სტრესი ბავშვებში და მისი გამოწვევი მიზეზები

16-10-2021

ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი,  პედიატრიული პრივატ კლინიკის ბავშვთა ნევროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ლალიანი გვიყვება:

 რა არის სტრესი, რა იწვევს მას ბავშვთა ასაკში და როდისაა სპეციალისტთან ვიზიტი აუცილებელი

-    თანამედროვე დეფინიციით, სტრესი  ეს არის ფიზიკური, ფსიქიკური და ემოციური დაძაბულობა გარე გამღიზიანებლების საპასუხოდ.  ჩვენს ფსიქიკას და ზოგადად ორგანიზმს შესწევს უნარი,  მოერგოს გარე სამყაროში არსებულ ცვლილებებს. ტერმინი „სტრესი“ პირველად 1963 წელს  გამოიყენა კანადელმა მეცნიერმა ჰანს სელიემ ორგანიზმის საადაპტაციო მექანიზმის აღწერის მიზნით. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ორგანიზმის არასპეციფიკური რეაქცია გარემო პირობების ნებისმიერი ტიპის ცვლილებაზე, რომელთანაც ადაპტაცია, ანუ შეგუებაა საჭირო. სტრესის გამომწვევი უამრავი ფაქტორი არსებობს და ყველა ეს ფაქტორი სტრესორის სახელითაა ცნობილი. ერთი და იგივე სტრესორმა შესაძლოა სხვადასხვა ადამიანზე არაერთგვაროვანი გავლენა იქონიოს. შესაბამისად, სტრესის გავლენა თითოეულ ჩვენგანზე შეიძლება გამოვლინდეს და მათ შორის ბავშვებზეც.

სტრესი, სტრესი ბავშვებში, რა იწვევს სტრესს ბავშვებში, მშობელი, ბავშვი, ბავშვები, აღზრდა,

სხვადასხვა ასაკში სტრესის გამომწვევი მიზეზი განსხვავებულია. მცირე ასაკში ეს შეიძლება იყოს დედასთან განშორება ან ჩვეული გარემოს შეცვლა. უფრო მოზრდილ ასაკში სტრესის მიზეზი შეიძლება იყოს საყვარელი ადამიანის ავადმყოფობა ან გარდაცვალება, ასევე ოჯახური კონფლიქტები, მშობლების განქორწინება. ითვლება, რომ  ყველაზე „მეგობრული“ განქორწინებაც კი ბავშვზე სერიოზულ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს. ასევე, შესაძლოა სტრესის მიზეზი იყოს სატელევიზიო ახალი ამბები, სადაც ტრაგიკული შემთხვევები ან ომის კადრებია, ოჯახის სოციალური სიდუხჭირე, რომელსაც ბავშვები ძალიან მტკივნეულად განიცდიან. 
სასკოლო ასაკის ბავშვები განსაკუთრებულად გადატვირთულები არიან. მათ, ფაქტობრივად, არ რჩებათ დრო სათამაშოდ ან დასასვენებლად. ისინი მუდმივი დაძაბულობის რეჟიმში იმყოფებიან, რაც ერთგვარი სტრესორიაპანდემიამ უამრავი ცვლილება გამოიწვია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბავშვებმა იციან, რომ ყველაფერი განსხვავებულია და ისინიც უფროსების მსგავსად და ზოგჯერ უფრო მეტადაც  განიცდიან სტრესის გავლენას. სხვადასხვა ბავშვს შესაძლოა განსვავებული პასუხი ჰქონდეს პანდემიის თანმდევ ისეთ მოვლენებზე, როგორიცაა სკოლის დახურვა, გაუქმებული ღონისძიება, სოციალური დისტანცირება და ა.შ.მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარე არსებები არიან და მათზე  ისეთი უმნიშვნელო დეტალიც  ახდენს გავლენას, რასაც შესაძლოა უფროსმა ყურადღებაც კი არ მიაქციოს. 

