რა იწვევს ჩვილ ბავშვებში რეფლუქსს?

03-09-2021

თქვენ ალბათ გსმენიათ დაავადება გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის, ანუ გერდის შესახებ. რამდენად გავრცელებულია გერდი ჩვილ ბავშვებში და არის თუ არა ეს დაავადება ყოველთვის ბავშვების რეფლუქსის მიზეზი? სინამდვილეში, ხშირად რეფლუქსის სიმპტომები კვებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო იჩენს თავს და კუჭის მჟავიანობის მომატებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი გადაჭრის მეთოდებიც არასამედიცინოა.

რეფლუქსი ძალიან გავრცელებული და ფიზიოლოგიურად ნორმალური პროცესია. ამ დროს კუჭის შიგთავსი საყლაპავში გადაადგილება. რეფლუქსი ხშირად ზრდასრულებსაც გვემართება. ბოყინს სწორედ ეს პროცესი იწვევს. რეფლუქსი ჩვილ ბავშებში ასოცირებულია ღებინებასთან, წამოქაფებასთან. ამ დროს ბავშვები შეიძლება ჭირვეულობდნენ, ხელში აყვანას ითხოვდნენ. 
რეფლუქსთან დაკავშირებულ ამ ქცევებს კუჭის ტკივილს და  მჟავიანობის მომატებას მიაწერენ ხოლმე. ბევრ პატარას უნიშნავენ მედიკამენტებს, რომ კუჭში მჟავის წარმოქმნა შემცირდეს. ეს წამლები ზოგ შემთხვევაში ეფექტურია. თუმცა, კუჭის მჟავიანობის შემცირება საჭმლის მონელებაზე და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე ახდენს გავლენას. კვლევების თანახმად, ბავშვებს, რომლებიც ამ წამლებს იღებენ, აქვთ ინფექციების, ალერგიის, მოტეხილობების გაზრდილი რისკი. ასევე, კვლევებმა აჩვენა, რომ ეს მედიკამენტები არ ამცირებენ ტირილს და მოუსვენრობას, რაც გვაფიქრებს, რომ ბავშვის ქცევა მჟავის წარმოქმნის გაზრდასთან ყოველთვის არ არის კავშირში.
რა არის რეფლუქსის გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები?

1.ბავშვების ნორმალური ფიზიოლოგია - ჩვილი ბავშვების მუცლის პრესი სუსტია. ისინი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დიდ დროს ატარებენ. მათი საკვები თხიერი კონსისტენციისაა, მათი კუჭის სარქველი კი ჯერ ბოლომდე განვითარებული არ არის. ყველა ეს მიზეზი ხელს უწყობს გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის განვითარებას.
2. ძალიან ბევრი საკვების ძალიან სწრაფად მიღება - ბავშვებმა მცირე რაოდენობის რძე უნდა მიიღონ ხშირ-ხშირად. კუჭის ზედმეტად გადავსებისას, მისი კედლები იჭიმება და კუჭის ზედა სარქველი დუნდება, რაც საშუალებას აძლევს საკვებს გადავიდეს საყლაპავში. მცირე ულუფებით ხშირი კვება ამ პრობლემას ამცირებს.
3. აეროფაგია -  აეროფაგია ჰაერის გადაყლაპვას ნიშნავს. ბავშვი, რომელიც სწრაფად და დიდი ულუფებით მიირთმევს, ბევრ ჰაერს ყლაპავს. ძუძუზე არასწორი მოჭიდება, განრიგის მიხედვით კვება და რძის არასაკმარისი ნაკადი შეიძლება ზედმეტი ჰაერის გადაყლაპვის მიზეზი გახდეს. კუჭის სარქველი ზედმეტი ჰაერის გამოსადევნად იხსნება. ამ დროს ჰაერთან ერთად საყლაპავში საკვებიც გადადის. კვების ამ პრობლემის გამოსწორებამ შეიძლება რეფლუქსი შეამციროს.
4.ძალიან მცირე რაოდენობის რძის მიღება -  წონის არასაკმარის ნამატს ხშირად რეფლუქსს მიაწერენ. მაგრამ, წონის ცუდი ნამატის ყველაზე ხშირი მიზეზი რძის ნაკლებობაა. როდესაც რძის მარაგი არასაკმარისია, ბავშვი შეიძლება წუხდეს, ძუძუზე ძლიერად ეჭიდებოდეს ან ტიროდეს კვებისას. 
5.ალერგია/აუტანლობა -  სრულიად ჯანმრთელ ბავშვებში რეფლუქსს ტკივილი არ ახლავს. დედის რძე მჟავას ანეიტრალებს, საყლაპავს კი მჟავისგან დაცვის საკუთარი მექანიზმები აქვს. ამიტომ, რეფლუქსი ჯანმრთელ ბავშებში დისკომფორტს არ იწვევს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები ძალიან წუხან. მტკივნეული რეფლუქსის მიზეზი შეიძლება ალერგია იყოს. ალერგია ანთებას იწვევს, რაც რეფლუქსის დროს ტკივილის მიზეზი ხდება. მეძუძური დედის კვების რაციონიდან ალერგენის ამოღება, ანთებას ამცირებს და რეფლუქსი ნორმალური ფიზიოლოგიური და უმტკივნეულო ხდება.
6.არაჯანსაღი ნაწლავის ფლორა -  ნაწლავის ჯანმრთელი მიკრობიომი უადვილებს პატარას საჭმლის მონელებას და წარმოქმნის აირებს, რომელიც ადვილად გამოიდევნება და დისკომფორტს არ იწვევს. თუმცა, ნაწლავის ფლორა, რომელიც უფრო მეტი პათოგენური აგენტისგან შედგება, შებერილობას, ყაბზობას და დეფეკაციის გართულებას იწვევს. ყაბზობა და დეფეკაციის გართულება მუცლის ღრუში წნევას ზრდის და რეფლუქსის მიზეზი ხდება.
7.ბავშვის დედასთან არასაკმარისი კონტაქტი -  ბავშვი დაბადებისას ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. მის ნერვულ სისტემას ზრდასრულის მიერ რეგულირება სჭირდება. თუ ბავშვს ზრდასრულთან ახლო კონტაქტი არ აქვს, მისი საჭმლის მომნელებელი სისტემაც ვერ ფუნქციონირებს ნორმალურად. თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ კვების შემდეგ ბავშვები უნდა დასვათ და არ მივაჩვიოთ ხელში ჭერას. თუმცა, განშორება ბავშვის განერვიულებას იწვევს და შეიძლება ტირილის და ღებინების მიზეზი გახდეს. კვების შემდეგ ბავშვის ჩახუტებამ და ხელში დაჭერამ შეიძლება რეფლუქსი შეამციროს.
ზოგიერთ ბავშვი მართლაც დაავადებულია გერდ-ით. მათ სამედიცინო პრობლემა აქვთ და მედიკამენტები სჭირდებათ. თუმცა, ასეთი შემთხვევები იშვიათია. უმეტეს შემთხვევაში რეფლუქსის პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისია ბავშვის კვების მოწესრიგება და მისთვის სტრესის დონის შემცირება. რეფლუქსს კუჭში მიმდინარე მოვლენების გარდა ბევრი გამომწვევი აქვს და ჩვენი პატარები იმსახურებენ, ამ პრობლემის მიზეზებში საფუძვლიანად გავერკვეთ.

წყარო:  la leche league international 

სტატიაში მოცემული ინფორმაცია, ზოგადი და ინფორმატიული ხასიათისაა. დეტალური ინფორმაციისთვი კონსულტაცია გაიარეთ პირად ექიმთან.