ბავშვის დაბადებასთან ერთად თქვენს ცხოვრებაში სულ უფრო და უფრო მეტი სიურპრიზი შემოვა. თანდათან ბევრ უნარს აითვისებთ, მაგალითად, ბავშვის იდეალურად გახვევას, საფენის გამოცვლას, ბავშვის ძილის რუტინის შედგენას. მალევე შეამჩნევთ, რომ ახალშობილი ძალიან დიდ დროს ატარებს ძილში. ის ზოგჯერ ძილის გამო კვებასაც კი გამოტოვებს. თუმცა, ამაში უჩვეულო არაფერია. სინამდვილეში დიდი რაოდენობით ძილი სასარგებლოა პატარასთვის. ჩვენ მოგითხრობთ პატარებისთვის ძილის სარგებლის შესახებ:
1. სტიმულირდება ზრდის პროცესი
უკვე დიდი ხანია მიიჩნევა, რომ ძილის დროს ბავშვის ზრდის პროცესი ჩქარდება. ახალი კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ რაც უფრო მეტი სძინავს ბავშვს, მით უფრო უკეთესია მისი ფიზიკური ზრდა-განვითარების დონე.
2. ვითარდება ნეიროსენსორული სისტემა
ცენტრალური ნერვული სისტემა სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში ვითარდება. ძილის დროს სტიმულირდება ბავშვის ნეიროსენსორული სისტემა. ეს პროცესი ძილის დროს, თვალის სწრაფი მოძრაობის ფაზაში (REM) ხდება და მას ენდოგენური სტიმულაცია ეწოდება. ამ დროს ნეირონების განმუხტვა ხდება და იქმნება კავშირები გრძნობათა ორგანოებსა და ტვინის სტრუქტურებს შორის, რაც აუცილებელია სენსორული სისტემის - სმენის, მხედველობის, ყნოსვის, შეხების და ვესტიბულური სისტემების განვითარებისთვის.
3. კარგია ტვინის განვითარებისთვის
თავის ტვინის ჩამოყალიბების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ტვინის პლასტიკურობაა. ეს ნიშნავს ტვინის უნარს, გარემო ფაქტორების გავლენით სტრუქტურა და ფუნქცია შეიცვალოს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების თანახმად გაირკვა, რომ ცხოველები, რომლებსაც საკმარისზე უფრო ნაკლები სძინავთ, კარგავენ ტვინის პლასტიკურობას. შედეგად მათი ტვინის მოცულობა მცირდება, მათ უქვეითდებათ სწავლის უნარი და მათი ქცევა ნაკლებად ორგანიზებული ხდება. ეს მოწმობს იმას, რომ ძილი ტვინის განვითარების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
4. ვითარდება სწავლისთვის საჭირო უნარები
ძილი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მეხსიერების კონსოლიდაციის პროცესში. ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში მეცნიერები ცდილობდნენ, სახელდახელოდ შექმნილი ენა 15 თვის ასაკის ბავშვთა ორი ჯგუფისთვის ესწავლებინათ. ერთ ჯგუფში შემავალი ბავშვები გაკვეთილსა და ტესტს შორის იძინებდნენ, მეორე ჯგუფის ბავშვები კი - არა. შემდეგ მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს ამ ორი ჯგუფის შედეგები და აღმოაჩინეს, რომ პირველი ჯგუფის ბავშვებს ბევრად უკეთესი შედეგები ჰქონდათ. მათ არა მარტო ნასწავლი სიტყვების გახსენება, არამედ მათ შორის კავშირების დამყარებაც შეძლეს.
5. უმჯობესდება გუნება-განწყობა
არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც კი უფუჭდებათ განწყობა, როცა ძილი აკლიათ. ბავშვები, რომლებსაც ძილი აკლიათ, უფრო გაღიზიანებული და ნაკლებად დამყოლი არიან. ამიტომ თუ თქვენს პატარას ბოლო დროს ხასიათი გაუფუჭდა, შეამოწმეთ, რამდენად კარგად სძინავს ღამით.
ახლა უკვე იცით ბავშვის ძილის მნიშვნელობა და ის, რომ ბევრი ძილი სასრგებლოა თქვენი პატარასათვის. მაგრამ, თუ ბავშვს ზედმეტი ძილიანობა აქვს და წონაში ვერ იმატებს, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს. ამის მიზეზი შეიძლება ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა იყოს.
P.S თქვენ უკვე იცით, რომ ბავშვისთვის ძილის ყველაზე უსაფრთხო პოზა - ზურგზე ძილია. წაიკითხეთ როგორ უნდა უზრუნველყოთ უსაფრთხო ძილი თქვენი პატარასთვის - აქ