წუხართ, რომ თქვენი პატარა საკმარისზე ცოტას ან მეტს მიირთმევს? ბავშვს შეუძლია მიღებული საკვების სწორად რეგულირება, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ, მის მადას ენდოთ.
თუმცა, ამის მიუხედავად სასარგებლოა გქონდეთ ზოგადი წარმოდგენის იმის შესახებ, თუ რა არის ჩვილი ბავშვისთვის ოპტიმალური ულუფები მისი ასაკის შესაბამისად. საკვების დაძალებით თქვენ ბევრ პრობლემას შეუქმნით პატარას და გამიწვევთ საკვების მიმართ მის უარყოფით დამოკიდებულებას.
მრავალი ფაქტორი - მათ შორის აქტივობის დონე, ზრდის სისწრაფე და ინტენსივობა, ავადმყოფობა, ან კბილების ამოსვლა - ახდენს გავლენას ბავშვის მადაზე.
დანაყრების ნიშნების შემჩნევის შემდეგ შეწყვიტეთ კვება. ეს ნიშნებია:
• თავის გაბრუნება
• კიდევ ერთი ლუკმისთვის პირის გაღებაზე უარის თქმა (ეცადეთ არ დააძალოთ ბავშვს მთლიანი ულუფის დამთავრება)
• სკამის საზურგისკენ გადაწევა
• ჭამის მაგივრად კოვზით ან საკვებით თამაში
ბავშვი 4-6 თვის ასაკში, როგორც წესი, უკვე მზად არის მყარი საკვების მისაღებად.
• თავიდან დაიწყეთ ძალიან მცირე ულუფით, 1 ან 2 ჩაის კოვზი ერთი ინგრედიენტისგან მომზადებული პიურეთი.
• თანდათან გაზარდეთ ულუფა 1-2 სუფრის კოვზამდე დღეში ერთხელ.
• დააკვირდით ბავშვის დანაყრების ნიშნებს.
პირველი მყარი საკვების მიღებისას ყველაზე პოპულარული პროდუქტებია: ავოკადო,მანგო, ბანანი, ქათმის ხორცი, ინდაურის ხორცი, საქონლის ხორცი, ბარდა, ტკბილი კარტოფილი, ჩვილთა ბურღულეული. ყოველი ახალი პროდუქტის შეთავაზებამდე დაიცავით 3-5-დღიანი ინტერვალი (გახსოვდეთ, რომ 1 წლის ასაკამდე თაფლის მიცემა არ არის სასურველი ასევე მარილის და შაქრის დამატება).
რაც უფრო მეტად შეეჩვევა თქვენი პატარა მყარი საკვების მიღებას, შეგიძლიათ მისი კვების რაციონი უფრო მრავალფეროვანი გახადოთ.
• 8 თვის ასაკისთვის ერთის მაგივრად ორჯერ შესთავაზეთ ბავშვს მყარი საკვები.
• შეგიძლიათ ამ პერიოდში ერთის მაგივრად ორი პროდუქტით მოამზადოთ კერძები ბავშვისთვის.
• დააბალანსეთ დღიურად მიღებული ცილა, ბოსტნეული, ხილი და მარცვლეული.
• ახალი პროდუქტის შეთავაზებისას დაიწყეთ ძალიან მცირე პორციით, ერთი ან ორი ჩაის კოვზით, რათა ბავშვი ახალ გემოს და ტექსტურას შეეჩვიოს.
• დაიწყეთ სუფისებრი კონსისტენციის კერძებით და დროთა განმავლობაში თანდათან დაამატეთ მეტი ტექსტურა.
მოსალოდნელია, რომ ბავშვის მიერ მიღებული დედის რძის ან ხელოვნური კვების რაოდენობა შემცირდეს, როდესაც ის უფრო მეტი მყარი საკვების მიღებას დაიწყებს. დართეთ ბავშვს ნება, თავად გადაწყვიტოს რამდენს მიირთმევს.
საუზმე 6-8 თვის ბავშვისთვის
ბურღულის ფაფა და ხილი საუზმისთვის კარგი და მარტივი კომბინაციაა. ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი, რკინით გაჯერებული ბურღულეული არის საუკეთესო არჩევანი.
სადილი 6-8 თვის ასაკის ჩვილისთვის
თუ ბავშვი საუზმეზე ხილს და ბურღულეულს მიირთმევს, სადილზე უმჯობესია ცილით მდიდარი საკვები და ბოსტნეული მიიღოს.
ცილის კარგი წყაროა ყველი, დაუმტკბარი ორგანული იოგურტი, ტოფუ, ლობიო და სხვა პარკოსნები. 6 თვის ასაკში პატარამ სასურველია მიირთვას 1-2 სუფრის კოვზი ხორცის პიურე, ხოლო 8 თვის ასაკში - 2-4 სუფრის კოვზი.
