფს მდგომარეობას. სამედიცინო ენაზე ამას სიმპტომური თერაპია ეწოდება. აღნიშნული თერაპიის გამოყენება მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფს უჭირს გამკლავება სხეულის მომატებულ ტემპერატურასთან, როდესაც ბავში კი არ ჭირვეულობს, მართლა ცუდად არის და ეს გამოიხატება ჰაერის უკმარისობით და სუნთქვის გაძნელებით, ასევე ღებინებით, სითხის დაკარგვით, ხანდახან კრუნჩხვებითაც კი, როდესაც ტემპერატურა 39 გრადუსზე მაღალია ან 39 გრადუსია, თუმცა ამ შემთხვევაში ტემპერატურის კონკრეტული მაჩვენებელი მთავარი არ არის, ყველამ კარგად ვიცით ექიმების რეკომენდაციების შესახებ - 38 გრადუსამდე წამლის მიცემა სასურველი არ არის, ხოლო 39 გრადუსზე უნდა მივცეთ, მაგრამ თუ ზემოთ აღნიშნული სიმპტომები 38 გრადუსზე დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ კონსულტაციისთვის და ბავშვს სიცხის დამწევი საშუალება უნდა მივცეთ. მაღალი ტემპერატურის დროს კიდევ ერთი გართულება გახლავთ ფებრილური გულყრა, ამიტომ ექიმთან კონტაქტზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ამ შემთხვევაში მთავარია, როგორ იტანს ბავშვი მაღალ ტემპერატურას და არა ის, რამდენს აჩვენებს თერმომეტრის მაჩვენებელი.
ყვეაფერი მაინც ინდივიდუალურია და მშობლისთვის არც ისე ადვილია უცბად გაერკვას, როგორ უნდა მოიქცეს, თუმცა საერთო რეკომენდაციები მაინც არსებობს, რომლის მიხედვითაც სიცხის დამწევი ნომერ პირველი საშუალება პარაცეტამოლია.

ასე რომ, პარაცეტამოლი საოჯახო აფთიაქში აუცილებლად უნდა იყოს. ოპტიმალურია, თუ გექნებათ ორი ფორმით, სითხის და სანთლის სახით. ხელმეორედ წამლის მიცემა რეკომენდებულია მხოლოდ არანაკლებ ოთხი საათის გასვლის შემდეგ. ამის გაკეთება შესაძლებელია დღე-ღამეში  დაახლოებით 4-5-ჯერ. ნებისმიერ შემთხვევაში პარაცეტამოლის დღეღამური დოზა წამლის ინსტრუქციაში და ექიმის დანიშნულებაში უნდა ნახოთ. ნებისმიერი საბავშვო პარაცეტამოლი მოიცავს საკმაოდ ვრცელ და კონკრეტულ ანოტაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რა დოზით უნდა მისცეთ ბავშვს წამალი. მიუხედავად ამისა, მშობლებმა კარგად უნდა დაიმახსოვრონ, რომ წამლის დოზას განაპირობებს ბავშვის წონა და არა ასაკი.
წლამდე ბავშვებში მაქსიმალური ხანრძლივობა პარაცეტამოლის მიღებისა გახლავთ არა უმეტეს სამი დღისა.
სანთლების სახით პრეპარატის მიღების დროს შეწოვა არც ისე ინტენსიურია, როგორც მაგალითად სითხის მიღების შემთხ.
მედპერსონალის აზრით, სიცხის დამწევი  საშუალება # 2, თავისი ეფქტურობით არის იბუპროფენი. მას ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც აქვს. პარაცეტამოლს ბევრად არ ჩამოუვარდება, თუმცა სიცხის დაწევაზე საპასუხო რეაქციები შესაძლებელია სხვადასხვანაირი იყოს, ამის პროგნოზირება ცოტა რთულია. ზოგ ბავშვს პარაცეტამოლი უფრო უხდება, ზოგს კი იბუპროფენი.
ბავშვის სიცოცხლის პირველ წელს, როდესაც დედა ჩვილისთვის საშინაო აფთიაქს ამზადებს, უმჯობესია იქონიოს სიცხის დამწევი ორივე საშუალება. ასევე უმჯობესია, ერთ-ერთი იყოს სითხის სახით, მეორე კი სანთლების სახით.

ინფორმაცია იბუპროფენის შესახებ - არ არის მიზანშეწონილი სამ თვემდე ასაკის ბავშვებისათვის. არ აქვს შეზღუდვა მიღების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. ექიმის დაკვირვების ქვეშ შესაძლებელია მისი მიღება 5 დღეც კი. ოპტიმალური დოზა ექიმს უნდა დაანიშნინოთ. პრეპარატის განმეორებით მიღება დასაშვებია მხოლოდ 6 საათის შემდეგ, დღე-ღამეში 4- ჯერ. 
ძალიან იშვიათად, თუმცა  არის შემთხვევები, როდესაც აღნიშნული პრეპარატი იწვევს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებას. ამიტომ ამ წამლის მიღება მიზანშეწონილია ჭამის დროს, განსაკუთრებით რძის პროდუქტებთან ერთად.

და ბოლოს სიროფი თუ სანთელი?
დედები ხშირად იბნევიან ხოლმე და არ იციან, რომელი საშუალებაა უკეთესი მაღალი ტემპერატურის დროს, სუსპენზია თუ სანთელი. თუ სიცხე ძალიან მაღალია და საჭიროა მისის სწრაფად დაგდება, მაშინ ჯობს უპირატესობა სუსპენზიას მინიჭოთ, რადგან ის უფრო სწრაფად შეიწოვება ორგანიზმის მიერ. თუმცა მოქმედების ხანგრძლივობაც ხანმოკლე აქვს. რაც შეეხება სანთლებს, ის შედარებით ნელა მოქმედეს, თუმცა - ხანგრძლივად. 
და ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მშობლებისთვის: დაიმახსოვრეთ, რაც უფრო მაღალია სხეულის ტემპერატურა, მით რთულად შეიწოვება მედიკამენტი სწორი ნაწლავიდან.

წყარო: ევგენი კომაროვსკი, წიგნი „ბავშვის სიცოცხლის პირველი წელი“

სტატიაში მოცემული ინფორმაცია, ზოგადი და ინფორმატიული ხასიათისაა. დეტალური ინფორმაციისთვი კონსულტაცია გაიარეთ პირად ექიმთან.