რატომ ტირიან ბავშვები - მიზეზი ყოველთვის შიმშილი არ არის

13-11-2021

რატომ ტირიან ჩვილები? ტირილის შესაძლო მიზეზებია:

თქვენი პატარა მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ მას უზრუნველყოფთ საკვებით, სითბოთი და ზრუნვით. ტირილი ბავშვის საშუალებაა, გაგაგებინოთ თავისი საჭიროებების შესახებ და ითხოვოს თქვენი ყურადღება და მზრუნველობა. ბავშვის ხშირი და ხანგრძლივი ტირილის ზუსტი მიზეზი უცნობია. ზოგი ექსპერტის აზრით, ეს ნორმალური განვითარების ერთ-ერთი ეტაპია. 

თუ თქვენ თვლით, რომ თქვენი შვილი არაბუნებრივად ბევრს ტირის, აუცილებლად წაიყვანეთ პედიატრთან, რათა გამორიცხოთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. 

ზოგჯერ რთულია გაიგო, რა სურს პატარას. როცა ბავშვი წამოიზრდება, ის კომუნიკაციის სხვა ფორმებსაც ისწავლის, როგორიცაა, გაღიმება, თვალით-თვალში კონტაქტი და სხვადასხვა ბგერის გამოცემა.მანამდე კი ჩვენ მოგითხრობთ პატარების ტირილის ყველაზე ხშირ მიზეზებზე და როგორ დაამშვიდოთ ისინი.

რატომ ტირიან ჩვილები?

მე ვტირი იმიტომ, რომ მშია

შიმშილი ტირილის ყველაზე ხშირი მიზეზია, განსაკუთრებით ახალშობილობის პერიოდში. რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით ურო ხშირად სჭირდება კვება, რადგან მისი კუჭი მცირე მოცულობისაა. შესთავაზეთ მას ძუძუთი კვება და დაელოდეთ თავად შეწყვიტოს, როცა დაკმაყოფილდება და დამშვიდდება. ამას ჰქვია ძუძუთი კვება მოთხოვნის მიხედვით.
ხელოვნური საკვების შემთხვევაში კვებებს შორის საჭირო ინტერვალი უნდა დაიცვათ. თუმცა, თუ ბავშვი გამზადებულ საკვებ ულუფას ბოლომდე არ ამთავრებს, შეიძლება უფრო ხშირ-ხშირად სჭირდებოდეს კვება. 

მე ვტირი იმიტომ, რომ კოლიკა მაქვს

თუ თქვენს პატარას არავითარი ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, მაგრამ მაინც ბევრ ტირის ამის მიზეზი შიძლება კოლიკა იყოს. ის ამ დროს გაღიზიანებულია და თქვენ გაგიჭირდებათ მისი დამშვიდება. შეიძლება მუჭები შეკრული ჰქონდეს, მუხლები მოხრილი და წელი შეზნექილი. მუცლის ტკივილს შეიძლება იწვევდეს შებერილობა, რეფლუქსი, კვებითი ალერგია დედის რძის ან ხელოვნური საკვების მიმართ. გახსოვდეთ, რომ კოლიკა ორი თვის ასაკში ყველაზე მწვავედ აწუხებს ბავშვებს, ხოლო 3-4 თვის ასაკისთვის ეს პრობლემა წარსულს ჩაბარდება.

მე ვტირი იმიტომ, რომ ხელში აყვანა მჭირდება

პატარას დასამშვიდებლად სჭირდება ჩახუტება, ფიზიკური, კანი-კანთან კონტაქტი. მისი სხეულთან მჭიდროდ მიხუტება, მკლავებში რწევა და მისთვის სიმღერა მოუხსნის შფოთვას.
შეგიძლიათ ბავშვი სლინგით ან კენგურუთი ატაროთ დიდი ხნის განმავლობაში. მას კომფორტში ამყოფებს თქვენი გულისცემის მოსმენა, თქვენი ტანის სითბოს და სურნელის შეგრძნება.

