ერთი სული გაქვთ ნახოთ, როგორ ხოხავს თქვენი პატარა? ამ სტატიაში შეიტყობთ, რა ასაკში იწყებს ჩვილი ხოხვას და რა მნიშვნელობა აქვს ამას მისი ფიზიკური განვითარებისთვის. აქამდე თქვენ ასეირნებდით პატარას ეტლით, კენგურუთი ან დაგყავდათ ხელში აყვანილი. მისი გადაადგილების ერთადერთი საშუალება თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები იყავით. თუმცა, მალე ის ხოხვას ისწავლის და დამოუკიდებლად გადაადგილებას შეძლებს. ხოხვა უდიდესი მიღწევაა ბავშვისთვის, რადგან ეს მისი დამოუკიდებელი ცხოვრების პირველი ნაბიჯია.
„შესაძლოა ამაზე არ დაფიქრებულხართ, მაგრამ ხოხვა და დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი თქვენს პატარას წარმატებულობის და თავდაჯერებულობის გრძნობით აღავსებს და მის თვითშეფასებას კვებავს“, - წერს ამერიკელი პედიატრი რელი მაკალისტერი.
ხოხვა ეხმარება ბავშვს ახალი აღმოჩენების გაკეთებაში, სამყაროს შეცნობაში და საფუძველს ქმნის სხვა, უფრო რთული მოტორული აქტივობების დასწავლისთვის, როგორებიცაა: დგომა, სიარული და სირბილი.
ხოხვა და ფიზიკური განვითარება
ხოხვა პატარასთვის საკმაოდ რთული და დამტვირთველი საქმიანობაა. ის ჩვილისგან როგორც სხეულის, ასევე გონების დაძაბვასაც მოითხოვს. ხოხვისთვის საჭიროა მოტორული, მხედველობით-საორიენტაციო და კოგნიტური უნარების გამოყენება. პირველ რიგში, აუცილებელია, თქვენს პატარას ზურგის, კისრის, მხრების და მუცლის კუნთები საკმარისად ძლიერი ჰქონდეს, რომ სხეულის წონის დაჭერა და წონასწორობის შენარჩუნება შეძლოს. მხედველობაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ საქმეში. როდესაც ბავშვები ხოხავენ, ისინი ბინოკულარულ მხედველობას (ორივე თვალის კოორდინირებული მოქმედება მხედველობის სრული ველის აღსაქმელად) იყენებენ სამიზნე წერტილზე ფოკუსირებისთვის. ისინი განმეორებით აკვირდებიან ჯერ შორეულ წერტილს, შემდეგ კი საკუთარ ხელებს, რომ გაიღრმავონ აღქმის უნარი. ხოხვისას პატარას გონებაც საკმაო სამუშაოს ასრულებს. ჩვილებს უვითარდებათ სივრცეში ნავიგაციისთვის საჭირო უნარები და ახალი ფაქტების დამახსოვრებაც უწევთ.
და მაინც, როდის უნდა დაიწყოს პატარამ ხოხვა?
ჩვილები, როგორც წესი, ხოხვას 6-10 თვის ასაკში იწყებენ. თუმცა, ზოგიერთი ბავშვი საერთოდ გამოტოვებს ხოხვის ფაზას და პირდაპირ დგომას და სიარულს სწავლობს.
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ პატარას ხოხვის დაწყებაში, თუ მას პერიოდულად მუცელზე დააწვენთ. ამ დროს იძულებულია თავი მაღლა ასწიოს გარემოს დასათვალიერებლად, ეს კი მისი კისრის, მხრების, მკლავებისა და ტორსის კუნთებს ავარჯიშებს. ამას გარდა, როცა ის მუცელზე წოლისას ფეხებს ამოძრავებს, მისი მენჯის და ქვემო კიდურების კუნთებიც ვარჯიშდება.
როდესაც პატარა მკლავებით ტანის აზიდვას დაიწყებს, შემდეგ კი მუხლებზე დადგება, ეს იმის ნიშანია, რომ ხოხვისთვის თითქმის მზად არის. შემდეგ ჩვილი წინ და უკან რწევას იწყებს. საბოლოოდ კი ხვდება, რომ თუ მუხლებს ზედაპირს მოაშორებს და აიწევა, დამოუკიდებლად გადაადგილებას შეძლებს.
გახსოვდეთ, რომ ზოგი ბავშვის საერთოდ ტოვებს ხოხვის ფაზას, რაც სრულებით ნორმალურია, თუმცა თუ თქვენი პატარა უკვე 12 თვისაა და აქამდე არ ჰქონია გადაადგილების არავითარი მცდელობა (საჯდომზე ხოხვა, გორაობა) ან ხოხვისას სხეულის ერთი ნახევარი მეორეს ჩამორჩება, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს!
• კლასიკური: ერთდროულად ამოძრავებს ერთ მკლავს და საპირისპირო ფეხს იმისთვის, რომ წაიწიოს წინ.
• ხოხვა: საჯდომით ხოხავს იატაკზე.
• კიბორჩხალასმაგვარი ხოხვა: მოძრაობისას ერთი მუხლი მოხრილი აქვს, მეორე კი გაშლილი და ასე მიიწევს წინ.
• ჯარისკაცისმაგვარი ხოხვა: წევს მუცლით მიწაზე და იყენებს მკლავებს გადასაადგილებლად.
• პირუკუ ხოხვა: ხოხვისას იწევს არა წინ, არამედ უკან.
საბედნიეროდ, კლასიკურისგან განსხვავებული ხოხვის სტილები არ მიანიშნებს რაიმე დარღვევაზე. ყველაზე მნიშნელოვანი ხომ ისაა, რომ თქვენმა პატარამ დამოუკიდებლად გადაადგილება შეძლო. თუმცა, თუ გსურთ, შეგიძლიათ შეასწავლოთ მას ხოხვის კლასიკური ტიპი, თუ თქვენვე აჩვენებთ ამის მაგალითს.
მზად იყავით იმისთვის, რომ როგორც კი თქვენი პატარა ხოხვას დაიწყებს, ის ყველას და ყველაფერს გამოიკვლევს, რასაც კი მისწვდება. ამიტომ, მნიშნელოვანია მას რაც შეიძლება უსაფრთხო გარემო შეუქმნათ.