ორსულობის დროს, ნაყოფი უკიდურესად ახლოსაა დედასთან - ის დედის ორგანიზმიდან იღებს სითბოს, საკვებს, ჟანგბადს და დაცულობას. მშობიარობის შემდეგ კი ახალშობილი უეცრად აღმოჩნდება ახალ გარემოში, სადაც მისი საჭიროებები დაუყოვნებლივ აღარ კმაყოფილდება. უამრავი კვლევის თანახმად, გამოიკვეთა დაბადების შემდეგ დედასა და ბავშვს შორის კანით-კანთან კონტაქტის სარგებლიანობა. როდესაც ბავშვის შიშველი კანი დედის კანს ეხება, ეს მისთვის მუცლად ყოფნის დროს მიღებულ გამოცდილებასთან ყველაზე მიახლოებული მდგომარეობაა.
დედები და ახალშობილები მაქსიმალურად უნდა იყვნენ პირდაპირ კონტაქტში, სულ მცირე, დაბადებიდან პირველ 1-2 საათის განმავლობაში. ამ დროს ბავშვი შიშველია (შეიძლება მას საფენი ეცვას) და წევს დედის შიშველ გულ-მკერდზე. სასურველია მათ ზევიდან სითბოს შესანარჩუნებლად საბანი ეფაროთ. თუ დედას არ შეუძლია ბავშვთან კანით-კანთან კონტაქტის განხორციელება, მშობიარობის შემდგომი გართულებების გამო, ამ როლს მამა ირგებს. კანით-კანთან კონტაქტის დადებითი მხარეების დანახვა სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი: დედა და ბავშვი მშვიდდება, ბავშვის ტემპერატურა, სისხლის წნევა და სუნთქვა სტაბილიზდება.
კანით-კანთან კონტაქტის მიერ მოტანილი სარგებელი წლების განმავლობაში ნარჩუნდება. ხანგრძლივი კვლევა, რომელიც ისრაელში, ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ჩატარდა, აჩვენებს, რომ ბავშვებს, რომლებსაც დაბადებისთანავე ჰქონდათ დედასთან კანით-კანთან კონტაქტი, 10 წლის შემდეგ დაუფიქსირდათ უკეთესი კოგნიტური განვითარების მაჩვენებლები, დედასა და ბავშვს შორის კომუნიკაცია იყო უფრო ჯანსაღი და ძლიერი. თუ გავითვალისწინებთ მოკლე და გრძელვადიან შედეგებს, გასაკვირი არ არის რეკომენდაცია, რომ კანით-კანთან კონტაქტი სამშობიაროში ბავშვის დაბადებისთანავე უნდა დაიწყოს და ის სამშობიაროდან გასვლის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს.
კანიკანთან კონტაქტის 10 ძირითადი სარგებელი:
ბავშვი დაბადების შემდეგ ძალიან დრამატულ ცვლილებებს განიცდის. მას საშვილოსნოს გარეთ, დამოუკიდებლად უწევს სუნთქვის დაწყება. ბავშვები, რომლებსაც დედასთან კანით-კანთან კონტაქტი აქვთ, უფრო სწრაფად ახერხებენ ადაპტაციას. ასევე მათი სუნთქვისა და გულისცემის რიტმი უფრო ნორმალური და სტაბილურია. ეს დადებითი შედეგები ვრცელდება როგორც დღენაკლულ, ასევე დროულ ახალშობილებზე. შესაძლოა დედის გულისცემის და სუნთქვის პატერნების მოსმენამ ბავშვს საშვილოსნოში გატარებული დრო გაახსენოს, დაამშვიდოს და თავი დაცულად აგრძნობინოს.
ორსულობის დროს ნაყოფის სხეულის ტემპერატურას დედა არეგულირებს. დაბადების შემდეგ პატარებს არ შეუძლიათ საკუთარი სხეულის ტემპერატურის დამოუკიდებლად რეგულირება. უსუსური ახალშობილისთვის იდეალური სათბურა დედის სხეულია. დედის ან მამის სხეული ხელოვნურ ელექტროსათბურაზე ბევრად უფრო ეფექტურად მუშაობს.
ახალშობილის მთავარი საკვები ნახშირწყლებია. დაბადებამდე ნაყოფი გლუკოზას პლაცენტიდან იღებს, დაბადების შემდეგ კი - დედის რძიდან. თუ ბავშვის გლუკოზაზე მოთხოვნილება აჭარბებს დედის რძით მიღებულ გლუკოზის რაოდენობას, მის სისხლში შაქრის დონე იკლებს. ამის გამო მან შეიძლება ცუდად იკვებოს, რაც პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს. სისხლში შაქრის დაბალი დონის, ანუ ჰიპოგლიკემიის რისკი უფრო მაღალია იმ ბავშებში, რომელთა დედებს ორსულობისას გესტაციური დიაბეტი ჰქონდათ. დაბადების შემდეგ დედასთან კანით-კანთან კონტაქტი ხელს უწყობს ბავშვის სისხლში შაქრის დონის დასტაბილურებას.
ყველა ახალშობილს აქვს უნარი, დაბადების შემდეგ დედის გულმკერდზე წოლისას დამოუკიდებლად მოძებნოს ძუძუ და დაიწყოს წოვა. მათი ბუნებრივი ინსტინქტია ძუძუს თავის პოვა, მოჭიდება და წოვა. კანით-კანთან კონტაქტი ამ ბუნებრივი ინსტინქტის გამოვლენას უწყობს ხელს.
