თქვენ, რა თქმა უნდა, გსურთ თქვენი და თქვენი პატარას ღამის ძილი უფრო ხანგრძლივი და უშფოთველი იყოს. ამის მისაღწევად სხვადასხვა გეგმა და მეთოდი არსებობს და მათ შორის პოპულარობით ძილის ტრენინგის ფერბერის მეთოდი გამოირჩევა. ძილის ტრენინგის ფერბერისეული მეთოდი 30 წელზე მეტია არსებობს და მისი დამხარებით უამრავი ბავშვი სწავლობს დამოუკიდებლად დაძინებას. ღირს თუ არა ეს მეთოდი თქვენც სცადოთ? ჩვენ მოგითხრობთ, როგორ მოქმედებს ეს მეთოდი, როგორ უნდა განახორციელოთ ის და მოგცემთ რჩევებს, როგორ ასწავლოთ პატარას დამოუკიდებლად დაძინება. იმასაც მოგახსენებთ, რომ ბევრი ფსიქოლოგი, პედიატრი და სხვა სპეციალისტი ამბობს, რომ იდეალურია, ბავშვს 1-3 წლამდე მშობლების ოთახში ეძინოს, ოღონდ - ცალკე საწოლში. მისაღებია თუ არა თქვენთვის აღნიშნული მეთოდი თავად გადაწყვიტეთ, დეტალური ინფორმაციისთვის კი მიმართეთ ექიმს.
რა არის ფერბერის მეთოდი?
ფერბერის მეთოდი ბავშვთა ძილის ექსპერტმა რიჩარდ ფერბერმა შეიმუშავა. ის ასწავლის ბავშვებს, როგორ დაიმშვიდონ თავი და ჩაეძინოთ დამოუკიდებლად. ზოგი მშობელი, რომელსაც უნდა პატარამ დამოუკიდებლად დაძინება ისწავლოს, საერთოდ არ აკითხავს ბავშვს ოთახში, მაშინაც კი, თუ ის ძალიან დიდხანს ტირის. ფერბერის მეთოდი შედარებით უფრო ლმობიერია და მშობლებს უფლებას აძლევს, პერიოდულად შევიდნენ ხოლმე მომტირალ ბავშვთან. თუმცა, ეს ვიზიტები წინასწარ განსაზღვრული დროის ინტერვალებით უნდა განხორციელდეს და თანდათან უნდა გაიზარდოს მანამ, სანამ ბავშვს ჩაეძინება. ინტერვალები ასევე იზრდება ყოველ მომდევნო ღამეს.
თქვენ შეგიძლიათ ამ ვიზიტებისას ბავშვი სიტყვიერად დაამშვიდოთ, ხელი მოუთათუნოთ, მსუბუქად მოეფეროთ, მაგრამ არ უნდა აიყვანოთ ის ხელში, არ უნდა აჭამოთ და მასთან მხოლოდ ერთი ან ორი წუთით უნდა დარჩეთ.
როგორ სრულდება ფერბერის მეთოდი?
მიუხედავად იმისა, რომ ძილის ტრენინგი ემოციურად რთული პროცესია, თავად მეთოდის ნაბიჯები ტექნიკურად მარტივი შესასრულებელია. მოქმედების გეგმა ასეთია:
• ძილის წინა რუტინის შემდეგ, დააწვინეთ ბავშვი საწოლში. ამ დროს ის მოდუნებულია, მაგრამ ჯერ ისევ ღვიძავს.
• უსურვეთ მას ტკბილი ძილი და გადით ოთახიდან.
• თუ პატარა ტირის, მოიცადეთ განსაზღვრული დრო (შემდეგ გეტყვით ზუსტად რამდენი წუთი), შემდეგ შედით მასთან ცოტა ხნით, ანუგეშეთ სიტყვიერად ან ნაზად მოეფერეთ. არ აიყვანოთ ხელში და არ აჭამოთ.
• გამოდით ოთახიდან და გაიმეორეთ იგივე, თუ პატარა ისევ იტირებს. ბავშვთან შესვლის ინტერვალები წინასწარაა განსაზღვრული.
რა ასაკიდან შეიძლება ვცადოთ ფერბერის მეთოდი?
