ვილბერგერის დავარცხნის პროტოკოლი, არის პროგრამა, რომელიც შედგება სხეულის დავარცხნის სერიებისა და სახსრების კომპრესიისაგან. ვილბერგერის ტექნიკა შეიძლება სასარგებლო იყოს თქვენი შვილისთვის, თუ მას სენსორული ინფორმაციის გადამუშავების და ინტეგრაციის დარღვევა,ჰიპერაქტიურობა, განსაკუთრებით კი სენსორული დაცვა აქვს გამოხატული. ადამიანები, რომლებიც სენსორული დაცვის ნიშნებს ავლენენ, ძალიან მგრძნობიარენი არიან შეხების მიმართ. მათ ხშირად ეშინიათ ან წინააღმდეგობას უწევენ შეხებას, უჭირთ ერთი აქტივობიდან მეორეზე გადართვა და შეიძლება ლეთარგიულები იყვნენ.
ვილბერგერის პროტოკოლი გულისხმობს სხეულის დავარცხნას პატარა, ქირურგიული ჯაგრისის გამოყენებით, მთელი დღის განმავლობაში. დავარცხნის სერიებს მოჰყვება სახსრების ნაზი კომპრესია. მთლიანი ტექნიკა, როგორც წესი, 2-3 წუთს საჭიროებს განსახორციელებლად. პირველი ნაბიჯია რბილი, პლასტიკური, სენსორული ჯაგრისის გამოყენება, რომელსაც ამოძრავებთ ბავშვის სხეულზე მყარი ზეწოლის გამოყენებით. ეს ღრმა მასაჟის მსგავსია. დავარცხნა იწყება მკლავებით და სრულდება ტერფებით. სახე, გულ-მკერდი და მუცელი არ ივარცხნება, რადგან ისინი ძალიან სენსიტიური ზონებია. ამ ადგილების სტიმულაციამ შეიძლევა არასასურველი რეაქციები გამოიწვიოს, როგორიცაა ღებინება.
დავარცხნის თერაპია თავიდან რეკომენდირებულია ჩატარდეს ყოველ 2 საათში, ბავშვის ღვიძილის პერიოდში, სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში. თერაპევტი მიღებულ შედეგებს და მდგომარეობას ყოველ 2 კვირაში ამოწმებს. გარკვეულ ეტაპზე შეიძლება მან პროგრამა შეცვალოს, პროცედურის ყოველდღიური ხანგრძლივობა შეამციროს და საბოლოოდ, პროტოკოლი მხოლოდ საჭიროებისამებრ შეასრულოთ (მაგ, როდესაც ბავშვი სენსორული დისრეგულაციის ნიშნებს ავლენს).ვილბერგერის პროტოკოლის შესახებ ჩატარებული კვლევების რაოდენობა არც ისე ბევრია. თუმცა, ბევრი აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვის მშობელი აღნიშნავს ტაქტილური დაცვისა და შფოთვის შემცირებას ამ ტექნიკის გამოყენების შემდეგ.
როგორც წესი, მასაჟი ჯაგრისით ხდება შიშველ კანზე, ჯაგრისი მოთავსებულია ჰორიზონტალურად და ზეწოლა არის ღრმა. თუ ბავშვი ძალიან სენსიტიურია, შეგიძლიათ ჯაგრისი ამოძრაოთ ვერტიკალურად, ტანსაცმლის ზედაპირზე.
დაუსვით ჯაგრისი მკლავების და ფეხების გასწვრივ ზევით და ქვევით. თითო ხელისა და ფეხის გულს ეთმობა 5 წამი. დაუსვით ხერხემლის გასწვრივ ზევით და ქვევით 3-ჯერ.
სახსრების კომპრესია შეიძლება განხორციელდეს მანუალურად, ან ბავშვის მიერ შესრულებული მოქმედებებით. სახსრების კომპრესია უნდა განმეორდეს 10-ჯერ, თითოეული მასაჟის შემდეგ. სახსრების კომპრესიის მოძრაობებით შესრულებისას ბავშვმა შეიძლია იხტუნოს იატაკზე ან ბატუტზე, ან გააკეთოს აზიდვები. ხოლო, სახსრების კომპრესია მანუალურად სრულდება შემდეგნაირად (თითოეული მოძრობა უნდა შესრულდეს 10-ჯერ):
ყოველთვის შეასრულეთ ეს მანევრები ტრენირებული ოკუპაციური თერაპევტის ზედამხედველობის ქვეშ.
ასევე, თერაპევტმა შეიძლება გირჩიოთ ორალურ-ტაქტილური ტექნიკა. ამ ტექნიკის შესრულებისას ხდება პირის ღრუს ლორწოვანზე თითის გადასმა. ეს სასარგებლოა იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ორალური დაცვა აღენიშნებათ (უჭირთ საკვების მიღება მისი ტექსტურის გამო, ან ვერ იტანენ კბილების გახეხვას.)
თუ თქვენ თვლით, რომ ვილბერგერის მეთოდი თქვენი შვილისთვის სასარგებლო იქნება, მნიშვნელოვანია, სწორი მითითებები მიიღოთ ოკუპაციური თერაპევტისგან. ის უნდა იყოს ტრენირებული სენსორული ინტეგრაციის მიმართულებით და კარგად იცნობდეს ვილბერგერის პროტოკოლს. პროფესიონალის გარეშე ტექნიკის ჩატარება შეიძლება არ აღმოჩნდეს ეფექტური და ბავშვისთვის ძალიან არაკომფორტული იყოს.
წყარო: allabouttherapyforkids.com