ხსენი დედის რძის ნაირსახეობაა, რომლის წარმოქმნა სარძევე ჯირკვლებში ორსულობის მე-16 კვირიდან იწყება და მშობიარობის შემდეგ მესამე დღემდე გრძელდება. ზოგ ორსულს მშობიარობამდე რამდენიმე კვირით ადრე აქვს სარძევე ჯირკვლებიდან გამონადენი, ზოგს კი - არა. ორივე შემთხვევაში, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს ორგანიზმში ხსენი გამომუშავდება და ის პატარას დაბადებისთვის ემზადება. თუ ორსულობისას ძუძუდან გამონადენი არ გაქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვის დაბადებისას მის გამოსაკვებად საკმარისი რძე არ გექნებათ. ასევე, არ იფიქროთ, რომ ხსენის გამოყოფით რძის მარაგი იკლებს - თქვენი ორგანიზმი გამუდმებით გამომიმუშავებს ახალ ხსენს. ხსენი არის სქელი, წებოვანი სითხე. ის შეიძლება თეთრი ან გამჭვირვალეც იყოს, თუმცა, უფრო ხშირად მოყვითალო შეფერილობისაა. ხსენი იმდენად ძვირფასია, რომ ლაქტაციის ექსპერტები მას თხევად ოქროს ეძახიან.
ხსენი არის ე.წ. სუპერ-საკვები, სპეციალურად მორგებული პატარას საჭიროებებზე. ის ძალიან ნოყიერი და ამავე დროს ადვილად მოსანელებელია. ახალშობილის კუჭი პირველ დღეებში 5-7 მლ - ს იტევს,ამიტომ, მისთვის ზედგამოჭრილია მცირე მოცულობის, მაღალი კონცენტრაციის მქონე ხსენი. ჩათვალეთ, რომ ხსენი თქვენი პატარას პირველი,ბუნებრივი იმუნიზაციაა. ის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის იმუნური სისტემისთვის. ექსპერტების შეფასებით პატარას იმუნიტეტის 60%-ს ხსენი ქმნის. ის მდიდარია ანტისხეულებით, რომლებსაც სეკრეტორული იმუნოგლობულინი A ეწოდება და სისხლის თეთრი უჯრედებით (ლეიკოციტებით), რომლებიც პატარას ვირუსებისა და ბაქტერიებისგან იცავს. ამის გამო, ხსენი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღენაკლული ბავშებისთვის. ხსენი ძალიან სასარგებლოა პატარას საჭმლის მომნელებელი სისტემისთვისაც. ახალშობილის ნაწლავების გამავლობა ძალიან მაღალია. ლორწოვანის ამომფენ უჯრედებს შორის არის სივრცეები, რომლებშიც აღწევს ვირუსები, ბაქტერიები და ალერგენები. შემდეგ ისინი ბავშვის ორგანიზმში ვრცელდებიან. ხსენი ფარავს ამ სივრცეებს და არ აძლევს პათოგენურ აგენტებს შეღწევის საშუალებას. ნაწლავის გამავლობის ასეთი მაღალი დონის გამო აუცილებელია 6 თვემდე ბავშვის ექსკლუზიურად რძით კვება. თუ პატარა რაიმე სხვა საკვებს მიიღებს (თუნდაც წყალს), რძის მიერ შექმნილი დამცავი ფენა დაირღვევა. მის ხელახლა წარმოქმნას კი 4 კვირამდე სჭირდება.
ხსენი ბუნებრივი პრობიოტიკი და საფაღარათო საშუალებაა. ის ბავშვს მეკონიუმისგან გათავისუფლებაში ეხმარება. მეკონიუმი ნაწლავებში მუცლად ყოფნის პერიოდში გროვდება. დროული და ადრეულად დეფეკაცია კი ახალშობილთა სიყვითლის განვითარების შანსს ამცირებს. პატარები სისხლის წითელი უჯრედების ზედმეტი რაოდენობით იბადებიან. ეს უჯრედები ორგანიზმს ჟანგბადით ამარაგებენ. იმისთვის, რომ პატარას ტვინმა მშობიარობის პროცესში საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი მიიღოს, მისი ორგანიზმი მშობიარობის დაწყებამდე საჭიროზე მეტი რაოდენობის სისხლის წითელ უჯრედებს გამოიმუშავებს. ეს ერთგვარი ბუნებრივი სადაზღვევო ღონისძიებაა. თუმცა, დაბადების შემდეგ მას ამ უჯრედების მოჭარბებული რაოდენობა აღარ სჭირდება. ღვიძლი შლის სისხლის წითელ უჯრედებს და შედეგად წარმოიქმნება დაშლის პროდუქტი, ბილირუბინი, რომელიც განავალთან ერთად გამოიყოფა. თუ ბავშვი ძუძუთი კვებას ადრეულად იწყებს და ხშირად იკვებება, ხსენის საფაღარათო თვისებების წყალობით, ბილირუბინი ორგანიზმიდან დროულად გამოძევდება. მაგრამ, თუ ბავშვი არასაკმარისად იკვებება, დეფეკაციას დროულად ვერ ახდენს, ბილირუბინი ნაწლავებში ყოვნდება და ნაწლავების ლორწოვანი შრით უკუშეიწოვება. ორგანიზმში დაგროვილი ბილირუბინი ღვიძლში იგზავნება. თუმცა, ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელ ღვიძლს უჭირს ბილირუბინის ჭარბი რაოდენობის გადამუშავება და ორგანიზმში ბილირუბინის მაღალი დონე ნარჩუნდება. ბილირუბინის ჭარბი რაოდენობის ორგანიზმში დაგროვება კი სიყვითლეში გამოიხატება ( კანი და ლორწოვანი გარსები ყვითელ შეფერილობას იძენს). როდესაც ბილირუბინის დონე ნორმაზე მეტია, ბავშვს შეიძლება ფოტოთერაპია (სპეციალური სახის ნათება, რომელიც შლის ბილირუბინს) დასჭირდეს. ახალშობილთა სიყვითლეს მანკიერი წრის ჩამოყალიბება ახასიათებს: ბავშვი არასაკმარისად იკვებება, რაც იწვევს სიყვითლეს. ბილირუბინის გადაჭარბებული დონე ბავშვს ძილიანს და ლეთარგიულს ხდის, რის გამოც ის კიდევ უფრო ნაკლებად იკვებება. შედეგად, სიყვითლე ღრმავდება, კვება კი უფრო მცირდება და ა.შ.
