ზრდის დღეები - როდის ველოდოთ და როგორ ამოვიცნოთ ისინი (+ცხრილი)

18-08-2021

სწრაფი ზრდის დღეები (growth spurts) როდის ველოდოთ და როგორ ამოვიცნოთ ისინი?

თქვენს შვილს უეცრად მადა გაუძლიერდა? უხასიათოდ არის და გაღიზიანებულია? ღამით ხშირად იღვიძებს? ის შეიძლება ზრდის ინტენსიურ ფაზაში იყოს, რომელსაც ზრდის დღეები ჰქვია. ამ სტატიაში შეიტყობთ რა ასაკში უნდა ელოდოთ მას  და როგორ უნდა მოახდინოთ მისი იდენტიფიცირება.

თქვენ შეიძლება დიდი შრომის შედეგად,  საბოლოოდ, მოაწესრიგეთ  თქვენი პატარას კვების გრაფიკი და რაციონი. ის კი უეცრად სრულიად იცვლის კვების ჩვევებს, საკვებს ითხოვს  უფრო ხშირად, თითქოს მუდმივად მშიერია,  ჩვეული ულუფის მიღების შემდეგ კი მაინც ვერ კმაყოფილდება. ამ დროს გვაქვს მიზეზი დავფიქრდეთ, ხომ არ აქვს პატარას სწრაფი ზრდის დღეები? 
ამ დროს თქვენ შეიძლება შეშფოთდეთ და იფიქროთ, რომ მას თქვენი რძე არ ჰყოფნის, თუმცა დამშვიდდით, ის უბრალოდ ზრდის  პირველ ნახტომს გადის. საერთო ჯამში თქვენმა პატარამ სიცოცხლის პირველი წლის მანძილზე ხუთი ასეთი პერიოდი უნდა გაიაროს.
პატარები ყველაზე სწრაფად სიცოცხლის პირველ წელს იზრდებიან. პირველი 12 თვის მანძილზე ჩვილები ისამმაგებენ სხეულის წონას და სიგრძეში დაახლოებით 25 სმ-ით იზრდებიან.
ზრდის ნახტომის ფაზის, ზრდის დღეების გავლის შემდეგ შეიძლება შეამჩნიოთ როგორ დაუპატარავდა თქვენს შვილს  ყველა  სამოსი ლამის ერთ ღამეში.

ჩაიწერეთ ზრდის დღეების ცხრილი ტელეფონში და შეხვდით მომზადებული თქვენი პატარას ზრდის დღეებს

ზრდის დღეები, ზრდის დღეების ცხრილი,

რა ასაკში უნდა ველოდოთ ზრდის დღეებს?

პასუხი ასეთია - ახალშობილის სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს. უმეტესად კი ეს ხდება:
•    1 - 3 კვირის
•    6 - 8 კვირის
•    3 თვის
•    6 თვის
•    9 თვის ასაკში
თქვენი პატარას ზრდის პროცესის მონიტორინგისთვის პედიატრი იყენებს ზრდის დიაგრამას, რომელსაც  ყოველი ვიზიტის დრო ავსებს. ეს დიაგრამა აკონტროლებს თქვენი შვილის წონას, სიგრძეს და თავის გარშემოწერილობას და ადარებს მათ ასაკობრივ ნორმას.

ზრდის დღეების ნიშნები 

•    გაზრდილი მადა - თქვენი პატარა განუწყვეტლივ საკვებს ითხოვს - ყოველ ერთ ან ორ საათში (ზოგჯერ შეიძლება ყოველ ნახევარ საათშიც კი) თუკი თქვენ შვილს ძუძუთი კვებავთ, გეცოდინებათ, რომ რაც უფრო ინტენსიურად წოვს ჩილი ძუძუს, მით უფრო მეტ რძეს წარმოქმნის თქვენი ორგანიზმი. თუ თქვენი შვილი მყარ საკვებსაც მიირთვეს, მისი დოზაც უნდა გაუზარდოთ.
•    ღამით ხშირად გაღვიძება - თუ მანამდე თქვენი პატარა ღამით გადაბმით 5-6 საათი იძინებდა, ზრდის ნახტომის პერიოდში დილის 2 ან 4 საათზე შეიძლება ტირილით გაიღვიძოს და წახემსება მოგთხოვოთ. შეიძლება დღის თვლემის დროც შემცირდეს.
•    გაღიზიანება და უხასიათობა - ძუძუს წოვის დროს პატარა შეიძლება უფრო გაღიზიანებული იყოს და წოვდეს უფრო ღონივრად. თქვენი რძის პროდუქცია შეიძლება ჯერ არ იყოს ადაპტირებული გაზრდილ მოთხოვნასთან, რაც მის უკმაყოფილებას და უხასიათობას  იწვევს.

რამდენი ხანი გრძელდება ზრდის დღეები? 

უმეტესად, ზრდის ნახტომის ფაზა მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდება. ამის შემდეგ ყველაფერი ნორმას დაუბრუნდება.

ზრდის დღეები, ზრდის დღეების ცხრილი,

ზრდის ნახტომის პერიოდში მეტი სძინავთ ჩვილებს თუ ნაკლები?

ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ზრდის აქსელერაციის პერიოდში ჩვილის ძილის მოთხოვნილებას იზრდება. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ პერიოდში პატარები უფრო ხშირად იღვიძებენ კვებისთვის, რაც, ბუნებრივია, მათი ძილის ხანგრძლივობას ამცირებს. 

როგორ უნდა მოვიქცეთ ზრდის ნახტომის პერიოდში?

ცხადია, თქვენ ამ პერიოდამდეც ძალიან დაღლილი იქნებოდით, ახლა კი დატვირთვა თქვენს ორგანიზმზე კიდევ უფრო გაზრდილია. დარწმუნდით, რომ საკმარის წყალს სვამთ, თავიდან აიცილეთ დეჰიდრატაცია, სთხოვეთ თქვენს პარტნიორს ან ოჯახის სხვა წევრებს დაგეხმაროთ საოჯახო საქმეებში, რომ თქვენ  რაც შეიძლება მეტი დრო გქონდეთ დასვენებისთვის.
ამ პერიოდში შეიძლება წუხდეთ, რომ თქვენი რძე პატარას არ ჰყოფნის, რადგან ის სულ უფრო და უფრო მეტს ითხოვს, მაგრამ ჩვენი რჩევაა არ შეწყვიტოთ ძუძუთი კვება. გახსოვდეთ, რომ ჩვილის გაზრდილი წოვითი მოქმედება უფრო მეტი რძის გამომუშავებას ასტიმულირებს და მის რაოდენობაც იზრდება.
თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენს პატარას საკვები არ ჰყოფნის,  ყურადღება მიაქციეთ საფენებს(რამდენად ხშირად და კარგად შარდავს ბავშვი) და წონის ნამატს. თუ წონაში მატება გრძელდება ხოლო ახალშობილი დღე-ღამეში 5 ან 6 საფენს ასველებს, მაშინ სანერვიულოც არაფერია. მალე მისი გაზრდილი მადა და მოუსვენრობა გაივლის და ყველაფერი ნორმაში ჩადგება, რა თქმა უნდა მანამ,  სანამ მომდევნო ნახტომის პერიოდი არ დაიწყება.

წყარო: whattoexpect.com

ასევე დაგაინტერესებთ: