როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ბავშვს კბილი სტკივა

03-10-2022

კბილის ტკივილი ბავშვებში -  როგორ მოვიქცეთ ამ დროს?

ბავშვებში სტომატოლოგიური პრობლემები ხშირად მოულოდნელად იჩენს თავს. განსაკუთრებით სანერვიულოა ხოლმე,  თუ ბავშვს კბილი  ისეთ დროს და ადგილას ასტკივდა, სადაც სტომატოლოგი ახლოს არ არის.  როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? რას გვირჩევენ პროფესიონალი სტომატოლოგები?

სანამ  ბავშვებსა და თუნდაც მოზარდებს რაიმე სახის დახმარებას აღმოუჩენთ, განსაკუთრებით - სახლის პირობებში, აუცილებელია გქონდეთ წარმოდგენა მათ ზოგად ფიზიოლოგიაზე. განვიხილოთ ის სამი ძირითადი მახასიათებელი, რომლის შესახებაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს.

1. ბავშვის ორგანიზმში ნებისმიერი ანთებითი პროცესი ხშირ შემთხვევაში ელვისებური სისწრაფით მიმდინარეობს: რაც მოზრდილებში შეიძლება გაგრძელდეს ერთი ან ორი კვირა, ბავშვმა შესაძლოა ორ დღეში გადაიტანოს. თუ კბილებზე ვისაუბრებთ, მაშინ, თუ ზრდასრულ ადამიანს კბილი შესაძლოა ერთი-ორი კვირა ან თუნდაც მთელი თვე აწუხებდეს, ბავშვებში ეს პროცესი ძალიან სწრაფად ვითარდება და მაგალითად, დღეს თუ ასტკივდა, ხვალ შესაძლოა უკვე რთულ ფორმაში გადაიზარდოს. 

2. კბილის ტკივილი, როგორც ასეთი, ბავშვებში იშვიათობაა. კბილის გაფუჭების პროცესი ხშირ შემთხვევაში შესაძლოა უსიმპტომოდაც კი განვითარდეს. ბავშვს შესაძლოა კბილი სულ არ სტკიოდეს, უბრალოდ ჰქონდეს დისკომფორტის შეგრძნება. როგორც კი ბავშვს მსგავს რამეს შენიშნავთ, სასწრაფოდ მიიყვანეთ ექიმთან. 

3. ნებისმიერი ანთებითი პროცესი ბავშვებში ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებით მიმდინარეობს. ბავშვს აქვს გამოხატული უხასიათობა, არის მოწყენილი, უენერგიო და ასევე აღენიშნება ტემპერატურის მომატება

კბილის ტკივილი, კბილი, სტომატოლოგი, კბილის ტკივილი ბავშვებში,


კბილის ტკივილის დროს პრობლემის სახლის პირობებში მოგვარება თითქმის არარეალურია, ამიტომ უმჯობესია სწრაფად მიმართოთ ექიმს. თვითმკურნალობამ და ლოდინმა, სანამ პრობლემა თავისით მოგვარდება, შესაძლოა სავალალო შედეგამდე მიგიყვანოთ. კბილის ტკივილი შესაძლოა სწრაფად გადაიზარდოს ანთებით პროცესში და დააზიანოს ფესვი.  
კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, თუ ბავშვმა კბილის ტკივილი იგრძნო, ყველაზე დიდი, შეგიძლიათ დაიცადოთ ორი დღე, ამის შემდეგ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
კბილის ტკივილის ყველზე ხშირი გამოვლინება ბავშვებში ლოყებია, შესაძლოა ბავშვი ტკივილს არც უჩიოდეს, მაგრამ თუ ლოყები დაუსივდა, ე.ი ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. 

ამ დროს მშობელმა შეიძლება მისცეს ბავშვს იბუპროფენი ან პარაცეტამოლი. აუცილებელია დაიცვათ დოზირება ასაკის მიხედვით. 
იმასაც გაგახსენებთ, რომ ეს წამლები ბავშვს მდგომარეობას მხოლოდ შეუმსუბუქებს, პრობლემას ვერ მოაგვარებს. 
დასკვნა კი შემდეგია: პირველივე სიმპტომების გამოვლენის დროს აუცილებლად მიმართეთ ექიმს, საოჯახო აფთიაქში აუცილებლად იქონიეთ სიცხის დამწევი და  ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას და ხალხურ მედიცინას. ეს შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი შვილის ჯანმრთელობისთვის.  

ასევე დაგაინტერესებთ: