აუტიზმის ადრეული ნიშნები ბავშვებში

17-04-2023

რა შეიძლება იყოს აუტიზმის ადრეული ნიშანი? 

აუტიზმის ერთ-ერთი  პირველი, მთავარი დამახასიათებელი ნიშანი გახლავთ ის, როდესაც ბავშვი საუბრის დროს არ გიყურებთ თვალებში და არ რეაგირებს სახელის დაძახებაზე, თითქოს არ ესმის, რომ ეძახით ან ძალიან არის დაკავებული რამით და თქვენთვის უბრალოდ არ სცალია. თუ ბავშვს ეს თვისებები შენიშნეთ, გარდა ამისა, ატყობთ, რომ საკუთარი თანატოლებისგან განსხვავებით ცოტა უცნაურად იქცევა, აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს, რადგან აუტიზმის დიაგნოზის დასმა დამოუკიდებლად შეუძლებელია, ეს სპეციალისტმა უნდა გააკეთოს. დღესდღეობით საამისოდ ბევრი თანამედროვე მეთოდები არსებობს. 

რა არის აუტიზმი? 

აუტიზმი გამოიხატება გარე სამყაროს, სხვებთან კონტაქტის იგნორირებით და ასევე გარკვეული სირთულეებით განვითარების მხრივ. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები სოციუმს სულ სხვაგვარად აღიქვამენ, ისინი რთულად ადაპტირდებიან სხვა პიროვნებებთან, მარტოობა ურჩევნიათ. სპეციალისტების დაკვირვებით, აუტიზმი ბიჭებში 2-ჯერ უფრო ხშირად ფიქსირდება. აუტიზმი ბავშვებში სხვადასხვანაირად ვლინდება, არის სხვადასხვა ხასიათის და ხარისხის. ხშირად ბავშვები არ მეტყველებენ და არც მოტორიკა აქვთ განვითარებული, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ ახდენენ მზერის ფოკუსირებას მოსაუბრის თვალებში და ასევე არ რეაგირებენ დაძახებაზე, ასევე ნელა ვითარდებიან, რაც განაპირობებს სოციუმთან გართულებულ ურთიერთობებს. არსებობს ვარაუდები, რომ აუტიზმის მიზეზი უფრო ხშირად გენეტიკით არის განპირობებული, რაც შესაძლოა იყოს გამოწვეული მშობლების მიერ მიღებული ამა თუ იმ პრეპარატით, ცუდი ეკოლოგიით, არასწორი ნივთიერებათა ცვლით, მძიმე მეტალებით ან წამლით მოწამვლით. თუმცა, აუტიზმის გამომწვევი საბოლოო მიზეზი ჯერაც დაუდგენელია. აუტიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნები ბავშვში ადრეული ასაკიდანვე იჩენს ხოლმე თავს, მშობლები ამას, როგორც წესი, თავად ატყობენ ხოლმე.  ამ დროს ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. 

აუტიზმი, აუტიზმის ნიშნები,
 

აუტიზმის ნიშნების შენიშვნა ახალშობილებში ძალიან რთულია, თუმცა ხანდახან ეს თვალშისაცემია ხოლმე და მშობელმა შესაძლოა ის 2 თვის ასაკშიც კი შენიშნოს. ამ დროს ჩვილს არ აქვს რეაქცია დედის დანახვაზე, არაფერს აყოლებს თვალს და არც სათამაშოების მიმართ იჩენს ინტერესს. 
 

წლამდე ასაკის ბავშვებში, რომელთაც აქვთ აუტიზმი, ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
•    ინტერესის არქონა სათამაშოების მიმართ;
•    რეაქციის არქონა საკუთარ სახელზე;
•    თვალებით კონტაქტის არქონა;
•    თმების ან სხვა რაიმე ქსოვილის დახვევა;
•    სოციუმთან კონტაქტის არქონა ;
•    ჟესტიკულაციის არქონა;
•    მაღალ ხმაზე ხშირი შეკრთომა და ხმაურის შიში;

2 წლის ასაკში 
ამ პერიოდში ბავშვები, როგორც წესი, არიან ძალიან აქტიურები, უხარიათ მშობლის დანახვა, რეაგირებენ სათამაშოებზე, ხმაურზე. 

აუტიზმის შესაძლო სიმპტომები 2 წლის ასაკში

•    დასამშვიდებლად ბავშვი მუდმივად იწყებს აქეთ-იქით ქანაობას. 
•    არ აქვს მცდელობა, გაიმეოროს რაიმე ხმა, სიტყვა.
•    არ აქვს სურვილი ვინმემ აიყვანს ხელში, ყველაზე ახლობელმა ადამიანმაც კი.
•    თავს არიდებს სხვებთან ურთიერთობებს, ტაქტილურ კონტაქტს.
•    ნივთებს თანმიმდევრობით ამწკრივებს ან ფერების მიხედვით ალაგებს.
•    სათამაშოდ არავინ სჭირდება.
•    არ აქვს ელემენტარული უნარები, იქნება ეს ხელის დაბანა, ჭიქიდან დალევა, კოვზით მირთმევა თუ სხვა რამ. 
•    კიდევ ერთ მთავარი და შემაშფოთებელი სიმპტომია ჩვენებითი ჟესტის არქონა. ამა თუ იმ მოქმედების შესასრულებლად ბავშვი იყენებს უფროსის ხელს. 

აუტიზმის შესაძლო სიმპტომები 3 წლის ასაკში

•    ბავშვი არ საუბრობს;
•    თავად იგონებს სიტყვებსა და ფრაზებს;
•    ხშირად იმეორებს ხმამაღლა ფრაზებს წიგნიდან ან მულტფილმებიდან;
•    რაიმე ახლის გამოჩენის შემთხვევაში ეწყება ისტერიკები;
•    არ ცდილობს იყოს დამოუკიდებელი, მიჯაჭვულია დედას;
•    საკუთარ თავზე მესამე პირში საუბრობს;
•    ამოჩემებული აქვს დეტალები;
•    არის ჰიპერაქტიური;
•    სათამაშოდ იყენებს არა სათამაშო ნივთებს; 

აუტიზმის შესაძლო სიმპტომები 4 წლის ასაკში

•    თავისებური მეტყველება;
•    დაძახების იგნორირება;
•    საუბრობენ მე-3 პირში;
•    არასდროს ინტერესდებიან რამით;;
•    ამოჩემებული აქვთ საჭმელი ან ტანსაცმელი;
•    არ ესმით სხვისი ემოციები;

აუტიზმი, აუტიზმის ნიშნები,

აუტიზმის დიაგნოსტიკა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მარტივი საქმე არ გახლავთ და ეს სპეციალისტებმა უნდა გააკეთონ სხვადასხვა ტესტისა და თანამედროვე მეთოდების მეშვეობით. რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს, აუტიზმის ბოლომდე განკურნება ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა უნარების განვითარებასთან  და სოციუმთან ადაპტაციასთან დაკავშირებულ მუშაობას შედეგები ნამდვილად მოაქვს. ბევრი ცნობილ ადამიანს აქვს აუტიზმის სპექტრი, თუმცა უნარების განვითარებით შესაძლებელია ადაპტირება გარემოში. გახსოვდეთ, რომ ოჯახურ გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. მშობლების მოტივაციას, მხარდაჭერას, ოჯახურ, მეგობრულ გარემოს შეუძლია საგრძნობლად გააუმჯობესოს ბავშვის მდგომარეობა, ხელი შეუწყოს განვითარებასა და უნარების გამომუშავებაში. 

ასევე დაგაინტერესებთ: