ახალშობილის მოვლის პროცედურები ჯერ კიდევ სამშობიარო ბლოკში, დაბადებისთანავე იწყება. ფიზიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ახალშობილი ადვილად
კარგავს სითბოს და ვერ ინარჩუნებს „ნორმალურ“ ტემპერატურას.
სამშობიარო ბლოკში ჰაერის ტემპერატურა არ უნდა იყოს 25°-ზე ნაკლები, ხოლო ბინაზე მიზანშეწონილია შენარჩუნდეს 20-23°. ახალშობილის მოვლის პროცედურები „თბილი ჯაჭვის“ პრინციპებს
ეყრდნობა. შესაბამისად, მომვლელის ხელები, ტანსაცმელი, საფენები და ნებისმიერი საგანი, რომელსაც ახალშობილი ეხება, მშრალი და თბილი უნდა იყოს.
ნებისმიერ ახალშობილს სამშობიარო სახლში უტარდება მთელი რიგი პროცედურები, რომელიც აუცილებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად:
ჭიპლარის გადაჭრა ჯანმრთელ ახალშობილებთან ხდება სიცოცხლის 1-3 წუთის ინტერვალში. მშობელმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ახალშობილს გადაჭრილი ჭიპის
ტაკვი გამოშრობის შემდეგ თავად მოვარდება. ამავე დროს, აუცილებელია სისუფთავის შენარჩუნება და ჭიპის მოვლა
სითბოს დაკარგვის პროფილაქტიკა – დაბადების შემდეგ ყველა ახალშობილი კარგავს სითბოს სხვადასხვა გზით – ცივ საგანზე შეხებით, აორთქლებით, სითბოს ცივ ჰაერზე გადაცემით, რაც იწვევს გადაციებას (ჰიპოთერმია) და სხვა მრავალი პრობლემის განვითარებას. ამდენად, მნიშვნელოვანია სითბოს დაკარგვის პროფილაქტიკის ჩატარება, რისი საუკეთესო
საშუალებაა კანი-კანთან კონტაქტი.
კანი-კანთან კონტაქტი – ჯანმრთელი ახალშობილი დედის სხეულზე უნდა მოთავსდეს დაბადებიდან 1 სთ-ის განმავლობაში. კანი-კანთან კონტაქტი გულისხმობს შიშველი ახალშობილის (ახალშობილს თავზე უნდა ეხუროს ქუდი და ეცვას წინდები) მოთავსებას დედის გულმკერდზე, აუცილებელია დედას და ბავშვს ეფაროს საბანი. ხანგრძლივობა მინიმუმ 30 წთ უნდა იყოს და სასურველია გაგრძელდეს 2 სთ-ს. საკეისრო კვეთის შემდეგ კანიკანთან კონტაქტი ტარდება დედის ნარკოზიდან სრული გამოფხიზლების შემდეგ (მანამდე შესაძლებელია კანი-კანთან კონტაქტი მამასთან). კანი-კანთან კონტაქტი ხელს უწყობს:დედასა და ბავშვს შორის მჭიდრო ფსიქოემოციური კავშირის დამყარებას, ბავშვის სხეულის ტემპერატურის რეგულირებას, ეფექტიანი წოვითი რეფლექსების ჩამოყალიბებას და ძუძუთი კვების ადრეულ დაწყებას. კანი-კანთან კონტაქტის დროს ხდება დედისა და ბავშვის პირველი ფიზიკური კონტაქტი – შეხება. ეს ახალშობილისთვის გარე სამყაროს შესახებ ინფორმაციის მიღების ძირითადი წყაროა. ნაყოფი, ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში აღიქვამს დედის სხეულის მოძრაობას და ამ გამოცდილების საფუძველზე, დაბადების შემდეგ დედის შეხებისას სიამოვნების იგივე განცდა ეუფლება. დადგენილია, რომ ბავშვის მოფერება ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას და თავის ტვინის განვითარებას.
კონიუნქტივიტის პროფილაქტიკა – თვალი მშობიარობიდან 1 სთ-ში მუშავდება.
ჰემორაგიული დაავადების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება ვიტამინი K, რომლის პირველი დოზა ბავშვს სამშობიარო სახლში ეძლევა და გამოყენებული პრეპარატიდან
გამომდინარე, შესაძლებელია, საჭირო გახდეს მისი განმეორება.
ანთროპომეტრია ტარდება დაბადებიდან 2 სთ-ში, ფასდება: სხეულის მასა, სხეულის სიგრძე, თავის გარშემოწერილობა.
ჩაცმა – ახალშობილს უნდა ჩააცვან ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმელი, თავისუფლად მოძრაობა რომ შეძლოს.
დედისა და ბავშვის ერთად ყოფნა პალატაში – დედისა და ბავშვის ერთად ყოფნა როგორც სამშობიაროში, ისე სახლში, დედისა და ბავშვის ურთიერთობას, და ხშირად, შეხებითი
კონტაქტის დამყარებასაც უწყობს ხელს. ამდენად, დედას უნდა ეძინოს ახალშობილთან/ჩვილთან ერთ ოთახში, რაც შეიძლება ხშირად აიყვანოს ბავშვი ხელში, მოეფეროს,მიუალერსოს, მიიკრას სხეულზე, გაუკეთოს ნაზი მასაჟი თბილი ხელით. ბავშვის დედასთან ერთად ყოფნა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა წარმატებული მოთხოვნილებითი ძუძუთი კვებისთვის. ხშირი შეხება ამცირებს ბავშვის დაავადების რისკს, აკმაყოფილებს მის ყველა მოთხოვნილებას და ხელს უწყობს ბავშვის ფსიქოემოციური სფეროს განვითარებას. დადგენილია, რომ დედის ალერსსა და სითბოს მოკლებულ ბავშვს მომავალში შესაძლოა სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები განუვითარდეს.
ახალშობილის მოვლა სამშობიარო პალატაში – ახალშობილს უტარდება ყოველდღიური მოვლის პროცედურები: სახის, თვალის, ყურის, ცხვირის და კანის ტუალეტი, ჭიპის ტაკვის დამუშავება (საჭიროებისას), აწონვა, დაბანა, ჩაბანა, იმუნიზაცია, სკრინინგი.
იმუნიზაცია – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის შესაბამისად, სამშობიარო სახლში
ახალშობილს დაბადებიდან 12 სთ-ში უტარდება ჰეპატიტის, სიცოცხლის მე-2-5 დღეს კი – ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
სკრინინგი – ახალშობილს სიცოცხლის მე-3-5 დღეს სამშობიარო სახლში უტარდება სკრინინგი ფენილკეტონურიაზე, ჰიპოთირეოზსა და ცისტურ ფიბროზზე. მშობლები ინფორმირებულნი
უნდა იყვნენ, რომ მიიღებენ შეტყობინებას სკრინინგის დადებითი პასუხის შესახებ. მათ აუცილებლად უნდა მიმართონ შესატყვის დაწესებულებას.
წყარო: Unicef „ადრეული ასაკის ბავშვის ზრდისა და განვითარების მონიტორინგი“