ამ მეთოდის მიმდევრები 5-6 თვის ასაკიდანაც იწყებენ ძილის ტრენინგს. ამ დროისთვის ბავშვებს უკვე გააჩნიათ საკუთარი თავის დამშვიდების უნარი. ასევე, უკვე საკმარისად დიდები არიან, იმისთვის, რომ მთელი ღამე კვების გარეშე ეძინოთ. არ არის აუცილებელი ძილის ტრენინგი მაშინვე დაიწყოთ, როგორც კი ბავშვი 5 ან 6 თვის გახდება. თუ გინდათ, შეგიძლიათ ცოტა მოიცადოთ. მაგრამ, რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო რთულდება მისთვის დამოუკიდებლად დაძინების სწავლება.
ფერბერის მეთოდის ცხრილი:
ბავშვთან შესვლის ინტერვალებია:
პირველი დღე
პირველი შესვლა: 3 წუთში
მეორე შესვლა: 5 წუთში
მესამე და ყოველი მომდევნო შესვლა: 10 წუთში
მეორე დღე
პირველი შესვლა: 5 წუთში
მეორე შესვლა: 10 წუთში
მესამე და ყოველი მომდევნო შესვლა: 12 წუთში
მესამე დღე
პირველი შესვლა: 10 წუთში
მეორე შესვლა: 12 წუთში
მესამე და ყოველი მომდევნო შესვლა: 15 წუთში
მეოთხე დღე
პირველი შესვლა: 12 წუთში
მეორე შესვლა: 15 წუთში
მესამე და ყოველი მომდევნო შესვლა: 17 წუთში
მეხუთე დღე
პირველი შესვლა: 15 წუთში
მეორე შესვლა: 17 წუთში
მესამე და ყოველი მომდევნო შესვლა: 20 წუთში
მეექვსე დღე
პირველი შესვლა: 17 წუთში
მეორე შესვლა: 20 წუთში
მესამე და ყოველი მომდევნო შესვლა: 25 წუთში
მეშვიდე დღე
პირველი შესვლა: 20 წუთში
მეორე შესვლა: 25 წუთში
მესამე და ყოველი მომდევნო შესვლა: 30 წუთში
აუცილებელია ამ დროის ინტერვალებს ზუსტად მივყვეთ, რომ მეთოდმა გაამართლოს?
წინასწარ დროის ინტერვალების განსაზღვრა გეხმარებათ შეინარჩუნოთ თანმიმდევრულობა და თქვენს პატარას აჩვევს საკუთარი თავის დამშვიდებას. თუმცა, არა უშავს, თუ ამ დროებს ცოტათი შეცვლით. მთავარია, იყოთ თანმიმდევრული და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.
რამდენი ხანია საჭირო, რომ ფერბერის მეთოდმა იმუშაოს?
ძილის ტრენინგზე ყველა ბავშვი თავისებურად პასუხობს. ზოგი უფრო ადრე ერგება ახალ რუტინას, ზოგს კი მეტი დრო სჭირდება. მაგრამ, ზოგადად, დაახლოებით 3 ღამის შემდეგ უნდა შეამჩნიოთ, რომ ბავშვი უფრო ნაკლებად ტირის. მეოთხე და მეშვიდე ღამეებს შორის კი ტირილი საერთოდ უნდა შეწყდეს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი ძილის წინ აღარასოდეს იტირებს ან ღამე არ გაიღვიძებს ტირილით?
ძილის ტრენინგის შემდეგაც შეიძლება ბავშვს რთული ღამეები ჰქონდეს და ძილი გაუჭირდეს. მაგალითად, თუ ის ავადაა, კბილები ამოსდის ან თუ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.
თუმცა, ძილის ტრენინგით მას მყარი საფუძველი ექნება შექმნილი და შედარებით იოლად დაუბრუნდება რუტინას პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ.
რჩევები ფერბერის მეთოდის წარმატებისთვის
ეს პროცესი თქვენთვის სახალისო შეიძლება სულაც არ იყოს. მის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ შემდეგ სტრატეგიებს მიმართოთ:
• სწორად შეარჩიეთ დაწყების დრო. შეარჩიეთ ისეთი დრო, როდესაც სხვა ყველაფერი რიგზეა და განსაკუთრებულად დატვირთული არ ხართ. მაგალითად, თუ პატარას კბილების ამოსვლა ეწყება, თქვენ სამსახურს უბრუნდებით ან ახალი ძიძა მოგყავთ, ძილის ტრენინგის დასაწყებად ხელსაყრელი დრო არ არის. დაელოდეთ სანამ სიტუაცია უფრო დასტაბილურდება. ასევე, არ დაიწყოთ ძილის ტრენინგი მოგზაურობაში ყოფნის დროს.
