ყელ-ყურ-ცხვირის პრობლემები ჩვილებში

08-09-2021

 რა იწვევს ჩვილ ბავშვებში ყურის ტკივილის და რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს?  რა არის ენის ლაგამი და რა პრობლემას უქმნის ის ბავშვს? ყელ-ყურ-ცხვირის რა დაავადებები გვხვდება წლამდე ასაკის ბავშვებში ამ თემებზე გვესაუბრება ჩაჩავას კლინიკის ოტორინოლარინგოლოგი, გაგა ყულიაშვილი:

რა იწვევს ჩვილ ბავშვებში ყურის ტკივილის და რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს? 
ყურის ტკივილის მიზეზი, განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებში, ყველაზე ხშირად, შუა ყურის მწვავე ანთებაა. საფუძველი აქაც ცხვირის და შუა ყურის ანატომიურ აგებულებასა და მათ მჭიდრო კავშირშია. საქმე იმაში გახლავთ, რომ ევსტაქის მილი, ბავშვებში ბევრად მოკლე, ფართეა და აქვს უფრო ჰორიზონტალური მდებარეობა, ვიდრე ზრდასრულ ადამიანებში. ანატომიის ასეთი ასაკობრივი თავისებურება, ხელშემწყობი ფაქტორია, ევსტაქის მილის გზით, შუა ყურში მარტივად მოხვდეს, როგორც ცხვირის ღრუში ჩამონადენი, ისე თხევადი საჭმელი, ან ამონაღები მასაც კი. ასეთ დროს შუა ყურის მწვავე ანთება მარტივად ვითარდება, რომლის უმთავრესი ნიშანი სწორედ ყურის ტკივილია. როგორ უნდა მივხვდეთ, ყური სტკივა ბავშვს, თუ სხვა მიზეზით ჭირვეულობს? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი გახლავთ ჭამაზე და საწოვარაზე უარის თქმა. მიზეზი, წოვისას და ყლაპვისას ყურის ტკივილის გაძლიერებაა, შუა ყურში უარყოფითი წნევის მომატების გამო. ამიტომ, ყურის ტკივილზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, საჭიროა მაშინვე მიმართოთ ოტორინოლარინგოლოგს, რომ დროულად მოხდეს დიაგნოსტიკა და ადექვატური მკურნალობის დანიშვნა.  

ხშირად მშობლები თვითნებურად აწვეთებენ ბავშვებს ყურში ტკივილგამაყუჩებელ წვეთებს. რა შეიძლება გამოიწვიოს თვითმკურნალობამ? 
ეს არის ხშირი შეცდომა, რომელსაც მდგომარეობის გაუარესება შეუძლია. რატომ? ყურის ტკივილი შესაძლოა გამოწვეული იყოს გარეთა სასმენი მილის, ან  შუა ყურის მწვავე ანთებით. ასევე შესაძლებელია საერთოდ არ იყოს ყურის ტკივილის მიზეზი თავად ყური და ტკივილის შეგრძნება მეზობელი მიდამოებიდან  გადაეცემოდეს (ზედა ყბის კბილებიდან, ყელიდან, კისრის მიდამოდან და სხვა). შუა ყურის მწვავე ანთების დროს, ანთებადი სითხე გროვდება დაფის აპკის შიგნით არსებულ დაფის ღრუში. დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში  შესაძლოა სითხის ზეწოლამ გამოიწვიოს დაფის აპკის დაზიანება/გახვრეტა მის ყველაზე სუსტ მიდამოში და ყურიდან გაჩნდეს გამონადენი. ამ სიტუაციაში ტკივილგამაყუჩებელი წვეთის გამოყენება დაუშვებელია, რადგან არ შეიძლება მსგავსი მედიკამენტის დაფის ღრუში მოხვედრა, ლორწოვან გარსზე გამაღიზიანებელი ზემოქმედების გამო. თავის მხრივ, ყურიდან გამონადენი, შეიძლება გარეთა სასმენი მილის ანთებასაც ახლდეს, რომლის დროსაც კანის ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. ეს უკანასკნელი ტკივილგამაყუჩებელი წვეთების გამოყენების წინააღმდეგჩვენებას არ წარმოადგენს. ამიტომ არის აუცილებელი ყურის ტკივილის დროს ექიმთან დროული ვიზიტი, სწორი დიაგნოზის დასასმელად და შესაბამისი მკურნალობის დასანიშნად.   

წლამდე ასაკის პატარებში, ყველაზე ხშირად, ყელ-ყურ-ცხვირის რა დაავადებები გვხვდება? რა სიმპტომები აქვს მათ და როდის უნდა მივმართოთ ექიმს. 
საკმაოდ ხშირი თანდაყოლილი პათოლოგიაა ანკილოგლოსია, ანუ ენის მოკლე ლაგამი. სხვადასხვა მონაცემით, ახალშობილთა 4-10%-ში გვხვდება და ხასიათდება ენის მოძრაობის შეზღუდვით, რაც ხელს უშლის ჩვილს კვებაში, ხოლო მეტყველების სწავლის პროცესში სისინა და შიშინა ბგერების წარმოთქმას ართულებს. ენის შეზღუდული მოძრაობის გამო, ჩვილი ვერ ახერხებს ძუძუს თავის (ან ბოთლის საწოვარას) მჭიდროდ მოთავსებას ენასა და სასას შორის, შედეგად ვერ ქმნის საჭირო ვაკუუმს საკმარისი  რძის გამოსაქაჩად, კვებას ანდომებს დიდ დროს, ხარჯავს ჭარბ ენერგიას, იღლება და ჭირვეულობს.

ძუძუს წოვისას ჩვილი გამოქაჩულ რძესთან ერთად ჰაერსაც ყლაპავს და წოვის პროცესი ზედმეტად ხმაურიანი ხდება.  როგორც წესი, ენის მოკლე ლაგამი სამშობიაროშივე ხდება შესამჩნევი სამედიცინო პერსონალისთვის და რეკომენდაცია ეძლევა მშობელს, დაბადებიდან ადრეულ პერიოდშივე მოხდეს კორექცია.  ენის ლაგამი ლორწოვანის ნაკეცს წარმოადგენს  და მკურნალობის მიზნით მისი ჩახსნაა საჭირო. წლამდე ბავშვებში ასევე საკმაოდ ხშირია სურდო და მასთან დაკავშირებული შუა ყურის პრობლემები.
 

ახალშობილი ხშირად აცემინებს და აქვს სისველე ცხვირში, რამდენი დღე გრძელდება მისი ეს მდგომარეობა და შეგვიძლია თუ არა დავეხმაროთ?
ცხვირში სისველე და ცემინება ზედა სასუნთქი სისტემის სხვადასხვა პათოლოგიისთვის არის დამახასიათებელი. შესაბამისად განსხვავებულია მათი მიმდინარეობის სიმწვავე და ხანგრძლივობა. 
მწვავე სურდოს შემთხვევაში გვხვდება ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ცემინება, განსაკუთრებით სურდოს განვითარების პირველ დღეებში. ეს მდგომარეობა ძირითადად 7-10 დღე გრძელდება და ამ პერიოდში ცხვირის ღრუ საგულდაგულო გამოსუფთავებას საჭიროებს. გაითვალისწინეთ, რომ ჩვილებზე განსაკუთრებით მავნე ზეგავლენას ახდენს თამბაქოს კვამლი, რომლის ხანგრძლივი ზემოქმედების შემთხვევაში, უკვე 6 თვის ასაკში, შეიძლება განუვითარდეს ალერგიული რინიტი, რომლისთვისაც დამახასიათებელი სიპტომებია ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან გამჭვირვალე გამონადენი, ცემინება და სხვა. როგორც ხედავთ ცხვირის ღრუს სხვადასხვა პათოლოგია მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება, მკურნალობა კი დაავადების შესაბამისად განსხვავებულია.  სწორი დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია და მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს. გახსოვდეთ, თამბაქოს კვამლი, ალერგიული რინიტის გარდა, ბრონქული ასთმის ჩამოყალიბების საწინდარია. 

რამდენად უსაფრთხოა ცხვირის ასპირატორების გამოყენება?
პროცედურის ტექნიკურად სწორად შესრულების შემთხვევაში, ცხვირის ასპირატორის გამოყენება უსაფრთხოა. არ შეიძლება ასპირატორის უხეში ზეწოლა ცხვირის ნესტოზე, ასე შესაძლოა ცხვირის ძგიდე დავაზიანოთ. სახიფათოა ორივე ნესტოს ერთდროულად დახშობა. თუ რატომ, ეს ანატომიური აგებულებიდან გამომდინარეა. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ცხვირი და შუა ყური ერთმანეთთან დაკავშირებულია ე.წ. ევსტაქის მილით,  რომლის ფუნქციაა ცხვირიდან ყურში ჰაერის ნაკადის შეშვება, რათა დაფის აპკის შიგნით და გარეთ თანაბარი ატმოსფერული წნევა შენარჩუნდეს. თუ ცალ ნესტოზე მივაბჯენთ ასპირატორის ბუნიკს და მეორე ნესტოს თითით დავახშობთ, შესაძლოა ცხვირსა და შუა ყურში განვითარდეს უარყოფითი წნევა, რასაც დაფის აპკის დაზიანებამდე მივყავართ. ამიტომ გახსოვდეთ, რომ ასპირატორის გამოყენებისას საპირისპირო ნესტო ყოველთვის უნდა იყოს ღია.

პირის ღრუში ხშირად პატარებს აღენიშნებათ თეთრი წერტილები, ე.წ „ეპშტეინის მარგალიტი“ ,ხშირად მშობლები ამ შემთხვევაშიც მიმართავენ თვითმკურნალობას, რა შეიძლება ამან გამოიწვიოს?
„ეპშტეინის მარგალიტი“ პირის ღრუს თანდაყოლილი, მცირე ზომის თვითგანლევადი ერთეული კვანძი, ან ერთად განლაგებული 2-6 კვანძის ჯგუფია. ახალშობილთა 60%-ზე მეტ მათგანში გვხვდება და არანაირ მკურნალობას არ საჭიროებს. რამდენიმე კვირაში თავად განიცდის განლევას და ქრება. კვანძის მოცილების მცდელობით, მხოლოდ ტრავმას მივაყენებთ და ვავნებთ ჩვილს.  

საჭიროების შემთხვევაში, რამდენად უსაფრთხოა ცხვირის ლორწოვანის დასატენიანებლად ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენება? 
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხვირის ღრუს მოსაწესრიგებლად, ჩვილის ცხვირს, ფიზიოლოგიურზე უკეთეს ხსნარს ვერ შევთავაზებთ. იგი ჩამორეცხავს ცხვირის ღრუს ამომფენ ლორწოვანს, აუმჯობესებს მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციას (ლორწოვანი გარსის ტიპი, რომლითაც ამოფენილია ცხვირის ღრუ, დანამატი წიაღები და სასუნთქი სისტემის სხვა ნაწილები) და იჩენს დამატენიანებელ ეფექტს. შესაბამისად ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენება, ცხვირის ლორწოვანის დასატენიანებლად და ზოგადად, ცხვირის ღრუს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში და საჭიროების დროს.