რატომ უნდა ატაროთ ბავშვი კენგურუთი ან სლინგით?

18-10-2021

ბავშვის კენგურუთი ან სლინგით ტარება არა მხოლოდ დედისთვისაა მოსახერხებელი, არამედ სასარგებლოა პატარასთვისაც.

ყველა მშობელს შეუძლია ამ გზით შვილზე იზრუნოს მაშინ, როცა პარალელურად მუშაობა ან სწავლა უწევს.
•    ბავშვები, რომლებსაც სლინგით ატარებენ, არიან უფრო მშვიდად და ნაკლებად ტირიან.
•    სლინგი ხელს უწყობს ბავშვის ახალ გარემოსთან ადაპტაციას. კენგურუში და სლინგში ჩასმული ბავშვი ირხევა დედის მოძრაობებთან ერთად და ესმის დედის გულისცემა, ისევე როგორც საშვილოსნოში ყოფნის დროს. ეს ეხმარება ბავშვს დამშვიდებასა და საკუთარი სისტემის რეგულირებაში.
•    სლინგში მოთავსებული ბავშვი უფრო მიმღებია ახალი ინფორმაციისადმი, გაზრდილი აქვს სმენითი ყურადღება და მზად არის სწავლისთვის.
•    ბავშვის კენგურუთი ან სლინგით ტარება ხელს უწყობს მასა და მომვლელს შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას. როდესაც პატარები სხეულთან ახლოს უჭირავთ, მომვლელი და ბავშვი უფრო ხშირად უყურებენ ერთმანეთს სახეში, რაც იწვევს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის სიხშირის გაზრდას. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს მეტყველებისა და სოციალური უნარების განვითარებას.

სლინგი, კენგურუ,
•    ბავშვებს, რომლებიც სლინგში მზრუნველისკენ ზურგით არიან მოთავსებულნი, გარე სამყაროზე ზრდასრული ადამიანის სიმაღლის შესაბამისი ხედი აქვთ. ეს  მათ გარემოზე საკუთარი ტემპით, დამოუკიდებლად დაკვირვებასა და შესწავლაში ეხმარება. ამ პოზიციაში შეგიძლიათ მოათავსოთ ბავშვი მას შემდეგ, რაც ის კისრის დაჭერას ისწავლის (5-6 თვის ასაკში), თავიდან მაქსიმუმ 20 წუთის ხანგრძლივობით. ამ პოზიციაში ბავშვს არ უნდა ეძინოს. 
•    მრავალფეროვანი სტიმულების მიღება ეხმარება ბავშვის ტვინს თავისი სრული პოტენციალის განვითარებაში. სცადეთ სხვადასხვა პოზიცია, მაგალითად, თეძოს ან ზურგის კენგურუ, თუ ბავშვს ტანის დაჭერა შეუძლია.
•    მზრუნველს უფრო მარტივად შეუძლია სლინგში ან კენგურუში მყოფი ბავშვის დაწყნარება, თუ მას რაიმე შეაშინებს.
•    უფრო მარტივია სლინგში მოთავსებული ბავშვის ძუძუთი გამოკვება. სლინგის ნაჭერი იფარავს ბავშვს და დედას გარშემო მყოფების მზერისაგან.
•    კვლევების თანახმად, იმის მიუხედავადაც კი, თუ ბავშვს სლინგში ყოფნისას არ აწოვებთ ძუძუს, სლინგით ტარების შემთხვევაში ძუძუთი კვების სიხშირე მაინც იზრდება.
•    მშობლები და მზრუნველები უფრო იოლად ასრულებენ თავიანთ ყოველდღიურ საქმეებს, როდესაც ბავშვი სლინგში ან კენგურუში ჰყავთ მოთავსებული. მათი ორივე ხელი თავისუფალია და პატარები სწრაფად მშვიდდებიან. სახლის საქმეები, საყიდლები, სეირნობა და თავის მოწესრიგებაც კი უფრო იოლი ხდება. ზოგ მშობელს ბავშვი კენგურუთი სამსახურშიც კი მიჰყავს.
•    უფროსი შვილების საჭიროებების დაკმაყოფილებაც უფრო მარტივია, მაგალითად, მათი თასმების შეკვრა ან მათთვის წასახემსებლის მომზადება.

როგორ მოვირგოთ სლინგი, ნახავთ ვიდეოში

უსაფრთხოების ზომები

•    ბავშვი უნდა იმყოფებოდეს გამართულ პოზიციაში, იმისთვის, რომ მისი სასუნთქი გზები ყოველთვის გამავალი იყოს, ზურგი ფიქსირებული უნდა იყოს ბუნებრივ პოზიციაში, ფეხები კი თავისუფლად უნდა ჰქონდეს (ბავშვს მათი მოძრაობა უნდა შეეძლოს). მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი მზრუნველთან იმდენად ახლოს იყოს, რომ მას შეეძლოს ბავშვის კოცნა. 
•    არ ატაროთ ბავშვი სლინგით პოტენციურად საშიშ სიტუაციებში, მაგალითად, ანთებული ქურის წინ კერძის მომზადებისას, ან მაშინ როდესაც ცხელი სასმელი გიჭირავთ ხელში, ან როდესაც ბასრ დანას იყენებთ.
•    თუ რაიმე საგნის აღება დაგჭირდებათ, მოიხარეთ მუხლებში, ერთი ხელით კი ბავშვი გეჭიროთ.

სლინგი, კენგურუ,
•     აკონტროლეთ ბავშვის ტემპერატურა და გახსოვდეთ, რომ ბავშვის მტარებელი მას ტემპერატურას და სითბოს უნარჩუნებს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფეხებს და თავს. დააკვირდით, რომ ახლომახლო არ იყოს სახიფათო ნივთები, რომლებსაც  ბავშვი შეიძლება მისწვდეს.
•    მოგზაურობისას ბავშვები უნდა მოთავსდნენ შესაბამის, სპეციალურ სავარძელში, რომელიც განკუთვნილია ავტომობილებისთვის ან ველოსიპედებისთვის და არავითარ შემთხვევაში - სლინგში.

წყარო: llli.org