მე ვტირი, რადგან დავიღალე და დასვენება მჭირდება

გადაქანცვის და ზესტიმულაციის შემთხვევაში პატარას შეიძლება გაუჭირდეს ჩაძინება. ყველა მცირე გამღიზიანებლის საპასუხოდ ტირილი ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ პატარას ძილი და დასვენება სჭირდება. ხშირად ამ ნიშნების ამოცნობა მშობლებს პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში უჭირთ. ბავშვის ზესტიმულაცია ბევრმა მნახველმა, ზედმეტად ბევრმა რწევამ და სიმღერამ შეიძლება გამოიწვიოს. გაიყვანეთ მშვიდ და ნაკლებად განათებულ ოთახში კვების შემდეგ და ძილის დროის მოახლოებისას. 

მე ვტირი იმიტომ, რომ ძალიან მცხელა ან მცივა

ბავშვის ტემპერატურის შემოწმება შეგიძლიათ მის მუცელზე ან კისერზე ხელის დადებით. არ იხელმძღვანელოთ მისი ხელების და ფეხების ტემპერატურით, რადგან ისინი ყოველთვის უფრო ცივია, ვიდრე სხეულის ზოგადი ტემპერატურა. ბავშვის ოთახის ტემპერატურა უნდა იყოს 16-20 გრადუსი. ტემპერატურის საკონტროლოდ გამოიყენეთ ოთახის თერმომეტრი. დააწვინეთ ბავშვი ზურგზე, ფეხები მიაბჯენინეთ საწოლის თავზე, რათა ქვევით ჩაცოცება და საბანში გახვევა ვერ შეძლოს და ძალიან არ დასცხეს. არ ჩააცვათ ბავშვს ზედმეტი ტანსაცმელი, ამან შეიძლება მისი გადახურება გამოიწვიოს. ზოგადად, ბავშვს ერთი ფენით უფრო მეტი სამოსი უნდა ეცვას, ვიდრე თქვენ გაცვიათ. 
ეცადეთ გამოიყენოთ ბამბის ტანსაცმელი.

მე ვტირი იმიტომ, რომ საფენის გამოცვლა მჭირდება

ბავშვი შეიძლება აპროტესტებდეს დასველებულ საფენს. ზოგ პატარას არ წუხდება დასველებული საფენი, თუკი კანი არ გაუმიზეზდება. თუ თქვენს პატარას საფენის გამოცვლა არ უყვარს, გადაატანინეთ ყურადღება სიმღერით ან სათამაშოებით. მალე ისწავლით საფენის ძალიან სწრაფად გამოცვლას, რათა პატარა სიცივემ არ შეაწუხოს.

მე ვტირი, რადგან თავს ცუდად ვგრძნობ

ცუდად ყოფნის დროს ბავშვი განსხვავებული ტონით ტირის, უფრო დაბალი ან მაღალი ხმით, უფრო მეტი გაღიზიანებით და შეუსვენებლად. თუ თქვენი შვილი ჩვეულებრივ ძალიან ბევრს ტირის, მაგრამ ახლა უჩვეულოდ ჩუმადაა, ესეც შეიძლება იყოს ცუდად ყოფნის მანიშნებელი. კბილების ამოსვლისას და ამოსვლამდე ერთი კვირით ადრე შეიძლება ბავშვი უფრო გაღიზიანებული და მოუსვენარი იყოს, ვიდრე ჩვეულებრივ. არავინ იცნობს თქვენს შვილს თქვენზე უკეთ, თუ თქვენი ინსტინქტი გეუბნებათ, რომ რაღაც რიგზე არ არის, დაუკავშირდით პედიატრს.
 
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს თუ ბავშვი განუწყვეტლივ ტირის, აქვს ღებინება, დიარეა ან ყაბზობა და მისი სხეულის ტემპერატურა მოიმატებს 38 გრადუსზე მეტად, თუ ის 3 თვემდე ასაკისაა და 39 გრადუსზე მეტად თუ 3-6 თვისაა. 

თუ ბავშვს ტირილის დროს სუნთქვა უჭირს, დარეკეთ სასწრაფო დახმარების სამსახურში ან სასწრაფოდ მიიყვანეთ ის კლინიკაში.

წყარო: babycentre.co.uk