ვაგინალური მშობიარობის ერთ-ერთი უპირატესობა საკეისრო კვეთასთან შედარებით, არის ის, რომ სამშობიარო გზების გამოვლისას დედიდან ბავშვზე სასარგებლო ბაქტერიები გადადის. ბავშვი ასევე დედის ბაქტერიებს კანით-კანთან კონტაქტის დროსაც იღებს. ამ ბაქტერიებთან ადრეული ექსპოზიცია ჯანსაღი მიკრობიომის ჩამოყალიბებას განაპირობებს ახალშობილის ნაწლავებში. დედის რძეში არსებული ზოგი რთული ნახშირწყალი საუკეთესო საკვებია ამ სასარგებლო ბაქტერიებისთვის. ისინი მრავლდებიან და ხდება მათი კოლონიზაცია. ნაწლავის მიკრობიომი ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს და იცავს ნაწლავებს პათოგენური ბაქტერიებისგან. ექსპერტების ვარაუდით, ეს სასარგებლო ბაქტერიები ნაწლავების გავლით ალერგენების შეღწევასაც უშლიან ხელს.
ახალშობილები, რომლებსაც დედასთან კანით-კანთან აქვთ კონტაქტი, ნაკლებად ტირიან, ვიდრე ბავშვები, რომლებსაც დაბადებისას დედას აშორებენ. ზოგი ექსპერტი ბავშვის ტირილს განშორებით გამოწვეულ დისტრესის სიგნალს უწოდებს. ეს ძუძუმწოვრებისთვის დამახასიათებელი რეფლექსია. ახალშობილობის პერიოდში ბავშვების უმრავლესობა დედასთან დაბრუნებისთანავე წყვეტს ტირილს. სამშობიაროში ახალშობილის ოთახში დედასთან ერთად დატოვება აადვილებს კანით-კანთან კონტაქტს და დედას აძლევს საშუალებას დაუყოვნებლივ და ადეკვატურად დააკმაყოფილოს ბავშვის საჭიროებები.
კვლევების თანახმად, ის ბავშვები, რომლებსაც სამედიცინო პროცედურების ჩატარება სჭირდებათ, ნაკლებ ტკივილს განიცდიან, როდესაც პროცედურის განმავლობაში ან მის შემდეგ დედასთან კანით-კანთან კონტაქტში იმყოფებიან. დედასთან ახლო კონტაქტით ტკივილის ხანგრძლივობაც მცირდება. ეს ეფექტი მით უფრო ძლიერია, რაც უფრო დიდხანს გრძელდება კონტაქტი.
ბავშვის დაბადების შემდეგ მშობლებმა უნდა შეისწავლონ ბავშვის ქცევები - მისი შიმშილის, დანაყრების, დისკომფორტის და სხვა ნიშნები. ბავშვთან ხანგრძლივი და ახლო კონტაქტი ეხმარება დედას, ეს ნიშნები რაც შეიძლება სწრაფად შეისწავლოს, რაც დედასა და შვილს შორის კომუნიკაციას აუმჯობესებს და პატარას ნდომისა და დაცულობის გრძნობას უყალიბებს.
ახალშობილები, რომლებსაც დედასთან კანით-კანთან კონტაქტი აქვთ, დაბადების შემდეგ ფიზიოლოგიურად უფრო სტაბილურები არიან, ვიდრე ის ბავშვები, რომლებსაც კიუზევში ათავსებენ. მათი ნეირობიოლოგიური მაჩვენებლები უკეთესია, ისინი ნაკლებად ტირიან, მათი რეაქცია ტკივილზე უფრო სუსტია და უკეთესად იკვებებიან ძუძუთი. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ბავშვები ახალ გარემოსთან და სამყაროსთან შეგუების პროცესში ნაკლებ სტრესს განიცდიან.
ტრადიციული, მოძველებული მეთოდების მიხედვით, დაბადების შემდეგ ბავშვს ათავსებდნენ კიუვეზში და განაშორებდნენ დედას. მას ექთანი უვლიდა, სანამ დედა ისვენებდა. საბედნიეროდ, ეს მოდელი იცვლება და ბავშვები დაბადებისთანავე რჩებიან დედასთან, თუ მათი განშორების რაიმე სამედიცინო მიზეზი არ არსებობს. როდესაც დედას და ბავშვს ერთმანეთს აშორებენ, ისინი ვერ ახერხებენ ერთმანეთთან დაახლოებას და შეხებას. შეხება ძალიან მნიშვნელოვანია - ძუძუმწოვართა გადარჩენისთვის აუცილებელიც კი. კანით-კანთან კონტაქტი დედებს და ახალშობილებს საშუალებას აძლევს დასაახლოებლად ყველა ბუნებრივი შეგრძნება გამოიყენონ.
კანით-კანთან კონტაქტზე ჩატარებული კვლევების უმეტესობა ყურადღებას ამახვილებს მის სარგებელზე დაბადებიდან პირველ 1-2 საათის პერიოდში (რომელსაც ჯადოსნურ საათს უწოდებენ). თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, კანით-კანთან კონტაქტის დადებითი შედეგები ახალშობილობის პირველ დღეებს სცდება და სრულიად ჩვილობის პერიოდზე ვრცელდება. შეხების ძალა მნიშვნელოვანი და სასარგებლოა როგორც თქვენი პატარასთვის, ასევე თქვენთვისაც.