შესაძლებელია თუ არა ფეინგოლდის დიეტით აუტისტური სპექტრის დარღვევების და ყურადღების დეფიციტის სიმპტომების შემსუბუქება?
ფეინგოლდის დიეტა, რომელიც ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის, აუტიზმის სპექტრის დარღვევების სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოიყენება, მე-20 საუკუნის 70-იან წლებში შეიქმნა და მალევე მოიპოვა პოპულარობა.
მიუხედევად იმისა, რომ ფეინგოლდის დიეტამ ბევრი დადებითი შედეგი მოიტანა, მას ბევრი კრიტიკოსიც ჰყავს. ამიტომ, მშობლებს ხშირად უჩნდებათ კითხვა, ღირს თუ არა სცადონ ეს დიეტა.
ამ სტატიაში მოგითხრობთ ფეინგოლდის დიეტის შესახებ, მის ეფექტურობასა და უარყოფით მხარეებზე.
რა არის ფეინგოლდის დიეტა?
ფეინგოლდის დიეტა კალიფორნიაში მცხოვრებმა ექიმმა-პედიატრმა და ალერგოლოგმა - ბენჯამინ ფეინგოლდმა შეიმუშავა. თავიდან ეს დიეტა გამიზნული იყო ალერგიული სიპტომების მქონე პაციენტებისთვის, ვისაც ასთა, ეგზემა ან რინიტი აწუხებდათ. მას შემდეგ, რაც ექიმმა შეამჩნია, რომ დიეტის დაწყების შემდედ პაციენტების ქცევა დადებითად შეიცვალა, მან დიეტის გამოცდა აუტიზმის, დისლექსიის, ქცევითი დარღვევების და ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე პაციენტებთანაც დაიწყო. ამ დიეტის დროს გამორიცხულია ყველანაირი ხელოვნური საღებავები, დამატკბობლები, სალიცილატები და შემანარჩუნებლები. ფეინგოლდის რწმენით, ამ ინგრედიენტების და კიდევ რამდენმე პროდუქტის კვების რაციონიდან ამოღება აუმჯობესებდა ყურადღების კონცენტრირების უნარსა და ქცევას.
დიეტის დაცვა
პაციენტმა უნდა მიირთვას მხოლოდ სიაში არსებული პროდუქტები და უარი თქვას ყველა სხვა პროდუქტზე. რაღაც დროის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ, ბავშვის კვების რაციონს თანდათან დაუმატოთ პროდუქტები და დააკვირდეთ რა გავლენას მოახდენს ის მის ქცევაზე.
მიუხედავად იმისა, რომ არ არის განსაზღვრული ზუსტი დრო, ფეინგოლდის მიხედვით, პირველი ეფექტი 1-6 კვირის შემდეგ უნდა დაინახოთ.
ზოგი პაციენტი ამის შემდეგ თანდათან აახლებს სალიცილატის შემცველი საკვების მიღებას, თუმცა ზოგ პაციენტს უწევს, რომ მთელი ცხოვრება ამ პროდუქტების გარეშე იცხოვრონ. ხოლო, საღებავების, დამატკბობლების, არომატიზატორების და შემანარჩუნებლების შემცველი საკვები ყველა პაციენტისთვის სამუდამოდ აკრძალულია.
ფეინგოლდის რეკომენდაციით, თქვენი შვილისთვის ყველა კერძი თავად უნდა მოამზადოთ, რადგან მზა საკვების ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია ხშირად მცდარია და მას ვერ ენდობით.
ამასთან ერთად გახსოვდეთ, რომ ბავშვის კვების ამგვარად შეზღუდვა ბევრ ეთიკურ და სამედიცინო პრობლემას ბადებს და ამ დიეტის დაწყებამდე აუცილებელია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
რომელ პროდუქტებს უნდა აარიდოთ თავი?
ფეინგოლდის დიეტა უხვი რაოდენობის პროდუქტს და ნივთიერებას გამორიცხავს.
ნივთიერებები:
• სალიცილატების შემცველი მედიკამენტები (ასპირინი)
• შემანარჩუნებლები:
ბუტილირებული ჰიდროქსიტოლუოლი
ბუტილირებული ჰიდროქსიანიზოლი
ტეტრაბუტირჰიდროქინონი
ყველა ხელოვნური საღებავი:
არომატიზატორები:
ვანილი
პიტნა (მათ შორის პიტნის არომატის მქონე კბილის პასტა ან პირის სავლები)
მარწყვი, ჟოლო
• ხელოვნური დამატკბობლები:
ასპარტამი
საქაროზა
საქარინი
აცესულფამი-K (Ace-K)
სინთეზური პესტიციდები
• სუნამოები
პროდუქტები:
ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები შეიცავს სალიცილატებს და უნდა იქნას გამორიცხული დიეტის დასაწყისში:
• ხილი: ვაშლი, ვაშლის წვენი, გარგარი, კენკრა, ალუბალი, ყურძენი, ვაშლატამა, ფორთოხალი, ატამი, ქლიავი, ქლიავის ჩირი, ქიშმიში, მანდარინი, პომიდორი.
• ბოსტნეული: ბროკოლი, ვარდკაჭაჭა, კიტრი, ბადრიჯანი, წიწაკა, ბამი, ენდივა, მჟავე კიტრი, ტკბილი კარტოფილი, ყაბაყი, გოგრა, ისპანახი, წყლის წიწმატი.
