9 საშუალება კოლიკის შესამცირებლად

08-08-2021

ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ დაამშვიდოთ ჩვილი და  შეუმსუბუქოთ მუცლის ტკივილი. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ პირველივე ჯერზე ისწავლით კოლიკასთან გამკლავებას, თუმცა, დროთა განმავლობაში მოთმინება და გამოცდილება მიგახვედრებთ რა შველის და სჭირდება  კონკრეტულად თქვენს შვილს.   
1. გაახვიეთ ჩვილი დიდ თხელ სახვევში. სთხოვეთ მედდას ან თქვენს პედიატრს გაჩვენოთ როგორ კეთდება ეს. ეს დაეხმარება ბავშვს თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. 
2. აიყვანეთ ხელში და დაიჭირეთ მარცხენა მხრიდან, (ასე საჭმლის მომნელებელი სისტემა უკეთ მუშაობს) ან მუცლით თქვენსკენ მიიკარით,  თან ნაზად მოეფერეთ ზურგზე. დაიმახსოვრეთ, ჩვილი საწოლში მხოლოდ ზურგზე უნდა დააწვინოთ. 
3. ჩართეთ ე.წ. "თეთრი ხმაური" , თანაბარი, მონოტონური ხმა, მაგალითად ვენტილატორის ან ჰაერის დამატენიანებლის ხმა. ამ ხმაზე ბავშვი მშვიდდება, რადგან იმ ხმებს წააგავს, რაც ბავშვს დედის მუცელში ესმოდა. 
4. დაარწიეთ ჩვილი ნაზად და ნელა. ეს მას იმ რიტმულ რწევას გაახსენებს რასაც დედის მუცელში გრძნობდა. 
5. არ აჭამოთ ზომაზე მეტი, ეს ხელს შეუწყობს კოლიკის წარმოქმნას. გახსოვდეთ, რომ კვებებს შორის შუალედი უნდა იყო არანაკლებ 2-3 საათისა. 
6. ჩვილს საწოვარა შესთავაზეთ. თუ ჭამის დრო არ არის მაგრამ ბავშვი ჭირვეულობს  წოვის პროცესი  დაამშვიდებს. 
7. თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა მაშინ ხელოვნური საკვების შეცვლის გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეთ. 
8. აუცილებლად აწარმოეთ ჩვილის დღიური და დეტალურად აღნიშნეთ ყველაფერი, როდის რამდენ ჭამს თქვენი შვილი, რამდენ ხანს ფხიზლობს და რამდენი ხანი სძინავს. რამდენი ხანი წოვა ძუძუ და ამის შემდეგ რამდენ  ხანში  გაღიზიანდა. ეცადეთ დააკვირდეთ და გააანალიზოთ კონკრეტულად რას უკავშირდება ჩვილის გაღიზიანება. აუცილებლად გაარჩიეთ ყველა დეტალი ბავშვის პედიატრთან. 
9. შეუზღუდეთ დღის ძილი დღეში 3 საათამდე. თუ ღამე ბავშვის ჭამა ან საფენის გამოცვლა გიწევთ ეცადეთ ეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში გააკეთოთ.  ეცადეთ ამ დროს არ იყოს კაშკაშა სინათლე და ხმაური, მაგალითად ტელევიზორის ხმა. 

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დედებისა და მამებისთვის!
თუ გრძნობთ, რომ გაღიზიანებული ხართ, თავს ვეღარ აკონტროლებთ და ატყობთ, რომ შესაძლოა ბავშვს დაუყვიროთ დააწვინეთ ბავშვი საწოლში ან უსაფრთხო ადგილას და ეცადეთ მოდუნდეთ და დამშვიდდეთ.  ნუ მოგერიდებთ, სთხოვეთ ოჯახის რომელიმე წევრს ცოტა ხნით ბავშვთან დარჩეს. მშობლისთვის აუცილებელია დასვენება ერთი საათი მაინც. კარგად დაიმხსოვრეთ, რაც უნდა გაღიზიანებული და გადაღლილი იყოთ არავითარ შემთხვევაში არ შეანჯღრიოთ ბავშვი. 
ჩააწვინეთ ბავშვი საწოლში 10 ან 15 წუთით, დარწმუნდით, რომ მაძღარია, არაფერი აწუხებს და საფენი გამოცვლილი აქვს. თუ ამის შემდეგ ბავშვი განაგრძობს ტირილს საშიში არაფერია. გახსოვდეთ  - ბავშვსაც და დედასაც სჭირდებათ დასვენება.  

 

წყარო: www.healthychildren.org