ფებრილური გულყრა - „კრუნჩხვა“ - როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

01-08-2021

ფებრილური გულყრა (კრუნჩხვა)
ფებრილური გულყრა არის კრუნჩხვა, რომელიც ვითარდება სხეულის ტემპერატურის სწრაფი მატების დროს (უხშირესად, 39°-ზე მაღალი ტემპერატურის დროს). ამ დროს ბავშვი კარგავს გონებას, აღენიშნება კიდურების ბიძგისებრი მოძრაობა ან უფრო იშვიათად, დაჭიმულობა. ფებრილური გულყრა ძირითადად გვხვდება 6 თვიდან 5 წლამდე ასაკში,რადგან ამ პერიოდში თავის ტვინი განსაკუთრებით მგრძნობიარეა. მისი დიდი უმეტესობა ვითარდება დაავადების პირველ დღეს. 25 ბავშვიდან დაახლოებით ერთს ერთხელ მაინც ჰქონია ფებრილური გულყრა. შემთხვევათა 1/3-ში გულყრა მეორდება. ფებრილურ გულყრას მემკვიდრეობითი წინასწარ განწყობა ახასიათებს. 
გულყრა მართლაც რომ საშინელი შესახედავია ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი მშობლისთვის, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ნორმალური ფებრილური გულყრა არაა საშიში სამედიცინო თვალსაზრისით. მას არ აქვს არანაირი კავშირი ეპილეფსიასთან. გულყრა ვითარდება არა მაღალი ტემპერატურის, არამედ ტემპერატურის სწრაფად მატების გამო, ზოგჯერ თუნდაც 38,3 გრადუს ტემპერატურამდე და გრძელდება დაახლოებით 2-3 წუთი, რომელიც მშობლისთვის უსასრულოდ ხანგრძლივდება (არის შემთხვევები როცა გულყრა გრძელდება 15 წუთიც კი და არ იხსნება მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე - რთული გულყრა);

გარეგნულად:

  • აღინიშნება კიდურების ტრემორი - კანკალი;
  • ტუჩების ირგვლივ სილურჯე (პერიორალური ციანოზი);
  • უგონო მდგომარეობა; ვერ შემოდის კონტაქტში;
  • გულყრის შემდგომ ძილიანობა;

 

რჩევები გულყრის დროს:

  • გულყრის დროს მშობლებმა უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე;
  • ბავშვი დააწვინონ ისეთ ზედაპირზე (მაგ.: იატაკზე), რომ არ მიიღოს ტრავმა, თავქვეშ დაუფინონ რბილი ქსოვილი;
  • დაუძახონ დამხმარეს, რომელიც გამოიძახებს სასწრაფო დახმარებას;
  • თავი გადაუწიონ გვერდზე (ამით თავიდან აიცილებენ ნერწყვის ან პირნაღები მასის სასულეში გადაცდენას);
  • სასურველია გულყრის ხანგრძლივობის დაფიქსირება;არ უნდა შეეცადონ კიდურების უნებლიე მოძრაობების ძალით გაჩერებას, ამით მხოლოდ ტრავმას მიაყენებენ ბავშვს;
  • კრუნჩხვის შემდეგ, მიზეზის დასადგენად, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

კრუნჩხვის დროს დაუშვებელია!

  • ბავშვის უყურადღებოდ მიტოვება;
  • მისი ფეხებით დაკიდება, „ნჯღრევა“, წყლის შესხურება;
  • თითის და ყურის ბიბილოს გაჭრა;
  • პირში რაიმე საგნის ჩადება ან „ენის დაჭერა“;
  • სახეზე ნაჭრის გადაფარება.

ეს ქმედებები უეფექტოა და შესაძლოა ტრავმა მიაყენოს ბავშვს. 

 

წყარო:unicef.org