სტრესი, სტრესი ბავშვებში, რა იწვევს სტრესს ბავშვებში, მშობელი, ბავშვი, ბავშვები, აღზრდა,

რა არის  ბავშვებში სტრესის  სიმპტომები და როდის არის აუცილებელი ექიმის ჩარევა? 

-    სტრესი კლინიკურად  შესაძლოა გამოვლინდეს სომატური, ემოციური და ქცევითი დარღვევების სახით. გასათვალისწინებელია, რომ სტრესის კლინიკური გამოვლინება სხვადასხვა ასაკში განსხვავებულია. სტრესის სომატურ გამოვლინებებს განეკუთვნება: თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობის მოვლენები, როგორიცაა მადის დაკარგვა, წონაში სწრაფი კლება, პერიოდული ხასიათის მუცლის ტკივილი, ტკივილი გულის საპროექციო არეში, გახშირებული გულისცემა, ინსომნია (ძილის დარღვევა), ღამის კოშმარები, ღამის ენურეზი...
სტრესის ემოციური გამოვლინებებიდან აღსანიშნავია: შფოთვა, გუნება-განწყობის სწრაფი ცვლილებები,  ერთ დროს ხალისიანი  ბავშვი დატვირთულია უარყოფითი ემოციებით, უარს ამბობს თამაშებში მონაწილეობაზე, აღენიშნება შიშები, მომატებული აგზნება, ხშირი და უმიზეზო ტირილი, სიჯიუტე, ავლენს სოციალური იზოლაციისათვის დამახასიათებელ  ნიშნებს, გაურბის ახალ კონტაქტებს და იკეტება საკუთარ თავში, უქრება სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის სურვილი. კონცენტრაციის უნარის და მოტივაციის დაქვეითება განაპირობებს აკადემიური მოსწრების დაქვეითებას, სწავლაში ჩამორჩენას, მუდმივად დაღლილად გრძნობს თავს და ხშირად ავიწყდება გაკვეთილების მომზადება. როგორც ხედავთ, სტრესის კლინიკური გამოვლინებანი საკმაოდ მრავალფეროვანია და მათი უმრავლესობა  შესაძლოა იყოს როგორც სტრესის, ასევე სხვა სომატური ან ნევროლოგიური დაავადების კლინიკური ნიშანი. მაგალითად, თავის ტკივილი შესაძლოა იყოს უამრავი სერიოზული  დაავადების კლინიკური ნიშანი  და მისი დიფერენცირება სტრესულ თავის ტკივილთან მხოლოდ პროფესიონალი ექიმის კომპეტენციაა.

სტრესი, სტრესი ბავშვებში, რა იწვევს სტრესს ბავშვებში, მშობელი, ბავშვი, ბავშვები, აღზრდა,

ყველაზე ხშირად რა იწვევს ბავშვებში სტრესს თქვენი დაკვირვებით?

-    სტრესის ძირითადი მიზეზი ნებისმიერ ასაკში არის ცხოვრების  ჩვეული რიტმის დარღვევა,  ცვლილებები. ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი ადგილის ან სკოლის შეცვლა, ახლობელ ადამიანთან დაცილება, მისი  ავადმყოფობა ან გარდაცვალება, მშობლების დაცილება, უყურადღებობა მშობლების მხრიდან, პრობლემები თანატოლებთან ან პედაგოგებთან სკოლაში, გამოცდები და მასთან დაკავშირებული ემოციები, აგრესიის მატარებელი კომპიუტერული თამაშები ან მულტფილმები, მუდმივი ზეწოლა და საყვედურები როგორც მშობლების, ასევე პედაგოგების მხრიდან, არასასურველი მიკროკლიმატი ოჯახში და ბავშვის აღზრის არასასურველი გარემო. 
ბავშვისათვის სტრესულია ექიმთან ვიზიტი, გარკვეული მანიპულაციები. გეგმიური ვიზიტიც კი შესაძლოა სტრესის მომტანი იყოს, აღარაფერს ვამბობ მძიმე და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებზე. ასეთი კონტინგენტი, როგორც წესი, ფსიქოლოგის დახმარებას საჭიროებს. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში სტრესის აღმოცენების მიზეზი შეიძლება გახდეს ცვლილება კვებაში, დედის სამსახურში გასვლა და ბავშვის ცხოვრებაში ძიძის გამოჩენა, ოჯახში მუდმივი ჩხუბი და კონფლიქტი, უფრო მოზრდილ ბავშვებში ბაღში ან სკოლაში შეყვანა, ვიღაცის ან რაღაცის ძლიერი შიში. 

