თავის ტკივილი ზრდასრულებს ხშირად გვაწუხებს, მაგრამ რამდენად ხშირია ის ბავშვებში? პატარებს ყოველთვი არ შეუძლიათ თავიანთი ჩივილების ჩვენთვის სიტყვიერად გადმოცემა. ტკივილმა ბავშვს შეიძლება ყოველდღიურ აქტივობებში შეუშალოს ხელი, როგორიცაა ჭამა, თამაში ან ძილი. ბავშვებში თავის ტკივილი შეიძლება იყოს პირველადი, ან მეორადი, გამოწვეული სხვა სამედიცინო პრობლემით.
დიახ, თავის ტკივილი ჩვილ ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ, ისევე როგორც უფროს ბავშვებს. გარკვეული სახის თავის ტკივილის შემთხვევები, რომლებსაც, როგორც წესი, მოზრდილებში ვხვდებით, მაგალითად შაკიკი, დაფიქსირებულია 18 თვის ასაკის ბავშვებშიც კი. თავის ტკივილის ტიპი და გამომწვევი მიზეზი ბავშვებში მოზრდილებთან შედარებით შეიძლება განსხვავებული იყოს.
თავის პირველადი ტკივილი წარმოიქმნება ფიზიკური ფაქტორების ან გარკვეული პირობების გავლენით, როგორიცაა კუნთების დაჭიმულობა, ნერვებზე ზეწოლა ან სისხლძარღვების შევიწროვება. პირველადი თავის ტკივილი არ წარმოადგენს თავის ტვინში არსებული პრობლემის სიმპტომს.
ბავშვებში ყველაზე ხშირად გვხვდება სამი ტიპის პირველადი თავის ტკივილი:
• დაძაბულობის თავის ტკივილი: ეს არის თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული ტიპი ჩვილებსა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებში. ის, ჩვეულებრივ, ემოციური სტრესის ან ფიზიკური დატვირთვის შედეგად ჩნდება.
• შაკიკი: შაკიკი თავის ტკივილის მძიმე ფორმაა, რომელიც ასოცირდება თავის ერთი მხარის ტკივილთან. შაკიკი წარმოიქმნება თავის ტვინის სისხლძარღვებთან და ნერვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. გარდატეხის ასაკამდე ის უფრო ხშირად ბიჭებში გვხვდება, ვიდრე გოგონებში.
• კლასტერული თავის ტკივილი: კლასტერული თავის ტკივილი ვითარდება ხანმოკლე დროით, ჩვეულებრივ 20 წუთიდან რამდენიმე საათამდე. თავის ტკივილი ჩნდება თავის ერთ მხარეს, თვალის მახლობლად ან მის ქვეშ. ის ბავშვებში შედარებით იშვიათად გვხვდება.
• უმცროსი ასაკის ბავშვები თავს ეხებიან და ხელს ისვამენ თავზე, აღენიშნებათ მოუსვენრობა.
• ბავშვმა შეიძლება თავის მტკივან მხარეს ყური მოქაჩოს.
• ჩვილ ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ გულისრევა და ღებინება, რომლის მიზეზი ვერ დგინდება.
• შაკიკის დროს ბავშვი მგრძნობიარეა სინათლის მიმართ. მან შეიძლება განათებულ გარემოში თვალები დახუჭოს.
• ბავშვი შეიძლება იყოს ლეთარგიული და არ ჰქონდეს თამაშის სურვილი.
• მან შეიძლება უარი თქვას კვებაზე.
• შეიძლება გაუჭირდეს ჩაძინება და იყოს უჩვეულოდ მოუსვენარი.
• შეიძლება აერიოს ძილის რეჟიმი.
• შაკიკის დროს ბავშვებს შეიძლება აწუხებდეთ კოლიკა.
• შაკიკის დროს ბავშვი შეიძლება იყოს უჩვეულოდ ჩუმი და აპათიური.
• კლასტერული თავის ტკივილი დროს ბავშვს შეიძლება თავის მტკივან მხარეზე თვალი ჰქონდეს შეშუპებული.
• კლასტერული თავის ტკივილის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს სურდო, ან შუბლის შეშუპება.
მეორად თავის ტკივილს იწვევს ჯანმრთელობის სხვა პრობლემა, როგორიცაა ინფექცია ან თავის ტვინის და ნერვული სისტემის დაზიანება. მეორადი თავის ტკივილი, როგორც წესი, ნაკლებად ხშირია. მკურნალობის გარეშე მას შეიძლება მძიმე გართულებები მოჰყვეს.
ქვემოთ მოცემულია ბავშვებში მეორადი თავის ტკივილის ნიშნები:
• მუდმივი და მძიმე ფორმის კოლიკა.
• ძლიერი ლეთარგია და ცნობიერების დაბინდვა.
• ხშირი გულყრები და კუნთების სპაზმი.
• თავის შეშუპება.
• ყიფლიბანდის ამობურცვა.
• მადის დაკარგვა და ხშირი ღებინება.
• ცხვირიდან სისხლდენა ან ყურებიდან გამჭვირვალე გამონაჟონი.
1. დაავადებები: ჩვეულებრივმა გაციებამ, გრიპმა, სინუსების ან ყურის ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის თავის ტკივილი.
2. გენეტიკური ფაქტორები: შაკიკს ხშირად ახასიათებს მემკვიდრული გადაცემა. ბავშვს აქვს შაკიკის განვითარების 50%-იანი შანსი, თუ შაკიკი მის ერთ-ერთ მშობელს მაინც აწუხებს და შანსები იზრდება 90%-მდე, თუ ორივე მშობელს აქვს შაკიკი. კლასტერულ თავის ტკივილსაც შეიძლება გენეტიკური წარმოშობა ჰქონდეს.
3. შფოთვა და სტრესი: გარემოს ცვლილებებმა, ახალი და-ძმის შეძენამ ან მზრუნველი პირის შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის თავის ტკივილი, განსაკუთრებით ჩვილებში.
4. არასათანადო კვება და დეჰიდრატაცია: არასწორმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დაქვეითება, რაც გაზრდის თავის ტკივილის რისკს. არასაკმარისი წყლის მიღებამ, განსაკუთრებით ცხელ ამინდში, ასევე შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი.
5. არასაკმარისი ძილი: არასაკმარისი ძილი კუნთების და ნერვული სისტემის გადაღლას იწვევს, რაც დაძაბულობის თავის ტკივილის მიზეზი ხდება.
6. კბილების ამოსვლა: ზოგიერთ ჩვილს შეიძლება განუვითარდეს თავის ტკივილი კბილების ამოსვლის დროს.
7. მედიკამენტები: თავის ტკივილი შეიძლება იყოს ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი.
8. თავის ტრავმა: მეორადი თავის ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მიზეზია. თავის ღია ჭრილობები და დაზიანებები ადვილი შესამჩნევია, თუმცა, თავის დახურული ტრავმა, როგორიცაა ტვინის შერყევა ან ინტრაკრანიალური ჰემატომა (სისხლდენა თავის ქალაში), უფრო რთული აღმოსაჩენია და შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი თავის ტკივილი.
9. ნერვული სისტემის ინფექციები: მენინგიტი ჩვილებში თავის ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
10. ნერვული სისტემის ანომალიები: არსებობს მრავალი ნევროლოგიური ანომალია, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მეორადი თავის ტკივილი. მათი უმეტესობა დაკავშირებულია ტვინის ნერვებთან ან სისხლძარღვებთან, მაგალითად თავის ტვინის ანევრიზმა (ტვინის სისხლძარღვის სეგმენტის გათხელება და გაფართოება), ან ეპილეფსია.
თავის ტკივილის მკურნალობა სახლის პირობებში:
თუ ეჭვობთ, რომ თქვენს შვილს თავის ტკივილი აწუხებს, აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, რომელიც ჩაატარებს დიაგნოსტიკას და განსაზღვრავს ყველა შესაძლო გართულებას.
ჩვენ შემოგთავაზებთ მსუბუქი თავის ტკივილის გაყუჩების სახლურ მეთოდებს:
• დარწმუნდით, რომ ბავშვი საკმარის სითხეს იღებს.
• შეუქმენით ძილისთვის საუკეთესო პირობები.
• წაახალისეთ ბავშვი, რომ დღისითაც დაიძინოს.
• დაამშვიდეთ ბავშვი, თუ ატყობთ, რომ რამის გამო აღელვებულია.
• თავის ტკივილის შესამცირებლად დაადეთ ბავშვს თავზე ცივი, სველი ქსოვილი.
• კბილების ამოსვლის პერიოდში მიეცით ბავშვს სათამაშოები, ან საკვები რომლებზე კბენასაც შეძლებს.
არასოდეს მისცეთ იბუპროფენი ექვს თვემდე ასაკის ბავშვს და ასპირინი 19 წლამდე ასაკის მოზარდს. ამ მედიკამენტებს შეიძლება ჰქონდეთ არასასურველი გვერდითი ეფექტები, მათ შორის თავის ტვინისა და ღვიძლის დაზიანება.
წყარო: momjunction.com
ასევე დაგაინტერესებთ: