თუ თქვენს პატარას კვებასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, ამის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს. ყველაზე ხშირი მიზეზი ძროხის რძის ალერგია ან ლაქტოზის აუტანლობაა.
ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ეს ორი მდგომარეობა ერთი და იგივეა, მაგრამ ასე არ არის. მათი სიმპტომები მსგავსია, ამიტომ ერევათ ისინი ერთმანეთში. ასევე, შეიძლება პრობლემის გამომწვევი არც ერთი არ იყოს. ზუსტი მიზეზის დასადგენად პედიატრთან კონსულტაცია დაგჭირდებათ.
რა არის ძროხის რძის ალერგია?
უმეტესად ბავშვები ძროხის რძეს პირველად სწორედ ხელოვნური საკვებით იღებენ. ძროხის რძის დალევა არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის 1 წლის ასაკამდე.
ძროხის რძის ალერგია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგიაა ბავშვებში. ამ დროს ბავშვის იმუნური სისტემა რეაგირებას ახდენს რძეში შემავალ ცილებზე, რაც ალერგიის სიმპტომების გამოვლენას იწვევს.ზოგჯერ, მაგრამ არა ხშირად, ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებსაც უვლინდებათ ეს ალერგია. ამის მიზეზი ისაა, რომ ბავშვი დედის კვების რაციონში შემავალი ძროხის რძის ცილებს დედის რძით იღებს. უმეტესად ბავშვებს ეს ალერგიული რეაქცია 5 წლის ასაკისთვის უქრებათ.
ძროხის რძის ალერგიის სიმპტომები
სიმპტომები გამოვლინდება ძროხის რძის ან ძროხის რძეზე დამზადებული ხელოვნური საკვების მიღებიდან რამდენიმე წუთში. იშვიათ შემთხვევაში, სიმპტომების გამოვლენას შეიძლება საათები ან დღეები დასჭირდეს.
სიმპტომები მრავალფეროვანი შეიძლება იყოს:
• საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები: მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა და შეკრულობა.
• კანისმიერი რეაქცია: შეშუპება ტუჩებზე, სახეზე, თვალების ირგვლივ და გამონაყარი ქავილით.
• თივის ცხელების მსგავსი სიმპტომები: რინორეა და ცრემლდენა.
• ეგზემა, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება.
მძიმე სიმპტომების უეცრად წარმოშობა იშვიათია, მაგრამ შეიძლება განვითარდეს პირის ღრუს ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი სუნთქვა - მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელსაც ანაფილაქსია ეწოდება. ამ დროს ბავშვი შეიძლება გაფითრდეს და გონება დაკარგოს. ეს გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობაა და აუცილებლად უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება, ან დაუყოვნებლივ წაიყვანოთ ბავშვი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.
ძროხის რძის ალერგიის მკურნალობა
თუ ბავშვს დაუდგინდა ძროხის რძეზე ალერგია, პედიატრი ან ალერგოლოგი დაუნიშნავს მას მკურნალობას, რომელიც მოიცავს რაღაც დროით კვების რაციონიდან ძროხის რძის სრულიად ამოღებას. პედიატრი გამოგიწერთ სპეციალურ ხელოვნურ საკვებს, რომელიც არ არის ძროხის რძეზე დამზადებული. ექიმი განსაზღვრავს როდის შეგეძლებათ ბავშვის კვების რაციონში ძროხის რძის ისევ შეტანა.
რა არის ლაქტოზის აუტანლობა?
ლაქტოზის აუტანლობა ძროხის რძის ან მასზე დამზადებული ხელოვნური საკვების მიმართ სხვაგვარი რეაქციაა. ამ დროს ბავშვის ორგანიზმი ვერ ინელებს ლაქტოზას. ლაქტოზა ნახშირწყლის სახეობაა, რომელსაც რძე შეიცავს. მსოფლიოში ადამიანთა დაახლოებით 70% -ს აქვს ლაქტოზის აუტანლობა. ის უფრო გავრცელებულია აზიაში, აფრიკაში და ლათინო-ამერიკულ ქვეყნებში.
ლაქტოზის აუტანლობის სიმპტომები
ზოგი სიმპტომი ჰგავს ძროხის რძეზე ალერგიის სიმპტომებს. მათ შორის საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორებიცაა, მუცლის ტკივილი, შებერილობა, დიარეა.
ლაქტოზის აუტანლობის მკურნალობა
ექიმი ბავშვს ლაქტოზის აუტანლობის ტესტსს დაუნიშნავს, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ზომავს ლაქტოზის ხსნარის დალევამდე და მას შემდეგ.თუ ტესტით დადასტურდება ლაქტოზის აუტანლობა, ექიმმა შეიძლება დიეტოლოგთან გადაგამისამართოთ, რომელიც მოგცემთ რჩევებს ბავშვის კვების რაციონთან დაკავშირებით. რძის პროდუქტების სწორი პროდუქტებით ჩანაცვლება მნიშვნელოვანია, რათა არ შეფერხდეს ბავშვის ზრდა-განვითარება.თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, პედიატრი გამოგიწერთ ლაქტოზისგან თავისუფალ საკვებს.თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზეა, ექიმმა შეიძლება ლაქტოზის შემცველი მედიკამენტი დაუნიშნოს მას, რომელიც მიეხმარება ორგანიზმს დედის რძის მონელებაში. ხშირად ლაქტოზის აუტანლობა ბავშებში მხოლოდ დროებითია და სიმპტომები რამდენიმე კვირაში ქრება. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ თანდათანობით შეიტანოთ რძე და რძის პროდუქტების მის რაციონში.
შეიძლება პრობლემას რაიმე სხვა იწვევდეს?
შეიძლება თქვენი შვილის კვებითი პრობლემა სულ სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული.
ლაქტოზის აუტანლობის და ძროხის რძის ალერგიის მსგავსი ზოგი სიმპტომი ბავშვებს სულ სხვა მიზეზით უვლინდებათ ხოლმე.
შეიძლება მიზეზი იყოს რეფლუქსი. ამ დროს ბავშვს კვების დროს ან კვების შემდეგ ამოაქვს მიღებული რძის ნაწილი. ზოგჯერ ეს უმნიშვნელოა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ამოღებული საკვების რაოდენობა დიდია და ეს პროცესი მტკივნეულია. შეიძლება ბავშვს აწუხებდეს მუცლის ტკივილი, დისკომფორტი, ნორმალურად ვერ იკვებებოდეს ან წონაში ვერ იმატებდეს ამის გამო.
შეიძლება მიზეზი იყოს კოლიკა. ამ დროს ბავშვი ძალიან ბევრს ტირის. კოლიკის დროს ბავშვს ძალიან აწუხებს შებერილობა და მუცლის ტკივილი. თუ თქვენს პატარას კვების მხრივ პრობლემები აქვს, ვერ იმატებს წონაში, ან შემაწუხებელი სიმპტომები აქვს, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს. ის იპოვის პრობლემის მიზეზს და დაგეხმარებათ მის მოგვარებაში.
წყარო: webmd.com