• თხილეული: ნუში, ნიგოზი.
• მარცვლეული: სასაუზმე ბურღული, გადამუშავებული კრეკერები
• სანელებლები: ანისის მარცვლები, დარიჩინი, ჯინჯერი, მდოგვი, ორეგანო, როზმარინი, ძირა, მიხაკი, ქარი, ტარხუნა, პიმენტო.
• სასმელები: ყავა, ჩაი, ხილის წვენი, გაზიანი სასმელები.
• სხვა: ჯემი, ჟელატინი, პიტნის არომატის მქონი საღეჭი რეზინი და სხვა პროდუქტები.
რეკომენდირებული პროდუქტები და ნივთიერებები:
ყველა საკვები მისაღებია, რომელიც აკრძალვების სიაში არ შედის.
უპირატესობა ენიჭება ნატურალურ, გადაუმუშავებელ საკვებს სალიცილატების დაბალი შემცველობით, როგორებიცაა:
• ხილი: ბანანი, ნესვი, გრეიფრუტი, კივი, ლიმონი, მანგო, პაპაია, მსხალი, ანანასი, საზამთრო, ფინიკი.
• ბოსტნეული: ჭარხალი, ბრიუსელის კომბოსტო, კომბოსტო, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, სალათის ფურცლები, სოკო, ხახვი, ბარდა, კარტოფილი, სიმინდი, ნიახური.
• ცილა: ლობიო და სხვა პარკოსნები.
ეფექტურია ფეინგოლდის დიეტა?
ბევრი წარმატების ისტორიაა ცნობილი ფეინგოლდის დიეტასთან დაკავშირებით, თუმცა მისი ეფექტურობა მეცნიერული კვლევებით არასაკმარისად არის დასაბუთებული. ამ დიეტის ეფექტურობის განსასაზღვრად მცირე რაოდენობის კვლევაა ჩატარებული. არ არის გამოვლენილი მყარი კავშირი ინგრედიენტებს ან პროდუქტებსა და ქცევით დარღვევებს შორის.
მიუღებელია ფეინგოლდის დიეტით ექიმების მიერ დანიშნული მკურნალობის ჩანაცვლება. ასევე ისიც ცნობილია, რომ ADHD და აუტიზმის სპექტრის დარღვევების გამოვლინება ძალიან ინდივიდუალურია და სხვადასხვა პაციენტთან სიმპტომების გამწვავებას სხვადასხვა მიზეზი იწვევს.
ყველა თანხმდება, რომ ფეინგოლდის დიეტასთან დაკავშირებით მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო.
ფეინგოლდის დიეტის უარყოფითი მხარეები
მისი ეფექტურობის დამადასტურებელი სამეცნიერო მტკიცებულებების სიმწირის გარდა ფეინგოლდის დიეტას ბევრი სხვა ნაკლიც გააჩნია.
ძალიან შემზღუდავია
ფეინგოლდის დიეტა კრძალავს ბევრ სასარგებლო პროდუქტს მათ შორის თხილეულს, ხილს და ბოსტნეულს.
ასეთი შეზღუდვები ართულებს საოჯახო კერძების მომზადებას. ასევე ბავშვს უარყოფით ჭრილში აცნობს საკვებს, რამაც შეიძლება ზრდასრულობაში საკვებისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულება გამოიწვიოს.
ექიმთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ბავშვი არ უნდა იყოს შეზღუდულ კვებაზე თუ არ დგას ამისი მკაცრი აუცილებლობა, როგორც ზოგი დაავადების: ცელიაკიის, ფენილკეტონურიის, კვებითი ალერგიის ან ეპილეფსიის დროს, და ეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ხდებოდეს.
რთული დასაცავია
დიეტის თანახმად, მშობლებმა დღის ყველა კერძი თავად უნდა მოამზადონ, რათა დარწმუნებული იყვნენ, რომ ბავშვი შემთხვევით აკრძალულ ნივთიერებას არ მიიღებს. ეს ძალიან რთული შესასრულებელია ფინანსების და დროის მხრივ, განსაკუთრებით, თუ კერძებს ოჯახის რამდენიმე წევრისთვის ცალ-ცალკე ამზადებთ.
შეიძლება გამოიწვიოს მალნუტრიცია
ფეინგოლდის დიეტის დაცვისას აუცილებელია ბავშვის რაციონის ფრთხილად დაგეგმვა, რათა მას რომელიმე საკვები ნივთიერების დეფიციტი არ განუვითარდეს. ეს მშობლებისგან ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თქვენ მიერ მომზადებული კერძები თან გემრიელი უნდა იყოს, თან საკმარის ვიტამინებს უნდა შეიცავდეს და თან არ უნდა სცდებოდეს დიეტის მკაცრს ჩარჩოებს.
ამასთან ერთად, თუ თქვენი შვილი საკვებთან მიმართებაში წუნიაა, რაც ADHD-ს მქონე ბავშებში საკმაოდ ხშირია, მალნუტრიციის განვითარების რისკი კიდევ უფრო იზრდება.
არასდროს დაიწყოთ დიეტა თვითნებურად და კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს!
წყარო: healthline.com