''მე ვოცნებობდი შვილზე... თუ ამას ჰქვია 'აუტიზმი', დაე იყოს ასე...' - ცხოვრება აუტიზმის დიაგნოზთან ერთად

02-04-2022

2019 წელს შევერკინეთ ერთმანეთს, მთელი წელი ვიბროძოლეთ... მაჯობა, დამაგდო, მიწასთან გამასწორა, ზედ გადამიარა, არ ვეგუებოდი, ვერ ვიჯერებდი, კითხვაზე "რატომ?" პასუხს ვერ ვიღებდი.... მიუხედავად ამისა, სულ ვმოძრაობდი, სულ ვეძებდი პასუხებს, გზებს, წინ მივიწევდით მიუხედავად ყველაფრისა... ბოლოს დავნებდი, ცხოვრებას, ღმერთს, სამაყროს ვუთხარი: მე ვოცნებობდი შვილზე, დიდზე, ბუთქუნაზე, ლამაზზე, გამორჩეულზე, ძალიან ჭკვიანზე, თბილზე, კეთილსა და მოსიყვარულეზე და თუ ამას ჰქვია "აუტიზმი", დაე იყოს ასე. ყველა ოცნებას თავისი ფასი ჰქონია, მეც ვალში არ დაგრჩებით. ახლა, ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვან და რთულ ასაკში ვართ, მაგრამ ვიცით სად გვინდა ვიყოთ 2, 3, 7,10 წლის შემდეგ, ამიტომ, ბევრს ვშრომობთ, ბევრს ვწვალობთ ჩვენი ოცნებებისთვის. თუ ვინმე იტყვის, რომ დიაგნოზებით ცხოვრება არ იცვლება, გეტყვით, რომ ცდებით! ამით ყველაფერი იცვლება, შენი გეგმები, შენი შვილისთვის, ოჯახისთვის "დაგეგმილი" მომავალი ქრება, შენი ცხოვრება ჩვეულებრივი ვერ იქნება, ყველაფერი იცვლება... მაგრამ ამ ცვლილებას აქვს ბევრი ლამაზი ფერი, უნდა იპოვო რამე ჩასაჭიდი, წამოდგე, ისე წამოდგე, მუხლიც არ ჩაგეხაროს არასდროს, და მერე, მერე გაიგებ ნანატრ სიტყვას "დედას". და აი მაშინ იგრძნობ ძალას, ეს ძალა ფერადი ბილიკით შენს ოცნების შვილს მიიყვანს წარმატების მწვერვალისკენ. პ.ს. თუ კი ახლა ვინმე ამ ბილიკის დასაწყისში ხართ, გეტყვით, ყველაფერი მართლაც კარგად იქნება. არც მე მჯეროდა, ამას როცა ვისმენდი, მაგრამ მართლა ასე ყოფილა. გაუფრთხილდით ნერვებს, შეინახეთ ცრემლები, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი კარგად იქნება.