ძუძუთი კვების დაწყება

07-07-2021

ძუძუთი კვება ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად ფართოდ აღიარებული და დასაბუთებული ფაქტია. ქალის რძე საუკეთესო, განუმეორებელი, სტერილური და ცოცხალი ბიოლოგიური საკვებია, რომლის შემადგენლობა ბავშვის ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით იცვლება. იგი უზრუნველყოფს ბავშვს ადვილად მოსანელებელი მაღალხარისხიანი კვებითი ნივთიერებებით, ოპტიმალური თანაფარდობით. ჩვილობის ასაკში ძუძუთი კვება მოზარდის ჯანსაღი ფიზიკური და გონებრივი განვითარების საფუძველია.

ძუძუთი კვება ეხმარება ჩვილს იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში და მნიშვნელოვნად ამცირებს სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს. ძუძუთი კვება ასევე სასარგებლოა დედებისათვის. იგი იცავს დედას მშობიარობის შემდგომი სისხლდენისაგან, აგრეთვე ამცირებს სარძევე ჯირკვლების და საკვერცხის სიმსივნური დაავადების რისკს.  სამყაროში არ არსებობს კავშირი უფრო ძლიერი და ამავე დროს უფრო ფაქიზი, ვიდრე კავშირი დედასა და შვილს შორის. ძუძუთი კვება უზრუნველყოფს დედისა და ბავშვის ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ კეთილდღეობას. ის ამყარებს უხილავ, ინტიმურ კავშირს დედასა და ბავშვს შორის. ამ ცოცხალი ჯაჭვის შენარჩუნება ერთნაირად სასურველია და აუცილებელია როგორც ჩვილისთვის, ისევე დედისთვის. “ოცნების პროდუქტი”, ანუ დედის რძე ყოველთვის მზადაა ზუსტად იმ სახით (შემადგენლობით და ტემპერატურით), როგორც თქვენს შვილს სჭირდება. ის ბუნებრივად განახლებადი პროდუქტია. ძუძუთი კვება ის ბუნებრივი რესურსია, რომელზეც უარის თქმა ზედმიწევნით მაღალფასეული პროდუქტის დაკარგვის ტოლფასია

 → ძუძუთი კვება იწყება მშობიარობიდან 1/2-1 საათის განმავლობაში

ძუძუზე პირველი მოჭიდების დროს ახალშობილი იღებს პირველ რძეს – ხსენს, რომელიც მაღალკალორიული ნივთიერებაა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მცირე რაოდენობით გამოიყოფა, ხშირი კვების შემთხვევაში, ხსენი მთლიანად აკმაყოფილებს ბავშვის მოთხოვნილებას, იგი ხომ ბავშვის კუჭის მცირე მოცულობას შეესაბამება. ამიტომ არ არის საჭირო სიცოცხლის პირველ დღეებში, ბავშვისთვის სითხეების და სხვა საკვების დამატება. ხსენი განსაკუთრებით მდიდარია დამცველობითი ნივთიერებებით და A ვიტამინით, იცავს ბავშვს სხვადასხვა ინფექციისა და ალერგიისაგან, რის გამოც მას ხშირად ახალშობილის პირველ აცრასაც უწოდებენ.

  ძუძუთი კვების ადრეული დაწყება ხელს უწყობს ეფექტიანი წოვითი რეფლექსების ჩამოყალიბებას

ბავშვი უნდა იკვებებოდეს ხშირად, მოთხოვნილების მიხედვით, როდესაც იგი მთელი სხეულით მიანიშნებს შიმშილზე (სხვადასხვა ინტონაციის ბგერები, ტუჩების ცმაცუნი, წოვითი მოძრაობა, ტირილი) და არა საათობრივი რეჟიმით. იგი უნდა იკვებებოდეს როგორც დღისით, ისე ღამით. ღამის კვება ხელს უწყობს რძის გამომუშავებას. თავდაპირველად კვების სიხშირე დაახლოებით 8-12-ს უნდა შეადგენდეს, შემდეგ თანდათან მცირდება 7-9-მდე დღე-ღამეში. 1-1,5 თვის ასაკში ყველა ბავშვი გამოიმუშავებს კვების საკუთარ რიტმს;

 → თუ ბავშვი ხშირად არ იღვიძებს დღის განმავლობაში?

აუცილებელია მისი გაღვიძება 3 სთ-ში ერთხელ, ღამის ინტერვალი 5 საათს არ უნდა აღემატებოდეს. ახალშობილი თავად არეგულირებს მისაღები საკვების რაოდენობას; თუ ბავშვს არ აკმაყოფილებს რძე ერთი ძუძუდან, შეიძლება 1 კვებაზე მეორე ძუძუდანაც მოწოვოს. თუმცა აუცილებელია, რომ ერთი ძუძუ ბოლომდე დაიცალოს, ვინაიდან რძის „ბოლო““ ულუფა ცხიმით მდიდარია და თუ ბავშვი მას ვერ მიიღებს, მალევე მოშივდება და ვერც წონაში მოიმატებს. თუ ბავშვს უჭირს ძუძუს დაცლა, საჭიროა რძის გამოწველა და კოვზით ან პიპეტით მიცემა; თუ ბავშვი წოვის დაწყებისთანავე იძინებს (ე.წ. სუსტი მწოვარა და ზარმაცი ბავშვი), საჭიროა მისი გაღვიძება ფრთხილი, ნაზი მოძრაობებით (ნაზი შეხება, მოფერება, წინდების გახდა და სხვ.).

წოვის დამთავრების შემდეგ, მიზანშეწონილია, ბავშვი 10-15 წუთით ვერტიკალურად დაიჭირონ, წოვის დროს გადაყლაპული ჰაერი რომ ამოაქარვოს. პირველი 6 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანია ექსკლუზიური (მხოლოდ) ძუძუთი კვება. ექსკლუზიური ძუძუთი კვება, ანუ მხოლოდ ძუძუთი კვება ნიშნავს ჩვილის კვებას მხოლოდ დედის რძით, ინდივიდუალური რეჟიმით, მოთხოვნილების მიხედვით, სხვა საკვებისა და სასმელის (მათ შორის, წყლის) დაუმატებლად. ქალის რძე 80-90% წყალს შეიცავს და ხშირი კვების შემთხვევაში დედის რძე, პირველი 6 თვის განმავლობაში, მთლიანად აკმაყოფილებს ბავშვის მოთხოვნილებას საკვებსა და სითხეზე. სითხეების მიწოდება, ან ადრე დაწყებული დამატებითი საკვები ამცირებს რძის წარმოქმნას და საკვების მონელების პრობლემებსაც ქმნის;

ერთადერთი ვიტამინი, რომლის დამატებაც აუცილებელი ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში, არის D ვიტამინი. 6 თვის ასაკიდან ბავშვს აუცილებლად სჭირდება დამატებითი საკვები. დამატებითი კვების დაგვიანებული დაწყება საზიანოა, ვინაიდან შეიძლება ბავშვს საჭირო ნივთიერებები – ვიტამინები და მიკროელემენტები დააკლდეს, რაც მის ჯანმრთელობაზე აისახება.

ძუძუთი კვების გაგრძელება რეკომენდებულია 2 წლამდე. 1 წლის შემდეგ ქალის რძე იღებს ხსენის თვისებას და იცავს ბავშვს სხვადასხვა ინფექციური, თუ არაინფექციური დაავადების განვითარებისგან.

ძუძუსგან მოცილების ტექნიკა მარტივია. წლის ბოლოსათვის ბავშვი მხოლოდ 2-3-ჯერ წოვს ძუძუს, ამცირებენ ჯერ პირველ კვებას, 2 კვირის შემდეგ ამცირებენ მეორე კვებასაც, რაც თავისთავად მკვეთრად ამცირებს ლაქტაციას და იგი თავისთავად წყდება

წყარო: UNICEF „ძუძუთი კვების სასწაული“