რატომ ტირიან ბავშვები საფენის გამოცვლის დროს? 

23-01-2022

მშობლები საფენის გამოცვლის დროს ყოველთვის ელიან ტირილს. ამის გამო თქვენ შეიძლება ძალიან წუხდეთ როცა საფენის გამოცვლა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გიწევთ. ყველა ბავშვი გადის პერიოდს, როცა საფენის გაკეთებისას წინააღმდეგობას გამოხატავს. ჩვენ შემოგთავაზებთ რჩევებს ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად.

რატომ ტირის ბავშვი საფენის გამოცვლის დროს?
ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:
სიცივის შეგრძნება: საფენის გამოცვლის დროს ბავშვის კანი შიშვლდება. ის მომზადებული არ არის უეცარი სიცივის შეგრძნებისთვის და ღიზიანდება.
შიმშილი: თუ ბავშვს საფენს მაშინ უცვლით როცა ჭამის დრო აქვს, შეიძლება ის შიმშილის გამო ტიროდეს. ამიტომ, ყოველთვის ჯერ აჭამეთ ბავშვს და საფენი შემდეგ გამოუცვალეთ.
მოულოდნელობა: ახალშობილებს წარმოდგენა არა აქვთ რა ხდება როცა მას საფენს უცვლიან, ამიტომ ეს პროცედურა მათთვის დისკომფორტის მომგვრელია. დროთა განმავლობაში ის შეეჩვევა ამ პროცესს.
მოძრაობის შეზღუდვა: პატარები სამყაროს შეხებით და მოძრაობით აღიქვამენ, ცოცვით, ხოხვით, ჯდომით, საწოლზე გორაობით. მათ შეიძლება საფენის გამოცვლისას გაუნძრევლად წოლის იდეა სულაც არ მოეწონოთ.
დამოუკიდებლობის სურვილი: როცა ბავშვი წამოიზრდება მას სურვილი უჩნდება თავად აკონტროლოს თავისი სხეული და დრო. ამიტომ, თუ თქვენ მას საფენის გამოსაცვლელად თამაშს შეაწყვეტინებთ, ამაზე პროტესტს გამოთქვამს.

საფენის გამოცვლა შეიძლება პრობლემატური იყოს როგორც თქვენთვის ასევე თქვენი პატარასთვის. ჩვენ მოგცემთ რჩევებს, რათა ეს პროცესი უფრო სასიამოვნო გახადოთ:
1. დაამყარეთ ბავშვთან კავშირი - არ დააჩქაროთ პროცესი, გაატარეთ დრო თქვენ შვილთან და გამოიყენეთ მასთან მარტო დარჩენის შესაძლებლობა მასთან კავშირის დასამყარებლად.
2. შეუნარჩუნეთ ბავშვს სითბო - საფენის გამოსაცვლელად თბილი ოთახი აირჩიეთ. დარწმუნდით რომ ბავშვს არ სცივა.
3. ისაუბრეთ - მოუყევით ბავშვს რას შვრებით მოქმედებების პარალელურად. ამ დროს შეინარჩუნეთ თავლით თვალში კონტაქტი.
4. გადაატანინეთ ბავშვს ყურადღება - მიეცით ბავშვს ხელში რაიმე სათამაშო და ახლოს მდებარე ნივთი, რათა ყურადღება გაეფანტოს. ასევე შეგიძლიათ საფენის გამოცვლამდე წინასწარ მოიმარჯვოთ მისი საყვარელი სათამაშოები..
5. გაართეთ ბავშვი -მიიღეთ სასაცილო სახე, მოუღუტუნეთ მუცელზე, გააკეთეთ ის რაც თქვენს შვილს აცინებს. შეუმსუბუქეთ ბავშვს დაძაბულობა, რათა უფრო მოდუნებული იყოს.
6. მოათავსეთ ბავშვი ისე რომ კარგი ხედი ჰქონდეს - სცადეთ საფენის გამოცვლა ფანჯარასთან ახლოს ან კედელზე დაკიდეთ ლამაზი ნახატი.
7. უმღერეთ სიმღერა - უმღერეთ პატარას მისი საყვარელი სიმღერა. ეს მას გაღიმებს და დაამშვიდებს.
8. წინასწარ შეამზადეთ ბავშვი - გააფრთხილეთ ბავშვი რომ საფენის გამოცვლის დროა. უსიტყვოდ არ მოწყვიტოთ ის თამაშს ან რაიმე სხვა საქმიანობას. არავის მოსწონს ასეთი სიურპრიზები.

გახსოვდეთ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ყოველთვის ერთი ხერხი არ ჭრის. აირჩიეთ ამ რჩევებიდან ისინი, რომლებიც ყველაზე უკეთ მოერგება თქვენს პატარას.
თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ თქვენი შვილი მუდმივად წუხს და ამის მიზეზი რაიმე უფრო სერიოზული გგონიათ, ენდეთ თქვენს დედობრივ ინსტინქტს და მიმართეთ ექიმს.