რატომ აქვთ პატარებს ცივი კიდურები?

04-09-2021

თქვენი პატარა თბილად შეახვიეთ, მაგრამ ამჩნევთ, რომ მისი ხელები და ტერფები მაინც ცივია.
ალბათ გაინტერესებთ, როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს, უფრო თბილად უნდა ჩააცვათ? პატარებს ხომ ზრდასრულებზე მეტი ტემპერატურა უნდა ჰქონდეთ? ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ბავშვი გაცივდება?
დამშვიდდით, ჩვილი ბავშვებისთვის ცივი ხელები და ტერფები ნორმალურია და ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

ტემპერატურის რეგულაცია
ჩვილ ბავშვებს ზრდასრულებზე ოდნავ მეტი სხეულის ტემპერატურა აქვთ, მაგრამ მათი ხელები, მკლავები, ტერფები და ფეხები უფრო გრილია, ვიდრე ზრდასრულის. ამან შეიძლება დაგაბნიოთ.
ბავშვის ბაზალური (შინაგანი) ტემპერატურა ზრდასრულებზე უფრო მეტია, მაგრამ მათ საკუთარი თავის გათბობა ან ტემპერატურის რეგულირება არ შეუძლიათ.
ჩვილ ბავშვებში ნორმალური სხეულის ტემპერატურა  36.1-38 გრადუსის ფარგლებში მერყეობს, ზრდასრულებში კი ეს მაჩვენებელი 36,1-37,2 გრადუსია.

აქტივობის დონე
ჩვილი ბავშვების ცხოვრება უმეტესად ძილისგან, კვებისგან და ამ საკვების მონელებისგან შედგება. ეს ნიშნავს იმას, რომ მათი ფიზიკური აქტივობის დონე საკმაოდ დაბალია.
ნაკლები მოძრაობა კიდურებში ნაკლები სისხლი მიწოდებას იწვევს. ხშირი კვების შედეგად კი სისხლის უმეტესი ნაწილი კუჭისა და ნაწლავებისკენ მიედინება. როცა ბავშვი უფრო მოძრავი გახდება, მისი კიდურებიც უფრო გათბება.

სისხლის მიმოქცევა
სისხლის ფუნქცია მხოლოდ სხეულის ჟანგბადით მომარაგება არ არის. მას სითბოც გადააქვს. ახალშობილებს და 3 თვემდე ასაკის ბავშვებს ჯერ ბოლომდე განვითარებული არ აქვთ სისხლის მიმოქცევის სისტემა. ეს ნიშნავს იმას, რომ ნაკლები სისხლი მიეწოდება გულიდან ყველაზე დაშორებულ სხეულის ნაწილებს, ხელებს და ფეხებს. ბავშვის ორგანიზმი ასევე დაკავებულია ტვინის, ფილტვების და სხვა ორგანოების განვითარებით. სისხლის ძირითადი ნაკადი ამ ვიტალური ორგანოებისკენ უფრო აქტიურად მიედინება, ვიდრე კიდურებისკენ. ზოგიერთ ახალშობილს იმდენად შეზღუდული აქვს კიდურებში სისხლის მიწოდება, რომ მათი ხელების და ფეხების შეფერილობა ლურჯი ხდება. ამას აკროციანოზი ეწოდება. ეს მდგომარეობა დაბადებიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ გაივლის.
უფრო დიდი ასაკის ბავშვებს ხელები და ტერფები შეიძლება გაულურჯდეს აბაზანიდან ამოყვანის, გარეთ, სიცივეში გაყვანის დროს. არ იდარდოთ, ესეც ნორმალურია და გაივლის, როცა მისი გულ-სისხლძარღვთა სისტემა საბოლოოდ ჩამოყალიბდება. 

ცხელება
თუ პატარას მაღალი ტემპერატურა აქვს - 38 გრადუსზე მეტი - ამ დროსაც შეიძლება ხელები და ტერფები ცივი იყოს. მისი იმუნური და სისხლის მიმოქცევის სისტემა გადატვირთულია და სხვაგან ეძებს პათოგენურ აგენტს.
ცხელების დროს ადგილი აქვს შემცივნებასაც, ანუ დაბალ ტემპერატურას, როდესაც ორგანიზმი ცდილობს ტემპერატურის ნამატის დაბალანსებას, არ გამოგრჩეთ ბავშვის ავადმყოფობის სხვა ნიშნები: 
•    სახის სიწითლე
•    მოყვითალო სახე ან თვალები
•    ცხელი, მშრალი კანი სახეზე ან გულმკერდზე
•    კვებაზე უარის თქმა
•    შარდვის შემცირება
•    დიარეა ან ყაბზობა
•    უძილობა ან გადამეტებული ძილიანობა
•    კუნთების მოდუნება
•    ზედმეტი ტირილი
•    ტირილის სრულიად შეწყვეტა
•    მომატებული მოუსვენრობა ან გაღიზიანებადობა
ამ სიმპტომების არსებობისას მიმართეთ ექიმს.

