დამატებითი კვება - ახალი ეტაპი თქვენი პატარას ცხოვრებაში

01-08-2021

პირველი 6 თვის განმავლობაში ქალის რძე მთლიანად აკმაყოფილებს ჩვილის მოთხოვნილებას საკვებსა და სითხეზე. ბავშვის ინტენსიურ ზრდასთან ერთად იზრდება მისი კვებითი და ენერგეტიკული მოთხოვნილება, რის გამოც აუცილებელი ხდება დედის რძესთან ერთად დამატებითი საკვების მიწოდება კვებითი რაციონის – ცილით, ცხიმით, ნახშირწყლით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით შესავსებად.

დამატებითი კვების ვადები – დამატებითი საკვების დაწყების ვადების განსაზღვრა ემყარება ბავშვის მზაობას მიიღოს ნახევრადმყარი საკვები. დადგენილია, რომ პირველი ღეჭვითი მოძრაობა 4-5 თვისთვის ფორმირდება, ქრება საკვების გადმოგდების რეფლექსი და შესაძლებელია დამატებითი კვების მიწოდება. დამატებითი კვება იწყება 6 თვიდან, განსაკუთრებულ შემთხვევებში (წონის არასაკმარისი მატება, ბავშვის ინტერესი სხვა საკვების მიმართ) შესაძლებელია მისი
დაწყება 4 თვიდან. დამატებითი საკვების ნაადრევი დაწყება ამცირებს რძის პროდუქციას და ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ალერგიის და სხვა რისკს. დამატებითი საკვების დაგვიანებული დაწყება კი, ხელს უშლის საღეჭი კუნთების სრულფასოვან ჩამოყალიბებას და იწვევს ორგანიზმის გაღარიბებას ვიტამინებით და მიკროელემენტებით. 

დამატებითი საკვების შემადგენლობა და კვების ტექნიკა
ბავშვი უნდა იკვებებოდეს მრავალფეროვანი საკვებით. ასაკის გათვალისწინებით მან ყოველდღე უნდა მიიღოს პროდუქტი საკვების 4 ძირითადი ჯგუფიდან:ხილი და ბოსტნეული

  • ბურღულეული
  • ცილოვანი პროდუქტები
  • რძის პროდუქტი.
  • ამავე დროს, ჩვილის კვებისთვის მნიშვნელოვანია ცხიმის დამატება (მცენარეული და ცხოველური).

6 თვიდან 8 თვემდე ჩვილს შეუძლია მიიღოს პიურეს ტიპის, გატარებული საკვები. საკვები უნდა იყოს ჰომოგენური, 8 თვიდან ბავშვმა უნდა მიიღოს დაჭყლეტილი საკვები, 12 თვის შემდეგ ბავშვი უკვე უნდა იკვებებოდეს ოჯახის საკვებით. თუ მყარი საკვების გამოყენება იწყება 10 თვის შემდეგ ან უფრო გვიან, ეს ზრდის მოგვიანებით კვებითი პრობლემების განვითარების რისკს. ბავშვმა დამატებითი საკვები უნდა მიიღოს დღეში საშუალოდ:

  • 6-8 თვის ასაკში – 2-3 ჯერ;
  • 9-11 თვის ასაკში – 3-4 ჯერ;
  • 12-24 თვის ასაკში – 4 ჯერ.

დამატებით კვებათა შორის აუცილებელია საათობრივი რეჟიმის დაცვა, არანაკლებ 3,5-4 საათისა. კვებათა შორის დასაშვებია წახემსება (მაგ.: ხილფაფის მიწოდება) 1-2 ჯერ დღეში.

დამატებითი კვების ტექნიკა:
ბავშვისთვის საკვები უნდა მომზადდეს ყოველი კვების წინ;
საკვების მომზადებისას აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა;
ბავშვის შეგუება ახალ საკვებთან უნდა მოხდეს თანდათანობით. სასურველია ახალი საკვების პირველი ულუფა დღის განმავლობაში შეადგენდეს საშუალოდ 5-10 გ (1-2ჩაის კოვზი) და თანდათან გაიზარდოს. დამატებითი საკვების მინიმალურ რაოდენობად მიჩნეულია 4 სუფრის კოვზი (საშუალოდ 80-100 გ) საკვები, რომელიც 9 თვემდე ასაკის ბავშვს ეძლევა ძუძუთი კვების შემდეგ, 9 თვის ასაკის შემდეგ კი, ძუძუთი კვების წინ;
მარცვლეულის ფაფის დამატება იწყება უგლუტენო მარცვლეულით (წიწიბურა, ბრინჯი,სიმინდი);
ხილფაფის და ბოსტნეულის პიურეს დაწყებისას თავდაპირველად იყენებენ ერთი სახეობის პროდუქტს, რომელსაც თანდათან ემატება განსხვავებული ხილი და ბოსტნეული 3 დღიანი ინტერვალით;
 

არ არის რეკომენდებული:

  • ბავშვისთვის ორი ან მეტი ახალი საკვების ერთდროულად მიცემა. ყოველი შემდგომი ახალი პროდუქტის გამოყენება უმჯობესია რამდენიმედღიანი ინტერვალის დაცვით, მას შემდეგ, რაც ბავშვი იღებს წინა დამატებითი საკვების სრულ ულუფას;
  • დამატებითი საკვების მიწოდება ბოთლით და საწოვარათი;
  • ბავშვის საკვებისთვის მარილის ან შაქრის დამატება;
  • 12 თვის ასაკამდე ძროხის რძის გამოყენება, რადგან იგი იწვევს რკინის შეწოვის შეფერხებას და ანემიის განვითარებას;
  • ციტრუსის, კვერცხის ცილის და თაფლის 12 თვის ასაკამდე მიწოდება ალერგიის განვითარების რისკის შემცირების მიზნით
  • ჩაი – შეიცავს დიდი რაოდენობით ტანინებს და ამცირებს რკინისა და სხვა მიკროელემენტების შეწოვას.

 

წყარო:„unicef ადრეული ასაკის ბავშვის ზრდისა და განვითარების მონიტორინგი“