სტრესი, სტრესი ბავშვებში, რა იწვევს სტრესს ბავშვებში, მშობელი, ბავშვი, ბავშვები, აღზრდა,

 

გარკვეულ სტრესთანაა დაკავშირებული  ბაღსა და სკოლაში პირველად მისვლა. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ სტრესისგან მაქსიმალურად დაიცვას შვილი?

- საბავშვო ბაღში და სკოლაში პირველად მისვლა ბავშვის ცხოვრებაში სრულიად ახალი და განსხვავებული ეტაპია, შესაბამისად, ის ბავშვის მხრიდან მოითხოვს შეგუებას. ამ ეტაპს თან ახლავს ისეთი სტრეს-ფაქტორები, როგორიცაა დედასთან დაშორება, სრულიად ახალ გარემოში მოხვედრა, ახალ ადამიანებთან ურთიერთობა და კოლექტიურ გარემოში ცხოვრების  წამოწყება. 
სასურველია, წინასწარ მოხდეს ბავშვის მომზადება ბაღისათვის, რომ შეგუების პროცესი მისთვის ნაკლებად მტკივნეული იყოს. დედა ხშირად უნდა ესაუბრებოდეს  ბავშვს ბაღის შესახებ, როგორი გარემო დახვდება, როგორია ბაღის დღის რეჟიმი, რა პირობებთან მოუწევს შეგუება, რა აქტივობებით დაკავდება დღის განმავლობაში. ყველაფერი პოზიტიური განწყობით უამბოს,  გაიხსენოს საკუთარი მაგალითი, როგორ შფოთავდა, სანამ პირველად ბაღში წავიდოდა და როგორ კარგად შეეგუა მას. ასევე, მნიშვნელოვანია, სასწავლო წლის დაწყებამდე ხშირად სეირნობდეს ბავშვი ბაღის სიახლოვეს, ზოგჯერ ეზოშიც შედიოდეს, რომ მისთვის გარემო მეტ-ნაკლებად ნაცნობი იყოს.

სტრესი, სტრესი ბავშვებში, რა იწვევს სტრესს ბავშვებში, მშობელი, ბავშვი, ბავშვები, აღზრდა,

სასურველია, ბაღში მისვლისათვის ბავშვი გარკვეულ უნარებს ფლობდეს, რათა შეეძლოს საკუთარი თავის ელემენტარული მომსახურება. ბაღში მისვლამდე უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად კოვზის დაჭერა, ჭამა, ჭიქიდან დალევა. საწყის ეტაპზე დასაშვებია, რომ დედამ გარკვეული დრო გაატაროს ბავშვთან ერთად ბაღში. წასვლის წინ ყოველთვის უნდა დავემშვიდობოთ ბავშვს, ჩვეული რიტუალით, რომ არ ჰქონდეს მიტოვებულის შეგრძნება. სასურველია, თუ ბავშვი მუდმივად დედასთან ერთადაა, ბაღში წასვლის წინ პერიოდულად დავტოვოთ ბებიასთან ან ახლო ნათესავთან. ასე უფრო ადვილად ეჩვევა სხვა ადამიანების გარემოცვაში ყოფნას. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვები ძალიან კარგად გრძნობენ მშობლის განწყობას და ემოციას. თუ დედა ძალიან ღელავს და ეშინია ბავშვის ბაღში დატოვება, ეს ემოცია ბავშვსაც გადაედება და მეტად უძნელდება ბაღთან შეგუება. 
რაც შეეხება სკოლაში პირველად მისვლას, პირველკლასელებს განსაკუთრებით უხარიათ სკოლის პირველი დღე და  ინტერესით მიიჩქარიან იქ, სადაც მათ ახალი და ჯერ კიდევ შეუცნობელი  სამყარო ელით. ამ სიხარულს თითქმის ყოველთვის თან ახლავს გარკვეული შიში და შფოთვა, ახლის მოლოდინი. ითვლება, რომ სკოლასთან შეგუება განსაკუთრებით იმ პატარებს უჭირთ, ვისაც საბავშვო ბაღში სიარულის გამოცდილება არ აქვთ. იმისათვის, რომ ამ სიახლესთან  პირველი შეხვედრა და შეგუება, პირველი შესვლა სკოლაში იყოს მაქსიმალურად მსუბუქი და სასიამოვნო ბავშვისთვის, საჭიროა მოვამზადოთ  ამისთვის. მომზადების პროცესში კი მთავარი ინფორმაციის მიწოდებაა. ვუამბოთ რა ხდება სკოლაში, რას მოითხოვენ მისგან. სასურველია, დედამ წინასწარ მიიყვანოს სკოლაში, გააცნოს გარემოს, ასევე პირველ მასწავლებელს. აქაც დედის სიმშვიდე და პოზიტიური განწყობა ბავშვს გადაედება და შფოთვა შემცირდება. პირველი კვირები განსაკუთრებულად დატვირთულია ბავშვისათვის როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად, ამიტომ როგორც მშობელს, ასევე მასწავლებელს განსაკუთრებული მოთმინება მართებთ, თანდათანობით ბავშვი ეგუება ახალ რეალობას და შფოთვაც თანდათან მცირდება. 

როგორ ვასწავლოთ ბავშვს სტრესთან, ძლიერ ემოციებთან გამკლავება?

-    როგორც არ უნდა ეცადოს მშობელი, წარმოუდგენელია, რომ ბავშვი სტრესის ზეგავლენისგან დაიცვას. ნებისმიერ დროს შეიძლება გამოჩნდეს მიზეზი სკოლასა თუ სხვა სოციალურ გარემოში, რომელიც ერთგვარი სტრესფაქტორის როლში გვევლინება. მშობელს შეუძლია დაეხმაროს შვილს სტრესთან გამკლავების ჯანსაღი გზების შემუშავებაში და ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაში.  ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მცირე ასაკის ბავშვი საერთოდ ვერ აცნობიერებს, რომ სტრესის ზეგავლენის ქვეშაა, შედარებით მოზრდილ ბავშვებს უჭირთ მშობლებთან გულახდილი საუბარი საკუთარი პრობლემების შესახებ. ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვს მოვუსმინოთ და ვესაუბროთ. უნდა მივცეთ საშუალება, გამოხატოს თავისი ემოცია, წუხილი, შიში. ვეცადოთ ყოველდღიურად დავუთმოთ ბავშვს დრო გულახდილი საუბრებისთვის. თუ ბავშვს უჭირს გულახდილად საუბარი პრობლემაზე, დაგვეხმარება საკუთარი მაგალითი. უამბეთ, რომ მსგავსი პრობლემა თქვენც გქონდათ, მოუყევით რას გრძნობდით ამ დროს, გამოხატეთ თანაგრძნობა.
ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ბავშვს  წინასწარ ვუთხრათ პოტენციურად სტრესული სიტუაციების შესახებ და მოვამზადოთ. მაგალითად, თუ ახლოვდება ექიმთან დაგეგმლი ვიზიტი, ვესაუბროთ იმაზე, რა მოხდება იქ. მშობლების უმრავლესობას შესწევს უნარი დაეხმაროს ბავშვს სტრესის დაძლევაში, მაგრამ თუ ამჩნევთ, რომ აღნიშნული ცვლილებები დროში გახანგრძლივდა,  სტრესი იწვევს სერიოზულ შფოთვას, უმჯობესია, დახმარებისთვის პროფესიონალს მივმართოთ.