რკინა და D ვიტამინი უმნიშვნელოვანესია ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის. რომ დავრწმუნდეთ მათ მნიშვნელობაში, თავდაპირველად გავეცნოთ მათ ფუნქციებს ორგანიზმში.
რკინა ჰემოგლობინის აუცილებელი კომპონენტია. ჰემოგლობინი ჟანგბადის ორგანიზმის ყველა უჯრედამდე ტრასპორტირებას უზრუნველყოფს. რკინა ასევე აუცილებელია ბავშვის ნერვული სისტემის განვითარებისთვის.
D ვიტამინი საჭიროა ძვალ-სახსროვანი სისტემის განსავითარებლად და რაქიტის პრევენციისთვის. რაქიტი არის დაავადება, რომლის დროსაც ბავშვებს სუსტი ძვლოვანი სისტემა აქვთ და ძვალ-სახსროვანი დეფორმაციები უვითარდებათ. D ვიტამინ დეფიციტური რაქიტის განვითარება ძუძუთი კვების დროს იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია, თუ ჩვილი D ვიტამინს დამატებით დოზას საკვებით, კვებითი დანამატებით ან მზესთან კონტაქტით არ იღებს.
იღებს თუ არა ახალშობილი D ვიტამინის საკმარის რაოდენობას დედის რძიდან?
სამწუხაროდ, მხოლოდ დედის რძით კვებისას პატარა D ვიტამინის ადეკვატურ დოზას ვერ იღებს. დაბადებიდან მალევე ახალშობილებს D ვიტამინის დამატებითი დოზის მიცემა სჭირდებათ.
D ვიტამინის ნაკლებობის თავიდან ასაცილებლად ამერიკელ პედიატრთა ასოციაცია შემდეგ რეკომენდაციას გასცემს: ექსკლუზიურად ან ნაწილობრივ ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებს უნდა მივცეთ დღეში 400 საერთაშორისო ერთეულის დოზის D ვიტამინი, დაბადების პირველივე დღეებიდან.
როდესაც ბავშვი მყარ საკვებზე გადავა, მშობლებს შეუძლიათ, D ვიტამინით მდიდარი საკვების სწორი შერჩევით მიაწოდონ მას ვიტამინის ადეკვატური რაოდენობა.
რამ შეიძლება შეუწყოს ხელი D ვიტამინის ნაკლებობის განვითარებას ჩვილებში?
D ვიტამინის ნაკლებობის რისკი იზრდება მზესთან კონტაქტის ან საკვებში მისი ნაკლებობის დროს. მზესთან კონტაქტის შემცირება მართალია კანის კიბოს პრევენციას უზრუნველყოფს, მაგრამ ასევე D ვიტამინის მარაგის შევსებას უშლის ხელს.
მზისგან D ვიტამინის მიღებას ხელ უშლის:
• მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრება, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში
• ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე
• მკვრივი ღრუბლის საფარი
• მზისგან დამცავი კრემის გამოყენება
• მუქი ფერის კანი
ამიტომ, მზიან ამინდებში აუცილებლად უნდა გაიყვანოთ ბავშვი გარეთ და ხეების ჩრდილში, ფოთლებს შორის გამოჭვრეტილი მზის სხივები საუკეთესოა მისთვის. მთავარია, რაციონალურ დროებში გააკეთოთ ეს - დილიდან 12 საათამდე (ზაფხულში - 11 საათამდე) და საღამოს 5-ის მერე (ზაფხულში - 6-ის მერე).
იღებენ ჩვილები საკმარის რკინას დედის რძისგან?
ახალშობილი რკინის მარაგით იბადება, რომელიც 4 თვის განმავლობაში სრულიად ჰყოფნის. სამწუხაროდ, დედის რძე ძალიან მცირე რაოდენობის რკინას შეიცავს. ამიტომ რეკომენდებულია, ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილები ყოველდღიურად 1 კგ წონაზე 1 მგ ოდენობის რკინის დანამატს იღებდნენ. ამ დანამატის მიცემას 4 თვის ასაკიდან იწყებენ პედიატრები, საჭიროებიდან გამომდინარე.
თუ ჩვილი რკინით გამდიდრებულ ხელოვნურ საკვებს იღებს, მას დამატებით რკინის მიცემა არ სჭირდება.
როდესაც პატარა 6 თვის შესრულდება, მისი რკინის საჭიროება უკვე სრულებით შეიძლება შეივსოს რკინით მდიდარი მყარი საკვებით.
სტატიაში მოცემული ინფორმაცია, ზოგადი და ინფორმატიული ხასიათისაა. დეტალური ინფორმაციისთვი კონსულტაცია გაიარეთ პირად ექიმთან