ჩვილებში წყლით ინტოქსიკაცია არის მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ფიზიოლოგიური ცვლილებები, როგორიცაა სხეულის დაბალი ტემპერატურა და კრუნჩხვები. იმაზე მეტი წყლის მიღება, ვიდრე ბავშვის ორგანიზმს შეუძლია აითვისოს, არღვევს ორაგიზმის ელექტროლიტურ ბალანსს.
ისევე როგორც მოზრდილებისთვის, წყალი ბავშვებისთვისაც აუცილებელია. მათთვის საჭიროა წყლის შეზღუდული, მაგრამ საკმარისი რაოდენობით მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვილებში წყლით ინტოქსიკაცია იშვიათია, ის შეიძლება გამოწვეული იყოს წყლის ჭარბი მოხმარებით, ზედმეტად განზავებული ხელოვნური საკვებით, ან ჩვეულებრივი წყლის მიცემით, მაგალითად დიარეის მკურნალობის მიზნით.
ექვს თვემდე ასაკის ჩვილებმა წყალი არ უნდა მიიღონ. მათი ჰიდრატაციის მოთხოვნებს ამ ასაკში სრულიად აკმაყოფილებს დედის რძე და ხელოვნური საკვები. ამრიგად, წყლის მიღებამ შეიძლება დააყენოს ისინი წყლით ინტოქსიკაციის უფრო მაღალი რისკის ქვეშ. ექვსი თვიდან 12 თვემდე შეგიძლიათ ბავშვს ყოველდღიურად შესთავაზოთ 0,5-დან 1 ჭიქა (4-დან 8 უნცია) წყალი.
ორგანიზმში ჭარბი წყლის მოხვედრა იწვევს ჰიპონატრიემიას, რომლის დროსაც ორგანიზმში ნატრიუმის დონე არანორმალურად ეცემა. ეს გავლენას ახდენს რამდენიმე ორგანოს, მათ შორის ტვინის ფუნქციებზე.
ქვემოთ მოცემულია ჰიპონატრიემიის ზოგიერთი ნიშანი და სიმპტომი:
• უჩვეულოდ გამჭვირვალე შარდი
• თავბრუსხვევა და ლეთარგია
• გაღიზიანება და მოუსვენრობა
• სხეულის დაბალი ტემპერატურა (ჰიპოთერმია), 36°C-ზე ნაკლები
• გულისრევა და ღებინება
• კიდურების, მკლავების, ფეხების და სახის შეშუპება
• არარეგულარული სუნთქვა
უკიდურეს შემთხვევაში, წყლით ინტოქსიკაციამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები და კომა. თუ რომელიმე ამ სიმპტომს შეამჩნევთ, მიმართეთ პედიატრს.
1. წყლისა და განზავებული წვენების მიღება: ექვს თვემდე ასაკის ბავშვებს წყალი არ სჭირდებათ. მათი ჰიდრატაციის მოთხოვნილებები ოპტიმალურად კმაყოფილდება ექსკლუზიური ძუძუთი კვებით ან ხელოვნური საკვებით. თუმცა, ზოგიერთმა მშობელმა შეიძლება დაიწყოს ჩვილებისთვის წყლისა და განზავებული წვენების შეთავაზება. ეს არ არის სასარგებლო პატარებისთვის, რადგან მათი თირკმელები მოუმწიფებელია წყლის გადასამუშავებლად.
2. ზედმეტად განზავებული ხელოვნური საკვებით კვება: სხვადასხვა ბრენდის საკვები მზადდება სხვადასხვა რაოდენობის წყლით. ექსპერტები მშობლებს ურჩევენ, დაიცვან შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციები. მნიშვნელოვანია, რომ საჭიროზე ნაკლები წყლის გამოყენებამ შეიძლება საკვები ძალიან სქელი გახადოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა ჩვილებში. მეორეს მხრივ, ძალიან ბევრი წყლის გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს ელექტროლიტების ბალანსი და გაზარდოს წყლით ინტოქსიკაციის რისკი.
3. ჭიქით კვება: ექსპერტები გვირჩევენ ეტაპობრივად შევწყვიტოთ ბოთლის გამოყენება 12-დან 24 თვემდე ასაკის ჩვილებში. ამის შემდეგ ბავშვები იწყებენ წყლის წრუპვას ჭიქებიდან და მეთვალყურეობის გარეშე შეიძლება საჭიროზე მეტი რაოდენობის წყალი მიიღონ.
ჩვილებში წყლით ინტოქსიკაცია არის მდგომარეობა, რომელსაც სახლში ვერ უმკურნალებთ. ამიტომ, თუ თქვენს პატარას აღენიშნება გადაჭარბებული წყლის მიღების სიმპტომები, მიზანშეწონილია ბავშვის ექიმთან მიყვანა. სიმპტომების სიმძიმიდან გამომდინარე ექიმი შეადგენს მკურნალობის გეგმას ორგანიზმში ელექტროლიტური ბალანსის აღსადგენად და სიმპტომების აღმოსაფხვრელად.
უმეტეს შემთხვევაში, წყლის მიღების შეზღუდვა და ორგანიზმიდან შარდვის გზით ზედმეტი წყლის გამოშვება მოაგვარებს მდგომარეობას. თუმცა, მძიმე შემთხვევებში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს შარდმდენები და ნატრიუმის დონის აღდგენისთვის ინტრავენურად ფიზიოლოგიური სითხის გადასხმა.
• არ მისცეთ წყალი ექვს თვემდე ასაკის ბავშვს. ექვს თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებს შეუძლიათ დღეში 0,5-დან 1 ჭიქა წყალი დალიონ.
• ესაუბრეთ პედიატრს, რათა გაიგოთ არის თუ არა თქვენი შვილი დეჰიდრატირებული და უნდა მიიღოს თუ არა წყალი. ცხელ ამინდშიც კი, ჩვილებს შეიძლება არ დასჭირდეთ წყალი ხშირი ძუძუთი კვების პირობებში.
• არასოდეს განაზავოთ ხელოვნური საკვები ზედმეტად. თქვენ უნდა დაიცვათ შერევის სწორი თანაფარდობა, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
• არასოდეს დატოვოთ ბავშვი უყურადღებოდ როცა ის ჭიქიდან წყალს წრუპავს ან ბანაობს. ბავშვის უყურადღებოდ დატოვებამ შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი წყლის შემთხვევით გადაყლაპვა.
წყარო:momjunction.com