• ჩამოაყალიბეთ ძილის წინა რუტინა. დამამშვიდებელი აქტივობები, როგორიცაა აბაზანის მიღება, წიგნის წაკითხვა, ჩახუტება დაეხმარება ბავშვს დამშვიდებაში და მოდუნებაში ძილის წინ. თუ ბავშვის ძილის წინა რუტინაში კვებაც შედის, ეცადეთ ის უფრო ადრეულ საათებში გადაიტანოთ.
• დააკვირდით და ამოიცანით, როდის ეძინება ბავშვს. ბავშვი საწოლში უნდა ჩააწვინოთ მაშინ, როცა დაღლილია და არა - გადაღლილი. მას დამშვიდება გაუჭირდება, თუ გადაქანცულს დააწვენთ. ძილიც მოუსვენარი ექნება და ღამითაც გაიღვიძებს ხოლმე.
• დღისითაც საწოლში დააძინეთ პატარა. თუ ჩვევად გაქვთ, ბავშვი დღისით სხვაგან დააწვინოთ, ღამით საწოლში დაძინება შეიძლება გაუჭირდეს.
• ესაუბრეთ თქვენს პარტნიორს ძილის ტრენინგზე, დარწმუნდით, რომ თანახმაა და დაიხმარეთ ის ბავშვთან ვიზიტის დროს. ამ პროცესში ორივეს დაგჭირდებათ ემოციური მხარდაჭერა, ამიტომ დარწმუნდით, რომ ერთ აზრზე ხართ. თქვენ ბავშვისთვის ასოცირდებით საკვებთან და ნუგეშთან, ამიტომ მამის შესვლამ შეიძლება ის უფრო მეტად დაამშვიდოს და განაწყოს ძილისთვის.
• იყავით თანმიმდევრული. თქვენი შვილის ტირილის მოსმენა შეიძლება ძალიან რთული იყოს თქვენთვის. შეიძლება თქვენ გქონდეთ ცდუნება, მიატოვოთ ეს გეგმა. მაგრამ, თუ გაუძლებთ ბევრად უფრო უცებ ჩადგება ყველაფერი მწყობრში და ყველა შეძლებს ღამე მშვიდად დაძინებას.
როდის უნდა შევწყვიტოთ ცდა?
თუ გავიდა ერთ ან ორი კვირა და თქვენ ვერ ამჩნევთ ვერანაირ პროგრესს, ან თქვენი შვილი მაინც ძალიან ბევრს ტირის, დროა შეწყვიტოთ მცდელობა.
შეგიძლიათ ფერბერის მეთოდი მოგვიანებით ისევ სცადოთ ან არჩევანი სხვა მეთოდზე შეაჩეროთ. შეიძლება ღირდეს, კონსულტაცია პედიატრთან გაიაროთ, რათა მან გამორიცხოს რაიმე პრობლემის არსებობა, რომელიც ბავშვს დაძინებაში უშლის ხელს, როგორიცაა ჩვილ ბავშვთა გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი, ყურის ინფექცია ან კბილების ამოსვლა.
ძილის ტრენინგის ფერბერისეული მეთოდი ასწავლის ბავშვს, როგორ დაიმშვიდოს თავი და დაიძინოს თავისით. ამ მეთოდს, როგორც ძილის ტრენინგის სხვა მიდგომებს, ბევრი ცრემლი შეიძლება მოყვეს, მაგრამ თანდმიმდევრული მოქმედებით, ტირილი შემცირდება და სულ რამდენიმე დღეში თქვენი და თქვენი პატარას ძილი გაუმჯობესდება.
წყარო: whattoexpect.com
სტატიაში მოცემული ინფორმაცია, ზოგადი და ინფორმატიული ხასიათისაა. დეტალური ინფორმაციისთვი კონსულტაცია გაიარეთ პირად ექიმთან.