სხვა გამომწვევი მიზეზები
თუ ბავშვს მოლურჯო ტუჩები ან კანის სიმშრალე აქვს, შეიძლება ზოგადად, მთელ სხეულში, სისხლის მიწოდების პრობლემა ჰქონდეს. ამ დროს ორგანიზმი საკმარის ჟანგბადს ვერ იღებს.
კანის და ტუჩების სილურჯე შეიძლება შემდეგ დაავადებებზე მიანიშნებდეს:
•    გულის დაავადება
•    ფილტვების დაავადება ან სუნთქვის პრობლემები
•    სისხლის მიმოქცევის პრობლემები
•    ინფექციები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ თქვენს პატარას ცივი ხელები აქვს?
თუ თქვენს პატარას ცივი ხელები აქვს, შეამოწმეთ მისი მუცელი და გულმკერდი. თუ მისი ტორსი თბილი და ვარდისფერია, არაფრის გაკეთება არ არის საჭირო.
თუ თქვენი პატარას ტორსი ან კისერიც ცივია, მას მეტი ტანისამოსი სჭირდება. ჩააცვით წინდები, ხელთათმანები და დაახურეთ ქუდი. ისევ შეამოწმეთ მისი მუცელი და კისერი დაახლოებით 20 წუთში.

მიმართეთ კენგურუს სტილს
მიიხუტეთ ბავშვი გულმკერდზე, რომ სწრაფად გაათბოთ საკუთარი სხეულის სითბოთი. გახადეთ ბავშვს ტანისამოსი საცვლების და საფენის გარდა, მიიკარით კანზე და დააფარეთ საბანი. ფრთხილად იყავით, არ დაფაროთ მისი სახე საბნით. თუმცა, არ მიმართოთ ამ მეთოდს, თუ ძალიან დაღლილი ხართ. თუ თქვენ ჩაგეძინებათ, შეიძლება ბავშვს საფრთხე შეექმნას. არ დატოვოთ ბავშვი დასაძინებლად საწოლზე თქვენთან ერთად.

შეამოწმეთ ოთახის ტემპერატურა
ბავშვისთვის ყველაზე მისაღები ოთახის ტემპერატურა 20-22,2 გრადუსია.
მართალია, პატარასთვის სითბოს შენარჩუნება მნიშნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, ის გადახურებისგან დავიცვათ. ჩვილ ბავშვებში გადახურება ძალიან მალე ხდება. არ გაათბოთ ოთახი ზედმეტად მხოლოდ იმის გამო, რომ პატარას ცივი ხელები აქვს.

შეამოწმეთ ბავშვის ტემპერატურა
რექტალური ტემპერატურა ბაზალურ ტემპერატურასთან ყველაზე ახლოსაა. უმჯობესია გამოიყენოთ ციფრული თერმომეტრი და არა მინის. ის უფრო უსაფრთხოა და უფრო ზუსტ მონაცემს აჩვენებს.
შეგიძლიათ ტემპერატურა იღლიის ფოსოში ან ყურში გაზომოთ, მაგრამ, სავარაუდოდ, უფრო დაბალ ციფრს მიიღებთ. ყველაზე ზუსტი მაჩვენებლის მისაღებად გახადეთ ბავშვს ტანისამოსი თხელი მაისურის, ბოდეს და საფენის გარდა. თუ ბავშვის ტემპერატურა 38,3-ზე მეტია, ეს ცხელებად ითვლება.
თუ თქვენი პატარა 3 თვეზე ნაკლები ასაკისაა და უფიქსირდება 38 გრადუსი ტემპერატურა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს. ეს შეიძლება სერიოზული ინფექციის ან დაავადების ნიშანი იყოს. 
თუ ბავშვი 3 თვეზე მეტი ასაკისაა, ექიმს დაუკავშირდით იმ შემთხვევაში, თუ მას აგრეთვე აღენიშნება:
•    ღებინება
•    დიარეა
•    გამონაყარი
•    გულყრა
•    უჩვეულო ძილიანობა
•    გადამეტებული მოუსვენრობა

წყარო: healthline.com 

სტატიაში მოცემული ინფორმაცია, ზოგადი და ინფორმატიული ხასიათისაა. დეტალური ინფორმაციისთვი კონსულტაცია გაიარეთ პირად ექიმთან.