8 თვის ასაკისთვის ბავშვს მეტი საკვები სჭირდება, მაგრამ რადგან მისი კუჭი ბევრ საკვებს ვერ იტევს, საჭიროა ხშირად იკვებოს. ამ პერიოდში შეგიძლიათ მის კვების რაციონს მესამე საკვები პროდუქტი შემატოთ.
• განაგრძეთ დედის რძის ან ხელოვნური საკვების მიცემა.
• დაამატეთ დილის და შუადღის ხემსი. ბავშვი ყოველ 2 ან 3 საათში უნდა იღებდეს საკვებს.
• კვების რაციონი უნდა შეიცავდეს ცილებს, ბოსტნეულს, ხილს და მარცვლოვან პროდუქტებს.
• ბავშვს შესთავაზეთ უფრო უხეში კონსისტენციის საკვები, პიურეს ნაცვლად - დაჭრილი ან დაკეპილი ბოსტნეული.
• ეცადეთ საკვებს შაქარი არ დაამატოთ და 1 გრამი ან მეტი რაოდენობის ხელოვნური დამატკბობლის შემცველი პროდუქტი არ მისცეთ ბავშვს.
• მიეცით მას უფლება, თავად გადაწყვიტოს, როგორ მიირთვას საკვები კოვზით თუ BLW მეთოდით.
საუზმე 8-12 თვის ბავშვისთვის
• 4-8 სუფრის კოვზი გადაუმუშავებელი, ჩვილებისთვის განკუთვნილი ბურღულის ფაფა დედის რძესთან ან ხელოვნურ საკვებთან ერთად.
• 4-8 სუფრის კოვზი დაჭრილი ხილი.
დილის ხემსი 8-12 თვის ჩვილისთვის
• 4-8 სუფრის კოვზი დაჭრილი ხილი ან მომზადებული ბოსტნეული.
ლანჩი 8-12 თვის ჩვილისთვის
• 4-8 სუფრის კოვზი დაუმტკბარი, ორგანული იოგურტი ან ხაჭო, ან დაკეპილი ხორცი.
• 4-8 სუფრის კოვზი დაჭრილი ან დაჭყლეტილი ყვითელი ან ნარინჯისფერი ბოსტნეული.
შუადღის ხემსი 8-12 თვის ჩვილისთვის:
• 4 სუფრის კოვზი დაჭრილი ხილი ან დაუმტკბარი, ცხიმიანი რძისგან დამზადებული იოგურტი.
• 1 ორცხობილა ან კრეკერი.
სადილი 8-12 თვის ასაკის ჩვილისთვის:
• 4 სუფრის კოვზი დაკეპილი ან გატარებული ფრინველის ან საქონლის ხორცი
• 4-8 სუფრის კოვზი დაჭრილი, მომზადებული მწვანე ბოსტნეული.
• 4 სუფრის კოვზი ნუდლსი, პასტა, ბრინჯი ან კარტოფილი.
• 4 სუფრის კოვზი დაჭრილი ხილი.
6 თვის ასაკამდე ბავშვს სრულიად ჰყოფნის დედის რძე ან ხელოვნური საკვები, ამიტომ წყლის დამატება საჭირო არ არის. მყარი საკვების მიღების დაწყების შემდეგ მან შეიძლება სულ უფრო და უფრო ნაკლები რძე დალიოს, ამიტომ საჭიროა წყლის დამატება.
საბოლოო სიტყვა თქვენს შვილზეა
გახსოვდეთ, რომ ეს რაოდენობები დაახლოებითი და პირობითია. სინამდვილეში ყველა ბავშვი განსხვავებულია და არ არსებობს ერთი სტანდარტი, რომელიც ყველა ბავშვს ერთნაირად მიესადაგება.
თუ თქვენ წუხართ, რომ თქვენი შვილი ძალიან ცოტას ან ძალიან ბევრს მიირთმევს, დააკვირდით მისი დანაყრების ნიშნებს და მოახდინეთ შესაბამისი რეაგირება. თქვენი შვილის პედიატრი ყოველი ვიზიტისას აღრიცხავს ბავშვის წონის ნამატს. თუ წონის ნამატი შეესაბამება ასაკობრივ ნორმას, მაშინ ბავშვი ზუსტად იმ რაოდენობით საკვებს იღებს, რამდენიც მას სჭირდება. ხოლო თუ თქვენ „სუფთა თეფშის სინდრომი“ გაწუხებთ წაიკითხეთ ეს სტატია.
წყარო: babycenter.com