რა არის კლასტერული კვება

31-08-2021

როგორ ამოვიცნოთ კლასტერული კვების ფაზა ბავშვებში? 

თქვენს პატარას საღამოობით მადა ეზრდება? ზედიზედ რამდენიმეჯერ ითხოვს ძუძუთი კვებას დროის მოკლე პერიოდში? ის შეიძლება კლასტერული კვების ფაზაში იყოს. ჩვენ შემოგთავაზებთ რჩევებს ამ ფენომენთან გასამკლავებლად. ახალშობილები დღეში დაახლოებით 8-12-ჯერ იკვებებიან. თუ თქვენი შვილი დროის მოკლე პერიოდში რამდენიმეჯერ იკვებება, განსაკუთრებით საღამოობით ან გვიან შუადღით, ის შეიძლება კლასტერულ კვებას მიმართავდეს. მაგრამ, არ იდარდოთ. მიუხედავად იმისა, რომ კლასტერული კვება ძალიან დამღლელია, ის ნორმალური ფაზაა ახალშობილებისთვის, რომელიც მალე გაივლის.

კლასტერული კვება, ძუძუთი კვება,

რა არის კლასტერული კვება?

კლასტერულ კვებას დროის მოკლე პერიოდში გადაჭარბებული კვება ახასიათებს. ამ პერიოდში ბავშვი მონაცვლეობით გადადის კვებიდან მცირეხნიანი დასვენების და შემდეგ მოუსვენრობის მდგომარეობაში. და ეს ციკლი მეორდება მიყოლებით რამდენიმე საათის განმავლობაში. რთულია გამოგრჩეს კლასტერული კვების ნიშნები: კვების დასრულების შემდეგ მალევე, ბავშვი ისევ შიმშილის ნიშნებს ავლენს. ეს ნიშნებია: მკერდზე მიკვრა, გაზრდილი სიფხიზლე, ტუჩების ცმაცუნი, პირის გაღება და თავის მიბრუნება ლოყაზე შეხებისას. ასევე, ბავშვს კლასტერული კვების სესიის შემდეგ შეიძლება უფრო დიდხანს ეძინოს. კლასტერული კვება ნორმალური ფენომენია, რომელიც ბავშვის ინტენსიურ ზრდა-განვითარებაზე მეტყველებს. თუმცა, დედისთვის ეს შეიძლება მენტალურად და ემოციურად დამღლელი იყოს.

კლასტერული კვება, ძუძუთი კვება,

რატომ და როდის მიმართავენ ბავშვები კლასტერულ კვებას?

დედის რძე აუცილებელია ბავშვის ზრდისთვის. ის მას ყველა საჭირო საკვები ნივთიერებით უზრუნველყოფს. რძის მარაგი ორგანიზმში იზრდება მოთხოვნის ზრდასთან ერთად. 
კლასტერულ კვებას ბავშვები მიმართავენ დღის იმ პერიოდში, როცა განსაკუთრებით მოუსვენრად არიან, საღამოს ან გვიან შუადღეს. ექსპერტებმა არ იციან ამის ზუსტი მიზეზი. არსებობს თეორია, რომ ბავშვები ამ დროს ძალიან დაღლილები და სტიმულირებულები არიან, კვება კი მათთვის მთავარი ნუგეშის წყაროა. ასევე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რძის მარაგი ღამეს ოდნავ იკლებს და კლასტერული კვება ეხმარება პატარას, დაღამებამდე საკმარისი საკვები მიიღოს.

რამდენი ხანი გრძელდება კლასტერული კვება?

კლასტერული კვების დაწყების ასაკი საშუალოდ 3-6 კვირაა და ზრდის დღეების ფაზას ემთხვევა. ერთი ეპიზოდი შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს. თუ კლასტერული კვება დიდხანს გაგრძელდა, უმჯობესია რჩევისთვის პედიატრს მიმართოთ.

კლასტერული კვება, ძუძუთი კვება,

როდის უნდა ველოდოთ კლასტერული კვების შეწყვეტას?

ეს ფაზა, დაახლოებით, 3-4 თვის ასაკში გაივლის. შეიძლება დროდადრო უფრო დიდი ასაკის ბავშვებსაც ჰქონდეთ კლასტერული კვების ეპიზოდები მაღალი სტრესის ან ზრდის ნახტომების პერიოდებში.

კლასტერულ კვებასთან გამკლავება

კლასტერული კვების პერიოდში თქვენ დაგჭირდებათ კარგი კვება,საკმარისი წყლის დალევა და რაც შეიძლება მეტი დასვენება, შეძლებისდაგავარად ძილი. შეგიძლიათ ბავშვთან დამამშვიდებელი ტექნიკების გამოყენება სცადოთ: პატარას ეტლში მოთავსება, სტიმულაციის შემცირება, მასაჟი, მშვიდი ხმით საუბარი, მისი სხვადასხვა პოზიციაში მოთავსება, კანით კანთან კონტაქტი, ბავშვის სლინგით ტარება და ა.შ. კლასტერული კვების დროს არ დაუმატოთ რაციონს ხელოვნური საკვები. ბავშვის ასეთი ხშირი კვება არ ნიშნავს, რომ მას თქვენი რძე  არ ჰყოფნის. თუმცა, თუ მაინც დარდობთ ამ საკითხზე, ესაუბრეთ თქვენი შვილის პედიატრს ან ლაქტაციის მრჩეველს.

კლასტერული კვება, ძუძუთი კვება,

წყარო: parents.com

ასევე დაგაინტერესებთ: