ყურის ტკივილი ბავშვებში: ნიშნები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა 

28-04-2022

ყურის რა დაავადებები გვხვდება ბავშვებში ყველაზე ხშირად?

ჩვილებში ყველაზე ხშირად გვხვდება შუა ყურის ინფექცია. შუა ყური არის ყურის ნაწილი, რომელიც შეიცავს ყურის ვიბრაციულ ძვლებს. ეს ჰაერით სავსე სივრცეა, რომელიც დაფის აპკის უკან მდებარეობს. შუა ყური ხშირად ხელსაყრელი ადგილი ხდება მიკროორგანიზმების ზრდისთვის. ყურის ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის მომატებული გაღიზიანებადობა. მკურნალობის გარეშე მას შეიძლება მოჰყვეს შეუქცევადი გართულებები. ვინაიდან ბავშვებს არ შეუძლიათ სიტყვებით თავიანთი დისკომფორტის გამოხატვა, ყურის ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნების ცოდნა გადამწყვეტია ინფექციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად. 

ყურის ინფექციების ოთხი ტიპი არსებობს:
1.    მწვავე შუა ოტიტი: შუა ყურის მწვავე ანთება. მწვავე შუა ოტიტი შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული და არის ბავშვთა ყურის ინფექციის ყველაზე გავრცელებული ტიპი. მას ჩვეულებრივ რესპირატორული ინფექციები იწვევს.
2.    შუა ოტიტი შეგუბებით: ამ ტიპის ყურის ინფექციის დროს ხდება სითხის დაგროვება ყურის არხში. ეს სითხე შეიძლება არ იყოს ინფიცირებული და თან ახლავს სხვა სიმპტომები, როგორიცაა დაქვეითებული სმენა, ცხელება ან ჩირქის დაგროვება. 
3.    ქრონიკული შუა ოტიტი შეგუბებით: ეს ხდება მაშინ, როდესაც შუა ყურში სითხე დიდხანს რჩება და ინფიცირდება. შუა ყურში სითხის მუდმივმა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის სმენაზე.
4.    ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი: ეს არის ყურის გახანგრძლივებული ინფექცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყურის აპკის რღვევა და გამონადენი ყურიდან. ის წარმოადგენს მწვავე შუა ოტიტის გართულებას.

რატომ არიან ბავშვები უფრო მიდრეკილნი ყურის ინფექციებისკენ? 

არსებობს სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ყურის ინფექციები ხშირია ბავშვებში:
1. განუვითარებელი იმუნიტეტი: ბავშვის იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ვითარდება. აქედან გამომდინარე, მათ ორგანიზმს მეტი დრო სჭირდება, რათა ამოიცნოს და ებრძოლოს ნებისმიერ ინფექციას.
2. მოკლე ევსტაქის მილები: ევსტაქის მილი აკავშირებს შუა ყურს ყელის უკანა ნაწილთან. მოზრდილებში ევსტაქის მილი დახრილია და ყურებიდან ზედმეტ სითხეს ადვილად გამოყოფს. თუმცა, ჩვილებში მილი უფრო პატარა და სწორი ტრაექტორიისაა. შედეგად, არსებობს სითხის დაგროვების უფრო მაღალი რისკი, რაც აქცევს მას პათოგენების პოტენციურ  თავშესაფრად.
3. შეშუპებული ადენოიდები: ადენოიდი არის ნუშისებრი ჯირკვლის და ლიმფური სისტემის ნაწილი და იმუნური სისტემის ორგანო. ის მდებარეობს ევსტაქის მილების მახლობლად. ადენოიდს შეუძლია ვირუსების და ბაქტერიების დაჭერა. თუმცა, ზოგჯერ ამ პათოგენებმა შეიძლება გამოიწვიოს ნუშურა ჯირკვლების დაინფექცირება, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ყურზე ევსტაქის მილის გავლით. 

რამდენ ხანს გრძელდება ყურის ინფექციები ბავშვებში?

ჩვილებში ყურის ინფექციების უმეტესობა გამოწვეულია სხვა რესპირატორული ინფექციებით. ასეთ შემთხვევებში, ჩვეულებრივ, ინფექცია თავისთავად ქრება ორ ან სამ დღეში. თუმცა, თუ ყურის ინფექცია გაგრძელდა სამ დღეზე მეტ ხანს, ის შეიძლება ქრონიკული გახდეს. ყურის ქრონიკული ინფექცია შესაძლოა ექვსი კვირის ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს.

რა იწვევს ყურის ინფექციას? 

•    გაციება: ვინაიდან ყურის არხი და სასუნთქი გზები ერთმანეთთან დაკავშირებულია, გაციების დროს მიკროორგანიზმმა შეიძლება მიაღწიოს ყურებამდე. ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს შუა ყურში სითხის დაგროვება, რაც მიკროორგანიზმების ზრდისთვის ოპტიმალურ გარემოს ქმნის. 
•    სინუსიტი: ამ მდგომარეობას ახასიათებს წიაღებისა და ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება. შეშუპება ქმნის ზეწოლას ყურზე და იწვევს ყურის ინფექციას.
•    კვებისას ბოთლის მაღლა დაჭერა: როდესაც ბავშვი წევს ზურგზე და ბოთლი გვიჭირავს მისი სახის მაღლა, რძე გროვდება პირის ღრუში და შემდეგ სწრაფად მიედინება ყელის უკანა მხარეს, საიდანაც ის შეიძლება ევსტაქის მილის გავლით შუა ყურში მოხვდეს. შუა ყურში მოხვედრის შემდეგ რძე შეიძლება სწრაფად ვერ გამოიდევნოს და გახდეს ყურის ინფექციების გამომწვევი მიზეზი და პათოგენების გამრავლების საფუძველი.

ყურის ტკივილი, ოტიტი,

რა არის ყურის ინფექციასთან ასოცირებული სიმპტომები?

•    ყურის ტკივილი: თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვი ხელს ყურზე იჭერს ან ქაჩავს მას, ეს შეიძლება იყოს ყურის ტკივილის ნიშანი. მას ასევე შეიძლება უჭირდეს დაძინება, იყოს ჭირვეული და ხშირად ტიროდეს. 
•    ცხელება: ცხელება შეიძლება აღინიშნებოდეს მანამ, სანამ ყურის ინფექცია შესამჩნევი გახდება. ცხელება ჩვილებში ყურის ინფექციის გავრცელებული ნიშანია. 
•    სმენის დაქვეითება: შუა ყურში სითხის დაგროვებამ შეიძლება შეაფერხოს ბგერის გავლა და შეამციროს ბავშვის სმენის უნარი. თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ ბავშვის დაგვიანებული რეაქციები თქვენს ხმაზე.
•    მადის დაქვეითება: ბავშვმა შეიძლება იგრძნოს ტკივილი პირის ღრუს გაღების დროს ევსტაქის მილების შეშუპების გამო. ამის გამო მან შეიძლება უარი თქვას საკვებზე.
•    გამონადენი: ყურიდან მოყვითალო სითხის გამოყოფა ყურის ინფექციის ხშირი ნიშანია. სითხის  გამოყოფა მიუთითებს ჩირქის დაგროვებაზე და შეიძლება ინფექციის დასაწყისში არ აღინიშნებოდეს. 

რა არის ყურის ინფექციის რისკის ფაქტორები? 

•    ასაკი: ექვსი თვიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვები უფრო მიდრეკილნი არიან ყურის ინფექციებისკენ მოკლე ევსტაქის მილების გამო.
•    ჩვილები, რომლებიც იკვებებიან ბოთლით: თუ ბოთლით კვებაზე მყოფ ბავშვებს კვებავენ ზურგზე წოლისას, მათ აქვთ ყურის ინფექციის განვითარების გაზრდილი რისკი.
•    სასის ნაპრალი: სასის ნაპრალის მქონე ბავშვებს აქვთ განსხვავებული ძვლის სტრუქტურა, რაც ართულებს ევსტაქის მილებიდან სითხის გადინებას.
•    დაბინძურება: ჰაერის დაბინძურება, მათ შორის თამბაქოს კვამლი, ზრდის ზედა სასუნთქი გზების და ყურის ინფექციების განვითარების რისკს. 
•    სეზონური ალერგიები: ყურის ინფექციები შეიძლება ხშირი იყოს ალერგიის სეზონზე. შემოდგომა და ზამთარი არის სეზონები, როდესაც ალერგიული რეაქციები ყველაზე ხშირია. ალერგიამ შეიძლება გაზარდოს შუა ყურში სითხის დაგროვების რისკი.
•    ბაგა-ბაღი: ბაღში ბავშვი ხვდება მეტ ვირუსულ და ბაქტერიულ აგენტს. 

როგორ ხდება ყურის ინფექციის დიაგნოსტირება? 

•    ბავშვის სამედიცინო ისტორია: ექიმმა შეიძლება იკითხოს, გადაიტანა თუ არა ბავშვმს რაიმე ინფექცია, განსაკუთრებით რესპირატორული ინფექცია, ცოტა ხნის წინ. ექიმმა შეიძლება ასევე იკითხოს, ჰქონდა თუ არა ბავშვს წარსულში ყურის ინფექცია და რამდენ ხანს გრძელდებოდა სიმპტომები. 
•    ფიზიკური გამოკვლევა: მოწყობილობა, სახელწოდებით პნევმატური ოტოსკოპი, გამოიყენება ყურის არხის შესასწავლად. ექიმი ოტოსკოპის გამოყენებით ჰაერს უბერავს ბავშვის ყურში. ჯანსაღი დაფის აპკი ამ დროს ირხევა. თუმცა, თუ ყური ინფიცირებულია, დაფის აპკი ოდნავ ან საერთოდ არ მოძრაობს, რაც მიუთითებს, რომ შუა ყურში, დაფის აპკის უკან, სითხეა.
•    ტიმპანომეტრია: ეს მოწყობილობა ხელს უწყობს ყურის ინფექციის გამოვლენას დაფის აპკის მოძრაობის შესწავლით. მოწყობილობას აქვს სპიკერი და მიკროფონი. იზომება დაფის აპკის მოძრაობა სხვადასხვა ტონებისა და წნევის შესაბამისად. მოძრაობის დაქვეითება შეიძლება მიუთითებდეს ყურის ინფექციაზე. 

ყურის ტკივილი,

როგორ მკურნალობენ ყურის ინფექციას? 

თუ ყურის ინფექცია არ არის მძიმე, ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ დააკვირდეს მდგომარეობას ორიდან სამ დღემდე. თუ ყურის ინფექცია შემცირდა ამ დაკვირვების დროში, შემდგომი მკურნალობა შეიძლება საჭირო არ გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში განიხილება ერთ-ერთი შემდეგი მკურნალობის გეგმა:
•    ანტიბიოტიკები: ანტიბიოტიკები არ უნდა წარმოადგენდეს პირველად სამკურნალო საშუალებას. განმეორებითმა ანტიბიოტიკურმა მკურნალობამ შეიძლება გახადოს ბავშვი ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული და გავლენა მოახდინოს მომავალში სამედიცინო დახმარების ხარისხზე. ანტიბიოტიკები შეიძლება დაინიშნოს, თუ ინფექცია გრძელდება დაკვირვების პერიოდის შემდეგ. ისინი შეიძლება დაინიშნოს პერორალური ფორმით ან ყურის წვეთების სახით. თუ ექიმი დანიშნავს ანტიბიოტიკს, დაიცავით დადგენილი კურსი. არ შეწყვიტოთ გამოყენება დანიშნული კურსის დასრულებამდე იმ შემთხვევაშიც თუ ტკივილი და ინფექციის ნიშნები გაქრება.
•    ტკივილგამაყუჩებლები: ექიმმა შეიძლება დანიშნოს მედიკამენტები, როგორიცაა აცეტამინოფენი. ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი წამალი უნდა იქნას გამოყენებული ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. არასოდეს მისცეთ ბავშვს ასპირინი, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს რეიეს სინდრომი.
•    ყურის მილები: ასევე ცნობილია როგორც ტიმპანოსტომიის მილები და გამოიყენება ქრონიკული ყურის ინფექციების სამკურნალოდ. ეს პროცედურა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ ანტიბიოტიკებით მკურნალობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მილები უნდა მოთავსდეს ბავშვის ყურში რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში. მილი ხელს უწყობს ინფიცირებული შუა ყურებიდან ჩარჩენილი სითხის გამოდევნას. მილების ინსტალაცია უვნებელია და მხოლოდ ათწუთიანი პროცედურაა.
•    ქირურგია: ქრონიკული შუა ოტიტის ქირურგიული მკურნალობა ჩვეულებრივ შეიძლება იყოს შემოთავაზებული ჩვილებისთვის, რომლებსაც აქვთ სხვა, თანმხლები დაავადებები, როგორიცაა სასის ნაპრალი ან დაუნის სინდრომი. 

რა მოხდება, თუ ბავშვის ყურის ინფექციას არ ვუმკურნალებთ? 

რამდენიმე გართულება შეიძლება წარმოიშვას არანამკურნალევი და განმეორებადი ყურის ინფექციების შედეგად:
•    ქოლესტეატომა: ეს არის ქსოვილის ანომალური ზრდა დაფის აპკზე ან მის უკან. ამ წანაზარდმა შეიძლება გამოიწვიოს დაბრკოლება ყურიდან სითხის გადინებისთვის. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს სმენის მსუბუქი დაქვეითება და ცვლილებები ყურის ძვლების სტრუქტურაში.
•    სმენის დაქვეითება: ყურებში სითხის დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის დროებითი ან მუდმივი დაქვეითება.
•    დაფის აპკის რღვევა: სითხის ქრონიკული დაგროვება და შუა ყურის ინფექცია იწვევს ზეწოლას დაფის აპკზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს ყურის აპკის რღვევა.
•    მასტოიდიტი: დვრილისებრი ძვალი (მასტოიდი) იცავს ყურის ნაზ ნაწილებს. შუა ყურის ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს მასტოიდიტი, ძვლის შიდა საფარის ანთება.
•    მენინგიტი: თავის ტვინის გარსების ანთებას მენინგიტი ეწოდება. ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში თუ ყურის ინფექციის პათოგენები თავზურგტვინის სითხეში შეაღწევენ. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გართულებები, მათ შორის ტვინის დაზიანება.

როგორ ავიცილოთ თავიდან ყურის ინფექცია ბავშვებში? 

•    ვაქცინაცია: 13-ვალენტიანი პნევმოკოკური კონუგირებული ვაქცინა (PCV13) იცავს 13 ტიპის ბაქტერიული ინფექციისგან. რაც უფრო ნაკლებად განვითარდება ორგანიზმში ეს ინფექციები, მით ნაკლები იქნება მეორადი ყურის ინფექციის განვითარების შანსი.
•    მოერიდეთ ალერგენებს: მოარიდეთ ბავშვი ალერგენებს და გამღიზიანებლებს, როგორიცაა მტვერი, შინაური ცხოველების ბეწვი, თამბაქოს კვამლი და მანქანის გამონაბოლქვი. მოერიდეთ ბავშვის წაყვანას საჯარო ადგილებში, სადაც ეწევიან.
•    ძუძუთი კვება: დედის რძე შეიცავს ანტისხეულებს, რომლებიც აძლიერებენ ბავშვის იმუნიტეტს. ამიტომ, თუ შეგიძლიათ ძუძუთი კვება, უპირატესობა მიანიჭეთ დედის რძეს.
•    მოერიდეთ დაინფიცირებულ ადამიანებს: მოარიდეთ ბავშვი ოჯახის წევრებს და დაავადების სიმპტომების მქონე სხვა პირებს. ავადმყოფობისას სთხოვეთ ოჯახის წევრებს დაიცვან დისტანცია და მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვის გარშემო ყოფნისას. 
•    შეცვალეთ კვების პოზიცია: აჭამეთ ბავშვს ბოთლით გამართულ ან მჯდომარე პოზიციაში.
•    ხშირად დაიბანეთ ხელები: პირადი ჰიგიენის დაცვა დაიცავს ბავშვს გადამდები ინფექციებისგან. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და თბილი წყლით 20 წამის განმავლობაში. 

როდის მივმართოთ ექიმს?

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ შეამჩნევთ შემდეგ ნიშნებს:
•    სიმპტომები გრძელდება სამი დღის განმავლობაში.
•    ინფექცია ხშირად მეორდება და ანტიბიოტიკებით მკურნალობა არ არის ეფექტური.
•    ბავშვს აქვს მოუსვენრობა და გამოხატავს ძლიერი ტკივილის ნიშნებს.
•    ყურის ინფექცია აქვს ექვს თვემდე ასაკის ბავშვს. 
•    ჩირქოვანი ან სისხლის შემცველი გამონადენი ყურიდან. 
•    უსიამოვნო სუნი ბავშვის ყურიდან.
•    სიმპტომები როგორიცაა წონასწორობის დაკარგვა, დაქვეითებული რეაქციები, კისრის კუნთების გამაგრება, ან ცხელება. 

წყარო: momjunction.com

ასევე დაგაინტერესებთ: