რატომ იღვიძებენ ჩვილები ღამ-ღამობით 

02-09-2021

ინტერნეტში ძალიან ბევრი მასალის მოძიებაა შესაძლებელი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა „ვაიძულოთ“ ჩვილი, მთელი ღამე მშვიდად ეძინოს. თუმცა არაფერია სანუგეშო მშობლებისთვის, რომელთაც ღამ-ღამობით რამდენჯერმე უწევთ გაღვიძება. 2-3 წლის ასაკში, როდესაც ბავშვები თავისუფლდებიან საბავშვო, პატარა საწოლის ტყვეობიდან და შედარებით მოზრდილ საწოლში გადადიან, ხშირად იღვიძებენ და თხოულობენ მშობლებთან ძილს. ისინი მშობლებთან თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ასევე არსებობს ბავშვების კატეგორია, რომლებიც ვერ იძინებენ საღამოს 8-9 საათზე და დილით 7 საათზე იღვიძებენ. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ 5-დან ერთ ბავშვს, ვისაც ბავშვობაში ღამის ძილის პრობლემა ჰქონდა, აღნიშნული პრობლემა გარდატეხის ასაკშიც აწუხებს. ასე რომ, ბავშვების ძილთან დაკავშირებული პრობლემა ბევრი მშობლის სატკივარია.
ცნობილმა ექიმმა, კრეიპ კანაპარიმ, რომელიც თავად გახლავთ 2 წლის ბავშვის მამა, ისაუბრა ბავშვების ძილთან დაკავშირებულ პრობლემებზე და შეეცადა აქტუალური კითხებისთვის ამომწურავი პასუხები გაეცა.

რატომ იღვიძებს ჩვილი ღამით
ნებისმიერი მშობელი, რომელსაც ღამის ორ საათზე ბავშვის ტირილი აღვიძებს, დგება, ცდილობს დაამშვიდოს ბავშვი და სულმოუთქმელად ელოდება, როდის ჩაიძინებს მისი შვილი კვლავ, თან ჩაიძინებს ღრმად. დედები ცდილობენ ბავშვის პატარა წამოტირების დროსაც კი სასწრაფოდ საწოვარა ჩაუდონ პირში და ბოლომდე გამოფხიზლების საშუალება არ მისცენ.
6-დან 8 თვემდე ბავშვების უმეტესობა ნამდვილად ახერხებს ხანგრძლივ ძილს, 6-8 საათი გადაბმულად, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ამ მიზნის მიღწევას ცოტა მეტი დრო, დაახლოებით 12 თვე სჭირდება. რაც არ უნდა იყოს, ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ 9-12 თვის ბავშვს ღამე ძილის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, მას თითქმის მთელი ღამე უნდა ეძინოს.
თუმცა, ნებისმიერ ბავშვს შეიძლება გაეღვიძოს ღამე, ეს ნორმალურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიფხიზლე გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წუთი, არ მეორდება ერთ ღამეში რამდენჯერმე და დღის განმავლობაში ბავშვის განწყობაზე და ქცევებზე არ აისახება, ანუ ბავშვი არ არის გაღიზიანებული და გამოუძინებელი. ეს გაღიზიანება, რა თქმა უნდა, მშობელსაც ეხება.
შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი, რაც შესაძლოა ბავშვის ძილის დარღვევის მიზეზად იქცეს. 

ღამის ძილისთვის შეუფერხებელი ასოციაციები
ბავშვის ძილის დარღვევის ამ კლასიკურ მაგალითზე ისაუბრა თვის დროზე ექიმმა ფერბერმა. ეს გახლავთ სიტუაცია, როდესაც ბავშვი იძინებს გარემოში, რომელიც არ არის მისთვის ჩვეული დაძინების გარემო. მაგალითად, თუ ბავშვს ძილის წინ იყვანთ ხელში, ეფერებით, აჭმევთ ძუძუს და ისე აძინებთ, ის უმტკივნეულოდ გადადის ძილის ღრმა ფაზაში. შესაძლოა პერიოდულად შეიღვიძოს, მხოლოდ რამდენიმე წამი ან წუთი, მაგრამ ძილს აუცილებლად გააგრძელებს, ხოლო თუ ეს ჩვეული რუტინა, რომელიც მას, როგორც წესი, ყოველ ღამე ძილისთვის განაწყობს ხოლმე, დაირღვა და ცდილობთ ბავშვი დააძინოთ, მაგალითად საწოლში, ის აუცილებლად იტირებს, სანამ ხელში არ აიყვანთ და ისე არ დააძინებთ. ეს მის გაღიზიანებასაც გამოიწვევს, რაც საბოლოოდ აისახება მისი ძილის ხარისხზე. თუ ამ ყოველივეს თავიდან აცილება გსურთ, ბავშვი ნელ-ნელა უნდა მიაჩვიოთ თავად ჩაძინებას, ეს ერთ დღეში არ მოხერხდება, თუმცა ეტაპობრივად, დაახლოებით ერთ კვირაში, გარკვეული შედეგი უნდა მიიღოთ.

შიმშილი
ეს ფაქტორი მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი მიჩვეულია ღამით ჭამას, იქნება ეს ხელოვნური საკვები თუ დედის ძუძუ. აესთი ბავშვები იღვიძებენ უბრალოდ იმიტომ, რომ მოშივდათ. ეს არის მათი ჩამოყალიბებული ჩვევა. თუ ბავშვი ერთ წელზე მეტი ასაკის არის და ისევ ითხოვს ღამე ჭამას ან საფენის გამოცვლას, ეს უკვე მშობლის პრობლემაა და არა ბავშვის. ამიტომ მშობლებს ვურჩევთ, ღამე ბავშვს საჭმლის დოზა თანდათან შეუმცირონ და ინტერვალი გაზარდონ. ასე ბავშვი ნელ-ნელა გადაეჩვევა ღამე ჭამას და ძილიც დაურეგულირდება.

სამედიცინო პათოლოგიები
ხშირად ხდება ხოლმე, რომ როდესაც საუბარია ბავშვის დარღვეულ ძილზე, არ ითვალისწინებენ ბავშვის თანდაყოლილ სამედიცინო პათოლოგიებს. ამ შემთხვევაში უნდა უმკურნალოთ არა უძილობას, არამედ გამომწვევ მიზეზს, რომელიც შეიძლება იყოს ასევე საჭმლის მომნელებლი სისტემა, პოლიპები ან სხვა. ასეთმა მშობლებმა უნდა მიმართონ პედიატრს.

გარე ფაქტორები
როგორც წესი, ეს გახლავთ ფაქტორი, რომელიც თვალსაჩინოა, მაგალითად ტელევიზორი საძინებელში. თუ თქვენც გაქვთ, გირჩევთ სასწრაფოდ გაიტანოთ. მიაქციეთ ყურადღება, მეზობლისგან ხმაური ხომ არ შემოდის, აკონტროლეთ ოთახის ტემპერატურა, ძალიან ხომ არ ცხელა ან ცივა.
როგორ ფიქრობთ, გათვალისწინებული გაქვთ ყველა ეს ფაქტორი? იქნებ ამიტომ არ სძინავს თქვენს პატარას.

წყარო: Seattle Children's Hospital Research Foundation

სტატიაში მოცემული ინფორმაცია, ზოგადი და ინფორმატიული ხასიათისაა. დეტალური ინფორმაციისთვი კონსულტაცია გაიარეთ პირად ექიმთან.