რატომ არის აუცილებელი ფტორი ბავშვებისთვის?

21-04-2022

ფტორის ანიონი არის ბუნებრივი ნაერთი, რომელიც შედის სასმელი წყლის, კბილის პასტის ან პირის სავლების შემადგენლობაში. ფტორი იცავს კბილებს დაზიანებისაგან, კარიესის ფორმირებისაგან და აძლიერებს მათ.ქვემოთ მოცემულია ხშირად დასმული კითხვები ფტორის მოქმედების შესახებ.

რა სარგებელი აქვს ფტორს ბავშვებისთვის?
ფტორი არის ბუნებრივი მინერალი, რომელიც ხელს უშლის ან ანელებს კარიესის წარმოქმნის პროცესს. პირის ღრუში არსებული ბაქტერიები შაქართან კომბინაციაში წარმოქმნიან მჟავას, რომელიც აზიანებს კბილების გარე ფენას, მინანქარს. ფტორი იცავს და აღადგენს მინანქარს. მიღებული პრაქტიკაა ონკანის წყლის ფტორიდით გამდიდრება კარიესის პრევენციის მიზნით. რეკომენდირებულია, რომ ბავშვებმა მიიღონ დიდი რაოდენობით წყალი და გაიხეხონ კბილები ფტორის შემცველი კბილის პასტით. 
უსაფრთხოა ფტორიდის შემცველი წყალი ბავშვებისთვის?
დიახ. ამერიკის პედიატრთა და სტომატოლოგთა ასოციაცია და დაავადებათა კონტროლის ცენტრი თანხმდება, რომ სასმელი წყლისთვის ფტორის დამატება უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა კარიესის პრევენციისთვის. ონკანის წყალში ფტორის დამატებამ კარიესის შემთხვევები 25%-ით შეამცირა.
როდის უნდა დაიწყოს ბავშვმა ფტორის შემცველი კბილის პასტის გამოყენება? 
ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციით 3 წლამდე ასაკის ბავშვებმა, პირველივე კბილების გამოჩენისთანავე, მცირე ოდენობის ფტორის შემცველი კბილის პასტით უნდა გაიხეხონ კბილები, დღეში ორჯერ. 
როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ჩვენი ონკანის წყალი არ არის გამდიდრებული ფტორით?
თქვენ შეგიძლიათ თქვენი რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობაში გაარკვიოთ ემატება თუ არა ონკანის წყალს ფტორიდი. თუ ეს არ ხდება,  ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, რომ შეიძინოთ ფტორით გამდიდრებული სასმელი წყალი ან ბავშვისთვის ფტორის წვეთები ან ტაბლეტები დაგინიშნოთ.
როგორ უნდა მოიქცეთ თუ ძუძუთი კვებაზე ხართ ან ხელოვნურ საკვებს აჭმევთ ბავშვს?
თუ თქვენი შვილი 6 თვემდე ასაკისაა და დედის რძით ან ხელოვნური საკვებით იკვებება, მას არ ესაჭიროება საკვებში ფტორიდის დამატება. 
რა არის კბილის ფლუორიზი?
ფლუორიზის დროს კბილის ზედაპირზე თეთრი ფერის მკრთალი ზოლები ჩნდება. ხშირად ეს მხოლოდ სტომატოლოგისთვისაა შესამჩნევი. ფლუორიზის მსუბუქი ფორმა არ იწვევს კბილის ტკივილს და არ ახდენს გავლენას მის ფუნქციაზე ან სიჯანსაღეზე.
ხელოვნურ საკვებში ფტორიდით გამდიდრებული წყლის შერევამ შეიძლება ფლუორიზის მსუბუქი ფორმა გამოიწვიოს ჩვილ ბავშვებში.
მას შემდეგ რაც ბავშვი სარძევე კბილებს მოიცვლის და მუდმივი კბილები ამოუვა (რაც 8 წლის ასაკისთვის ხდება) ფლუორიზის რისკიც გაქრება.

healthychildren.org