შესაბამისად, პატარას თავიდანვე აუცილებლად სჭირდება ხსენის მიღება. პრევენცია ყოველთვის სჯობს მკურნალობას.
შეუძლებელია, დაბადებისთანავე ძუძუთი კვების დაწყების მნიშვნელობის გადაჭარბება. ბავშვის ორგანიზმი მოწყობილია ისე, რომ დაბადებიდან პირველივე საათებში ესაჭიროება კვება. ადრეული ძუძუთი კვება სასარგებლოა დედისთვისაც. ადრეული და ხშირი კვება საუკეთესო საშუალებაა რძის მარაგის შესაქმნელად, სიყვითლის პრევენციისთვის და ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. დაბადებიდან დაახლოებით 2 საათში, როგორც წესი, ახალშობილი იძინებს. გახსოვდეთ, რომ პატარას ძილის და მოდუნების დროსაც შეუძლია იკვებოს. სინამდვილეში, ბავშვი უკეთ იკვებება ზედაპირული ძილის დროს, სანამ ძალიან მოშივდება.
თუ ახალშობილი ძუძუთი კვებაზე უარს ამბობს:
ზოგი ახალშობილი განსაკუთრებით ძილიანია. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს განსაკუთრებულად სტრესული მშობიარობით ან ტკივილგამაყუჩებლებით, რომელსაც დედა მშობიარობისას და მის შემდეგ იკეთებს. ამან პანიკაში არ ჩაგაგდოთ. თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა ტექნიკა გამოიყენოთ იმისთვის, რომ ეს მძინარები ძუძუსთან მიიტყუოთ.
პირველ რიგში, ბევრი დრო გაატარეთ ბავშვთან. დაიწვინეთ ის გულ-მკერდზე. ეს პოზიცია ახალშობილებში კვების რეფლექსის ამოქმედებას იწვევს. უმჯობესია, თუ კანით-კანთან კონტაქტი გექნებათ და ბავშვს მხოლოდ საფენი ეცმევა. ეს სასარგებლოა ბავშვის ტემპერატურის რეგულაციისთვის. კანით-კანთან კონტაქტი პატარას სისხლში შაქრის დონის რეგულირებასაც კი უწყობს ხელს. თუ ბავშვს კვებისთვის მეტი წახალისება სჭირდება, გამოიწურეთ ძუძუდან ხსენის რამდენიმე წვეთი სუფთა ჩაის კოვზზე. არ იდარდოთ, თუ მცირე რაოდენობა გამოვა, ის თქვენი პატარას საჭიროებებს სრულად დააკმაყოფილებს. პატარას ხსენი კოვზით ან შპრიცით მიეცით. ტკბილი გემო და უეცარი ენერგიის მოჭარბება გაათბობს და გააღვიძებს მას და მალე ძუძუთი კვებასაც დაიწყებს. თუ ამანაც არ გაჭრა, დაიხმარეთ ლაქტაციის მრჩეველი ან პედიატრი.
მშობიარობის შემდეგ მესამე ან მეოთხე დღეს თქვენი მკერდი უფრო სავსე და თბილი გახდება. ეს იმის მანიშნებელია, რომ უფრო დიდი რაოდენობის და განსხვავებული შემადგენლობის მქონე რძე იწყებს გამომუშავებას იმისთვის, რომ პატარას გაზრდილი საჭიროებები დააკმაყოფილოს. ეს რძე უფრო ნაკლები კონცენტრაციისაა, მაგრამ ის მაინც ბუნებაში ყველაზე უნაკლო და უნიკალური საკვებია, რომელიც თქვენს პატარას დაეხმარება მიაღწიოს საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმს ფიზიკურად, ინტელექტუალურად და ემოციურად.
წყარო:babysense
ასევე დაგაინტერესებთ: