ზაფხულის ცხელ დღეებში შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, უნდა მისცეთ თუ არა პატარას დამატებით წყალი? მართალია, პატარას ადეკვატური ჰიდრატაცია სჭირდება, მაგრამ არა წყლის მიღებით. ის 6 თვემდე ასაკში საკვებსაც და წყალსაც დედის რძით ან ხელოვნური საკვებით იღებს და დამატებით წყლის მიცემა არა მხოლოდ არ სჭირდება, არამედ მისთვის საზიანოც კი შეიძლება იყოს. 6 თვემდე თქვენი პატარა წყალს იღებს დედის რძით ან ხელოვნური კვებით, ეს სრულად აკმაყოფილებს მის მოთხოვნილებას წყალზე.
ახალშობილის კუჭ-ნაწლავი და თირკმლები ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. ის ვერ უმკლავდება წყლის დამატებით დოზას, რამაც წყლით ინტოქსიკაცია ან სასარგებლო ნივთიერებების დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს. ჩვილი ბავშვების კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტევადობა ძალიან მცირეა. მათი კუჭი მხოლოდ 1-2 სუფრის კოვზის ოდენობის, ანუ 5-10 მლ რაოდენობის შიგთავსს იტევს. ასეთი მცირე ტევადობის კუჭი ძალიან სწრაფად იცლება. ამიტომ სჭირდებათ პატარებს 24 საათის განმავლობაში ამდენჯერ კვება. 6 თვემდე ასაკში პატარას კუჭ-ნაწლავის წყლით გადატვირთვა მას იმ მინერალებს, ცხიმებს, ვიტამინებს და კალორიებს აკლებს, რომელიც რძით უნდა მიეღო. ამ ასაკში მხოლოდ წყალი მისთვის სრულიად უსარგებლო ნივთიერებაა. პირველი 6 თვის განმავლობაში პატარას კუჭის მოცულობა თანდათანობით იზრდება. 6 თვისთვის შეგიძლიათ მას დაალევინოთ რამდენიმე ყლუპი წყალი. მის კუჭს ამ დროისთვის 207 მლ სითხის დატევა შეუძლია. თუმცა, ამ ასაკშიც წყალი არსებითი არ არის ბავშვის რაციონში. 1 წლის ასაკამდე წყლის მიცემის ერთადერთი დანიშნულება შეიძლება მასზე ბავშვის შეჩვევა იყოს.
წყლით ინტოქსიკაცია კიდევ ერთი საშიში გვერდითი მოვლენაა. დიდი რაოდენობით წყალის დალევამ შეიძლება ორგანიზმის ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. საზიანო დოზა კი ასაკზეა დამოკიდებული. ზრდასრულმა ადამიანმა, რომელსაც ჯანმრთელი თირკმლები აქვს, დროის მცირე მონაკვეთში რამდენიმე ლიტრი წყალი უნდა დალიოს იმისთვის, რომ წყლით მოიწამლოს.ეს ხშირად ემართებათ ჯარისკაცებს და სპორტსმენებს, რომლებიც დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად ზედმეტად ბევრ წყალს სვამენ ვარჯიშის წინ.
მოკლედ რომ ვთქვათ, თუ თირკმლებს მოუწევთ იმაზე მეტი წყლის გადამუშავება, ვიდრე შეუძლიათ, ზედმეტი, გადაუმუშავებელი წყალი სისხლის მიმოქცევაში აღმოჩნდება, რასაც, სისხლის განზავება და მასში ელექტროლიტების კონცენტრაციის დაქვეითება მოჰყვება, უმთავრესად ნატრიუმის. შედეგად მივიღებთ - ჰიპონატრიემიას.
მშობელის უმეტესობამ იცის, რომ ჩვილს წყლის მიცემა არ სჭირდება. თუმცა, არსებობს ირიბი გზები, რითაც შეიძლება შემთხვევით აწვდიდეთ წყალს თქვენს პატარას. მაგალითად: ერთი შეხედვით უსაფრთხო, მაგრამ პოტენციურად საზიანო პრაქტიკაა დედის რძის ან ხელოვნური საკვების წყლით განზავება (ზომაზე მეტი წყლის დამატება). ეს პატარას ულუფაში სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობას ამცირებს და მის თირკმლებს არასაჭირო დატვირთვას აყენებს. იშვიათ შემთხვევაში, ზოგიერთი ცურვის მასწავლებელი 4 თვის ასაკიდან ასწავლის ბავშვებს ცურვას. აუზში ცურვისას, რა თქმა უნდა, არსებობს საშიშროება, პატარამ ჩაყლაპოს წყალი.
6 თვიდან შეგიძლიათ მისცეთ 1 ჩაის კოვზიდან - 1 სუფრის კოვზამდე ოდენობის წყალი. ამ დროს შეგიძლიათ მომავლისთვის ასწავლოთ ბავშვს, რომ წყურვილის დაკმაყოფილება წყლით ხდება. გახსოვდეთ, ჰიდრატაციისთვის წამყვანი არა წყალი, არამედ პატარას ჩვეული საკვებია. 1 წლის ასაკიდან ბავშვს სურვილისამებრ შეუძლია დალიოს უფრო მეტი რაოდენობის წყალი. ასევე, ამ პერიოდში, რაციონში ძროხის რძე და მრავალგვარი საკვები ერთვება. თუ თქვენი შვილი დღენაკლი დაიბადა, ზემოთ აღნიშნული ვადები მისთვის შეიძლება განსხვავებული იყოს. ამ შემთხვევაში, რჩევა ჰკითხეთ თქვენს პედიატრს. დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს, თუ ბავშვი წყლით ინტოქსიკაციის ნიშნებს ავლენს, როგორებიცაა:
• განუწყვეტელი ტირილი;
• ღებინება;
• ლეთარგიულობა;
• გულყრები;
• ტრემორი.
წყარო:healthline.com
ასევე დაგაინტერესებთ: